ჩანტლაძე შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთა ჩანტლაძე

ჩანტლაძე შოთა − (1928 − 1968). ქართველი პოეტი, მწერალი, ფილოლოგი. დაიბადა სოფელ ზემო აკეთში (ლანჩხუთი). ადრეული ბავშვობა გაატარა სოფელ ზემო ბჟოლიეთში. 1934 წელს ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. 1947 წელს დაამთავრა თბილისის 25-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა განაგრძო თსუ-ში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1951 წელს დაამთავრა. 1954 წელს პოეტი სოფელ პატარა ირაგაში (თეთრიწყაროს მუნიცი პალიტეტი) მუშაობდა ქართული ენის მასწავლებლად. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ლილოს ბიბლიოთეკაში, რედაქტორ-სტილისტად სხვადასხვა გამომცემლობაში, თანამშრომლობდა პერიოდულ პრესაში, წერდა რადიოსა და ტელევიზიისათვის. გარდა ლექსებისა, წერდა მოთხრობებს, მინიატურებს, იგავებს. თარგმნა ფინური ეპოსი „კალევალა”, ირლანდიური საგები, პუშკინის, ლერმონტოვის, ტიუტჩევის თხზულებები. მისი დღიურები და პირადი წერილები მრავალ საინტერესო ცნობას შეიცავენ იმდროინდელი ლიტერატურული პროცესების შესახებ. შოთა ჩანტლაძის ლექსების კრებული მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ოთხი კრებული გამოიცა, მათ შორის: „თენდება, ღამდება” (1984 წელი) და „შოთა ჩანტლაძე” (1998).


* * *
ვერმოსვენება ლექსით, მერე გავარდნა ქარში,
ქარში ძახილი გესმის, ქარში ჭიხვინი რაშის.
ბედუინების სევდა და წარმართების გლოვა
ქარში კვალდაკვალ მდევდა, ქარში მეორედ მოვა.
სული იძახის: ვლიდე! მივალ, მომყვება ქარი.
არ არის ქვეყნის კიდე, არ არის ქვეყნის კარი.
მივალ, შემხვდება ზეცა, გზას დამილოცავს წვიმა,
გზას დამილოცავს მზეცა, გზადალოცვილი მივალ.
მივალ, არ ვიცი, საით საიდან მოველ, როდის...
ქარი იძახის მაინც: მოდის, ო, მოდის, მოდის!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები