შეთანხმება სუიციდის შესახებ
შეთანხმება სუიციდის შესახებ - სუიციდის შესახებ შეთანხმების დადებისას ორი ან მეტი ადამიანი თანხმდება, რომ სიცოცხლეს დაასრულებენ თვითმკვლელობით ერთსა და იმავე დროს. ასეთი შეთანხმებები ხშირად არ სრულდება.
შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში ხელშეკრულებას, ჩვეულებრივ, დებენ 30 წლამდე ასაკის შეყვარებულები, ხოლო დასავლეთის ქვეყნებში - 50 წელს გადაცილებული წყვილები, რომლებიც ერთმანეთზე არინ დამოკიდებული. შეთანხმება სუიციდის შესახებ უნდა გავარჩიოთ ისეთი შემთხვევებისგან, როდესაც მკვლელობას სუიციდი მოჰყვება (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი ადამიანი კვდება, მეორე კი გადარჩება) ან როდესაც ერთი ადამიანი ეხმარება მეორეს სუიციდის აქტის განხორციელებაში, ხოლო თავად თვითმკვლელობა არ აქვს განზრახული.
ამგვარი შეთანხმებების მიზეზები ზუსტად არ არის დადგენილი. ჩვეულებრივ, ორ ადამიანს განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აკავშირებს, მაგრამ ისინი სხვებისგან სოციალურად იზოლირებულნი არიან. ხშირად სუიციდის ინიციატორი დომინანტური პარტნიორია.