შანიძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე შანიძე

შანიძე ალექსანდრე − (1907 − 1994), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ზემონოღაში (სამტრედია). სწავლა დაიწყო სამტრედიის სკოლაში, საშუალო სკოლა კი 1926 წელს დაამთავრა თბილისში (მე-2 ვაჟთა გიმნაზია). 1932 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1941 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში და მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში. პირველი წიგნი „ლექსები” 1928 წელს გამოაქვეყნა. ეკუთვნის ძირითადი პოეტური კრებულები: „მეჩვიდმეტე” (1934), „ლექსები” (1937), „საბრძოლო სიმღერები” (1943), „სიყვარულმა მათქმევინა” (1955), „გულისნადები” (1962), „რაც მინატრია” (1967), „სახატე მზის და ვარდისა” (1975), „ნატვრისთვალი” (1977), „არდავიწყება” (1980).


* * *
ვგავარ რიჟრაჟზე აფრენილ მერცხალს,
მოჭიკჭიკეს და მკერდზე ხალიანს.
თქვენ შორის ერთი მებრძოლი მეც ვარ
და ჩემი ქვეყნის მზე მიხარია.
როცა მოვკვდები, თქვით, რომ ჩემს გულსაც
შეუცდომელი ჰქონდა გუმანი,
რომ მე მშვენებით მხიბლავდა უშბა
და თბილ კოლხეთის მწვანე უბანი.
თქვით, მაცოცხლებდა ალაზნის ჩქერი,
მოდინახე თუ ნასაკირალი...
მე საქართველოს დიდებას ვმღერი,
ამაში რაა გასაკვირალი!
ვგავარ რიჟრაჟზე აფრენილ მერცხალს,
მოჭიკჭიკეს და მკერდზე ხალიანს.
თქვენ შორის ერთი მებრძოლი მეც ვარ
და ჩემი ქვეყნის მზე მიხარია.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები