შავი მოცვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავი მოცვი = Vaccinium myrtillus L.

მოცვი, შავი მოცვი – (Vaccinium myrtillus L.);
ოჯახი: მანანისებრნი (Ericaceae)
მეგრულად – მელიშია, მელფა, მერიშია, მუშმელა.

50 სმ სიმაღლის ბუჩქია. ფოთლები მოკლეყუნწიანია, 4-10 სმ სიგრძის მოგრძო-ელიფსური ან კვერცხისებური ფორმის. კიდეზე ხერხკბილა. ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვემო – ლეგა. მეტ-ნაკლებად შებუსული. ყვავილები მარტოულია. გვირგვინი სფეროსებურია, მომწვანო ვარდისფერი. ნაყოფი შავია. ყვ. ნაყ. VI-IX.

მცენარე გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, მდელოებზე, დეკიანებში, ტანდაბრეცილი ტყის პირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.

ნაყოფები გამოიყენება საკვებად ნედლი და გადამუშავებული სახით. მოცვის საღებავი ნივთიერებები PH-ის ინდიკატორია და მჟავიანობის დაქვეითებისას ფერს ლურჯად იცვლის. იხმარება როგორც იისფერი მცენარეული საღებავი. თაფლოვანი მცენარეა. ნაყოფები შეიცავს ვიტამინებს (A, C, E, D), კაროტინს, გლიკოზიდებს, ფლავონოიდებს, უჯრედისს, ორგანულ მჟავებს (ვაშლის, რძის, მჟაუნას, ნიკოტინის), მთრიმლავ და პექტინოვან ნივთიერებებს, Mg, Ca, Fe – ის მინერალურ მარილებს, მცენარეულ ინსულინს – ნეომირტილინს; ფოთლებში აღინიშნება – ფლავონოიდები, ორგანული მჟავები, მირტილინი, არბუტინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა.

ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც მოქმედებს უჯრედებზე, ხელს უწყობს რეგენერაციული პროცესების გაძლიერებას, რის გამოც რეკომენდირებულია ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად და ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

ხასიათდება ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, შემკვრელი, შარდმდენი, სისხლდენის შემაჩერებელი, ანთებისა და ჭიის საწინააღმდეგო მოქმედებით. მედიცინაში გამოიყენება „ქათმის სიბრმავის“, სურავანდის, სტომატიტისა და გინგივიტის, დიაბეტის, ფაღარათის, დაბალი სიმჟავით მიმდინარე გასტრიტის, ჰემოროიდალური კვანძებიდან სისხლდენის, ჩირქოვანი ჭრილობების, ანემიის, შარდკენჭოვანი დაავადებების, ცისტიტის, ნიკრისის ქარების დროს. შეუცვლელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობის, კერძოდ საკვებით მოწამლვის დროს, რომლის თანმხლებია პირღებინება და დიარეზი. გარდა ამისა ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის – დოფომინის წარმოქმნას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის ორგანიზმში რბილი და ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებაზე. ფოთლები შეიცავს მირტილინს, რომელიც შაქრის ავადმყოფობის სამკურნალოდ იხმარება. ააქტიურებს ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას, აუმჯობესებს მხედველობას.

უკუმაჩვენებელია შარდკენჭოვანი დაავადებების, პანკრეატიტის, ნაღველსადინარების პრობლემების დროს (ბიძინაშვილი, 2013).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები