შუამთობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

შუამთობა – შუამთობა მესაქონლეთა საზაფხულო-საიალაღო ყოველწლიური ხალხური ტრადიციული დღესასწაული იყო, რომელსაც ისტორიულად, ძირითადად, ზემო აჭარის – ხულოს რაიონის მოსახლეობა ძველი დროიდან მისდევდა. იგი აჭარის ალპურ საძოვრებზე მოიალაღე მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაში განსაკუთრებულად პოპულარულ სახალხო დღესასწაულს წარმოადგენდა. შუამთობა აჭარის მთის ზონაში ტარდებოდა და კალენდარული შრომით დღესასწაულად ითვლებოდა.

შუამთობის ტრადიციამ და მასთან დაკავშირებულმა წეს-ჩვეულებებმა თავისებური ტრასფორმაცია განიცადა და მნიშვნელოვნად სახეშეცვლილი ფორმითა და შინაარსით მოგვევლინა. ამაზე უნდა მიუთითებდეს ისიც, რომ ზემო აჭარის სხვადასხვა ხეობასა თუ სოფელში შუამთობა ისეთი სხვადასხვა სახელწოდებითაც აღინიშნებოდა, როგორიც იყო მენხლიანობა (მემხლიანობა//მერხლიანობა), ღამის თეობა, სეირანი .... დღევანდელობამ უფრო ზოგადი ტერმინი შუამთობა შემოგვინახა.

პატარძალი ფატით,შუამთობის სამზადისი, ხულო, სოფელი აგარა

გენეზისის მიხედვით შუამთობის დღესასწაულის თავდაპირველი არსი რელიგიურ-საკულტო რწმენა-წარმოდგენებისაგან თავისუფალი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეისათვის იგი ამგვარი შინაარსისაგან დაცლილია. შუამთობის არსი შემდეგში მდგომარეობდა: შუამთობის დროს, თიბვის დაწყებამდე, ივლისის ბოლოს ანდა აგვისტოს თვის დამდეგს, ერთი ანდა რამდენიმე მეზობელი იალის მოსახლეობა ერთად იკრიბებოდა და რამდენიმედღიან ფართო ხასიათის გართობას აწყობდა, ჩვეულებრივ, სამი-ოთხი დღე, რიგ შემთხვევაში, იგი მეტხანსაც, ზოგან ერთი ანდა ორი კვირაც კი გრძელდებოდა. ეს დაახლოებით მოსახლეობის მთაში ყოფნის შუა პერიოდი იყო. ამ დროს ბარში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები რამდენადმე შემსუბუქებული იყო, ხოლო მოსავლის აღება ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, რაც მოსახლეობას საშუალებას აძლევდა ბარიდან მთაში ასულიყო და საშუამთობო დღესასწაულში მონაწილეობა მიეღო, მემთევრებთან ერთად ლხინი და გართობა-სანახაობა მოეწყო, სხვადასხვა სახის შეჯიბრებები გაემართა, მაგალითად, ჯირითში, დოღში, ჭიდაობაში, მცოდნენი შაირობდნენ კიდეც და ზოგჯერ მოსულ ხალხურ მომღერალამკვრელებს – „აშიღებს” ეჯიბრებოდნენ.

დღესდღეისობით ამ დღესასწაულს არა მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებელი, არამედ ტურისტები, ასევე, სპეციალურად მოწვეული სტუმრებიც მრავლად ესწრება. ბარში მომვლელებთან ერთად მხოლოდ ღრმად მოხუცებულები და ავადმყოფები რჩებოდნენ, შუამთობის დღეებში ზოგიერთი სახლი კი – მთლიანად გამოიკეტებოდა ხოლმე.



ლიტერატურა

  • ნიჟარაძე, 1948:78;
  • მგელაძე, 2012:102-109;
  • კახიძე, 1974:30-31; 1978:3-15;
  • თანდილავა, 1980:3-65.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები