ციციშვილი პავლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ციციანოვი (ციციშვილი) პავლე

ციციანოვი (ციციშვილი) პავლე დიმიტრის ძე – (რუს. Павел Дмитриевич Цицианов; დ. 8 (19) სექტემბერი, 1754 — გ. 8 (20) თებერვალი, 1806), რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი, დიმიტრი პაატას ძე ციციშვილის ვაჟი.

მისი წინაპრები ვახტანგ VI-თან ერთად გადასახლდნენ რუსეთში. 1778 ციციანოვი უკვე პოდპოლკოვნიკია, ხოლო 1786 პოლკოვნიკი გახდა და გრენადერთა ლეგიონის უფროსად დაინიშნა. რუსეთ-თურქეთის ომში (1787-91) აქტიური მონაწილეობისათვის ციციანოვს 1793 წლის 2 სექტემბერს გენერალ-მაიორის ჩინში აამაღლეს. 1803 წლის 11 სექტემბერს გენერალ-ლეიტენანტი ციციანოვი დაინიშნა ინსპექტორად, კავკასიის ხაზით ასტრახანის სამხედრო გუბერნატორად და საქართველოს მთავარმართებლად. 1803 წლიდან ციციანოვი დიპლომატიური და ცბიერი დაპირებებით პეტერბურგსა და მოსკოვში გადაასახლა უკანასკნელ ქართველ მეფეთა შთამომავლობა – ბატონიშვილები. ციციანოვის საშინაო და საგარეო დიპლომატიის უმთავრეს ამოცანას შეადგენდა: 1. ამიერკავკასიისა და საერთოდ კავკასიის მაჰმადიანური სახანოების მფარველობა-დამორჩილება რუსული პოლიტიკის შესაბამისად და დასავლეთ საქართველოს (იმერეთის სამეფო, გურია-სამეგრელოს და აფხაზეთ-სვანეთის სამთავროები) ანექსია, ოღონდ იმ კორექტივით, რომ უპირველესად უნდა მომხდარიყო იმერეთის სამეფოს უშუალოდ დაპყრობა, შემდეგ კი სამთავროების დამორჩილება მფარველობა-პროტექტორატის გზით. 1802 წლის სექტემბერში ქ. გეორგიევსკში შეკრებილი კავკასიური სახანოების წარმომადგენლობას ციციანოვმა სამფარველო ხელშეკრულებები გაუფორმა და ამით დაადასტურა და მოიპოვა მათზე რუსეთის პოლიტიკური გავლენა. 1803 წლის დეკემბერში საჭილაოს ტრაქტატით, მას სამეგრელო და მისი მთავარი გრიგოლ დადიანი შეიყვანა რუსეთის მფარველობაში, რაც არაპირდაპირი პოლიტიკური გაფრთხილება იყო სოლომონ II იმერეთის მეფისა. 1804 წლის 25 აპრილს ციციანოვმა იმერეთის სამეფო ძალდატანებით შეიყვანა რუსეთის მფარველობაში (ელაზნაურის ტრაქტატი). ციციანოვი მოკლეს ბაქოს ციხის აღების დროს ჰუსვინ-ხანთან მოლაპარაკებისას 1806.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები