წუწუნავა ცეცილია
წუწუნავა ცეცილია რაჟდენის ასული - (დ. - 12. მაისი 1892, ოზურგეთი - გ. - 5 სექტემბერი 1956, თბილისი) - თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1943).
სარჩევი |
ბიოგრაფია
სწავლა დაიწყო სოფელ გურიანთაში, განაგრძო ჯერ ოზურგეთში, შემდეგ - ბათუმში, ბოლოს, 1912 წელს დაამთავრა ფოთის ქალთა გიმნაზია. თეატრი წუწუნავების ოჯახის გატაცება იყო. ახალგაზრდები ხშირად მონაწილეობდნენ სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. ცეცილია წუწუნავას დებიუტი პროფესიულ სცენაზე შედგა ბათუმში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში. მან შეასრულა სალიხეს როლი ნინო ნაკაშიძის პიესაში „ვინ არის დამნაშავე?“. 20-იანი წლებიდანვე იწყება წუწუნავას შემოქმედებითი მოღვაწეობა ქართულ კინოში, თუმცაღა იგი პირველად მაყურებელმა იხილა უკვე 1916 წელს გადაღებულ პირველ ქართულ მხატვრულ ფილმში „ქრისტინე“, სადაც შექმნა მარინეს დასამახსოვრებელი სახე. 1920-1926 წლებში თბილისში, რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა.
1926-1928 წლებში იყო თბილისის „წითელი თეატრის“ მსახიობი. 1928-1956 წლებში მარჯანიშვილის თეატრშია. მან განასახიერა:
- კაროჟნა (დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“),
- მაკა (შ. დადიანის „კაკალ გულში“),
- დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“),
- ანა ანდრეევნა (გოგოლის „რევიზორი“),
- მარსელინა (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“),
- ლირსა (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“) და სხვ.
ამას მოჰყვა შესანიშნავად შესრულებული როლები კინოფილმებში:
- სალიხე („ვინ არის დამნაშავე?“, 1925),
- კნეინა („ქეთო და კოტე“, 1948),
- ეფროსინე („ჭრიჭინა“, 1953) და სხვ.
მისი წვლილი ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში აღინიშნა შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
მერაბ გეგია
ლიტერატურა
ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი