შაიშმელაშვილი თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამარ შაიშმელაშვილი

შაიშმელაშვილი თამარ − (1966), პოეტი, ჟურნალისტი, რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის დამაარსებელი. დაიბადა სოფელ ტიბაანში (სიღნაღი). 1989 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1990 წლიდან მუშაობს ჟურნალისტად ქართულ მასმედიაში. 2013 წლიდან დღემდე ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ (ყოფილი „ხელეური“, 2009-2012) დამაარსებელი და მთავარი რედაქტორია. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“, შემდეგ − თითქმის ყველა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში. გამოცემული აქვს 5 პოეტური კრებული: „სიზმარში ცხადი“, „ობოლი ვარსკვლავები“, „სიჩუმე მზეში“, „ჩამოთოვლილი ზარები“, „სულალუბლები“. თამარ შაიშმელაშვილის ლექსები შესულია „უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში“ („ეროვნული მწერლობა“, 2009), ასევე პირველ ინგლისურენოვან ანთოლოგიაში: „თანამედროვე საქართველო – პროზა და პოეზია“ (2017).


ხაშმი
რევაზ ინანიშვილს
სულის ტკივილია ხაშმი,
ცრემლით საგოდებელს გაშლის...
ყველა ნაბილიკარს ვჩემობ,
როგორ დაბზარულხარ, ჭერო...
ქარი სამერცხლურებს არ შლის,
მთელი სამყაროა ვალში
ამ მზის, ამ მთების და... სევდის,
ივრის ჩქერალებში შემხვდი,
ივრის ყაყაჩოებს შავშლილთ
რიდეს მოულოცავს შაშვი...
სადღაც ცისკიდურთან ახლოს,
ნისლის ენძელებთან სახლობ...
სულის საგოდებელს გავშლი −
ჩემი სიმღერაა ხაშმი...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები