ცისკარიშვილი გაბრიელ
ცისკარიშვილი გაბრიელ დიმიტრის ძე - (1892, სოფ. ზემო ალვანი - 1.IX.1924) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
ბიოგრაფია
დაიბადა მასწავლებლის ოჯახში. გარკვეული პერიოდი სწავლობდა თელავში, სადაც პანსიონის დირექტორი იყო მისი მამა დიმიტრი, საშუალო განათლება თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიაში მიიღო, უმაღლესი განათლება კი - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1914 წლიდან რსდმ პარტიის მენშევიკურ ფრაქციას შეუერთდა. 1917 წლიდან საქართველოშია და მშობლიურ მაზრაში ეწევა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან არჩეული იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. აქტიურ საქმიანობას ეწოდა კრების თვითმმართველობისა და საბიბლიოთეკო კომისიაში. დამოუკიდებლობის პერიოდში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. თანაპარტიელებთან და მეგობრებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ანტისაბჭოთა საქმიანობაში. 1923 დააპატიმრა „ჩეკამ“ კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით, დანაშაული არ აღიარა. 1924 წლის აჯანყების შემდეგ მალევე დახვრიტეს თბილისში.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
- ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016.
- სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108;
- ფ. 1834, აღწ. 2, საქ. 52.