ძველი შუამთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველი შუამთა

ძველი შუამთა – (ინგლ. Old Shuamta), V-VII საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერი. მდებარეობს კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, ქ. თელავიდან 7 კმ-ის დაშორებით, ტყეში. სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია და VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია.

სამნავიანი ბაზილიკა

სამნავიანი ბაზილიკა

V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა ქრისტიანული არქიტექტურის ადრეული საფეხურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია საქართველოში. ზომები გარედან მინაშენების გარეშე: სიგრძე – 10,8 მ; სიგანე – 9,2 მ და სიმაღლე 5,7 მ. VII საუკუნის გუმბათოვანი დიდი ეკლესია მცხეთის ჯვრის ტიპისაა, თუმცა მცხეთის ჯვართან შედარებით უფრო პატარაა – შემცირებულია აფსიდისა და ბემების სიღრმე, რის გამოც შენობის ფართობისა და მასის მიმართ გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ტრომპების კონსტრუქცია უფრო ნათლად არის გამოვლენილი და სხვ. ეკლესიის ზომებია: სიგრძე – 11,5 მ; სიგანე – 9,2 მ; სიმაღლე შიგნით – 12,0 მ. ეკლესია პრაქტიკულად პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

მცირე ეკლესია

მცირე გუმბათოვანი ეკლესია

VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია გეგმით ჯვრის ტიპისაა, რომლის ორივე ღერძი ტოლია (რადგან აფსიდების წინ არა აქვს ბემები). შუა კვადრატს ოთხივე მხარეს აფსიდები აკრავს, არის კუთხის ნიშებიც, მაგრამ აღარ არის კუთხის ოთახები. ეკლესიის ზომებია: სიგრძე 7,5 მ; სიგანე – 7,0 მ; სიმაღლე შიგნით – 7,5 მ.

ძველი შუამთის ეკლესიებს არ აქვთ რაიმე მორთულობა და წარწერები, როგორც ეს კახეთის ძეგლებს ახასიათებს. სამივე ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში კი შირიმია გამოყენებული. XVI საუკუნეში ეს მონასტერი დაცარიელდა და მის მახლობლად კახთა მეფე ლევან II-ის (1520-1574 წწ.) მეუღლემ, თინათინ გურიელმა, დააარსა შუამთის ახალი მონასტერი.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები