წმიდა სამების საკათედრო ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საერთო ხედი
პანორამული ხედი
სამრეკლო
კანკელი

წმიდა სამების საკათედრო ტაძარი (ინგლ. Holy Trinity Cathedral) – თანამედროვე ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ძეგლი, მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში. მდებარეობს ქ. თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარში. აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.

აღწერილობა

ტიპოლოგიურად წმიდა სამების ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა სვეტზე დაყრდნობილი გუმბათით. ტაძარს შესასვლელი სამი მხრიდან – დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში დატანებული პორტიკებიდან აქვს. ამათგან მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია, რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. ტრიკონქის მკლავები გუმბათქვეშა სივრცესთან ერთად ტაძრის ერთიან მთავარ მოცულობას წარმოადგენს, რომელსაც მოხდენილად აგვირგვინებს მასიური გუმბათი. გუმბათის გარე რადიუსი 9,50 მ-ია. გუმბათის ყელს გარსშემოსავლელი ბაქანი შემოუყვება. ტაძრის დასავლეთ ფასადზე სამი სამიარუსიანი შვერილია, რომელთა პროპორციები მასიურს ქმნის ტაძრის საერთო მოცულობას. სამხრეთი და ჩრდილოეთი ფასადი ასევე საკმაოდ რთული კონსტრუქციითაა გადაწყვეტილი. ტაძრის ფასადის მორთულობის მხრივ, აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე მდიდრულია. აღმოსავლეთ შუა შვერილზე თითქოსდა მიდგმულია მრავალწახნაგა აფსიდა, რომელზეც მასიური ჩუქურთმადამშვენებული ჯვარია გამოსახული. ოთხივე ფასადი მრავალფეროვანი ორნამენტების მწკრივითა და თაღებითაა შემკული. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86,10 მ-ია (უშუალოდ ჯვრის კონსტრუქციის სიმაღლე 7,5 მ-ია). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი 14,07 მ-ის სიღრმეზეა, ქვედა სართულის იატაკი –13,07 მ-ზე (ამას ემატება ერთი მეტრის სისქის ფუნდამენტი). ნაგებობის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით, 100,17 მ-ია. წმ. სიგრძე – 70,450 მ, სიგანე – 64,68 მ-ია. სამების ტაძარი შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურის ტრადიციების დაცვითაა აგებული, ხოლო არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტით იგი უნიკალური ნაგებობაა ქართულ მართლმადიდებლურ სივრცეში. ტაძარი ორი – მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილისგან შედგება და აერთიანებს რვა ეკლესიას: მთავარანგელოზთა, იოანე ნათლისმცემელის, წმ. ნინოს, წმ. ანდრია პირველწოდებულის, ხარების, წმ. გიორგის, წმ. ნიკოლოზის და წმ. მოციქულთა, აგრეთვე ქვედა იარუსში განთავსებულ საეკლესიო მუზეუმს. სამების ტაძარი შთამბეჭდავია გარედანაც და შიგნიდანაც თავისი უზარმაზარი, საზეიმო შიდა სივრცით.

ეკლესია უხვადაა მორთული ქვაზე კვეთილობით, ხატებით (მათ შორისაა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ დაწერილი წმ. სამების ხატიც). ტაძრის საძირკველის კურთხევის ცერემონიალზე საძირკველს ჩააყოლეს წმინდა ადგილებიდან ჩამოტანილი სიწმინდეები, მაგ., მდინარე იორდანეს ქვა, მიწა იერუსალიმის წმ. ჯვრის ქართველთა მონასტრიდან, გოლოგოთისა და თაბორის მთიდან წამოღებული მიწა, ბაგრატიონთა სამეფო ტახტის ნაწილი სვეტიცხოვლიდან, წმინდანთა საფლავებიდან და საქართველოს სხვადასხვა მონასტრებიდან ჩამოტანილი ქვები და მიწა. ძველი ტრადიციის დაცვით საძირკველში ჩადეს ოქროს მონეტებიც. ტაძრის ირგვლივ უზარმაზარი სივრცე იშლება. ეზოში დგას სამრეკლო, წმ. ელიას ეკლესია, მამათა მონასტერი და სხვა ნაგებობები. ტაძარი თბილისის მრავალი წერტილიდან ჩანს.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები