ყური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყრუს ანატომია

ყური - ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების სმენისა და წონასწორობის ორგანო.

ადამიანის ყური წარმოდგენილია ორი ფუნქციური ორგანოთი. მას გააჩნია ორი ძირითადი ფუნქცია: იგი პასუხისმგებელია სმენასა და წონასწორობაზე.

ეს ორგანო რამდენიმე ნაწილისაგან შედგება:

  1. გარეთა ყური – წარმოდგენილია ყურის ნიჟარით და გარეთა სასმენი მილით. მათ ფუნქციაში შედის ხმის შეგროვება. ყურის ეს ნაწილები ამოფენილია კანით, რომელიც, მეტწილად, დაფარულია თმით (რაც, შესაძლებელია, ფურუნკულის გაჩენის მიზეზი გახდეს) და გოგირდის წარმომქმნელი ჯირკვლებით. როგორც წესი, ეს ჯირკვლები გარეთა სასმენი მილის ირგვლივ არის განლაგებული. ყურის ნიჟარის კანი და ხრტილი ისე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ კანის მცირედი ანთებაც კი იწვევს საშინელ ტკივილს.
  2. შუა ყური – წარმოდგენილია რამდენიმე ჰაეროვანი ღრუთი. ეს ღრუები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ბოლოს ისინი ცხვირ-ხახას უკავშირდებიან ევსტაქის მილის მეშვეობით. უფრო კონკრეტულად კი ის წარმოდგენილია დაფის ღრუთი, რომელშიც სასმენი ძვლები მდებარეობს და მასტოიდური უჯრედებით. დაფის ღრუ ძალიან თხელი, ძვლოვანი ჯებირებით არის დაყოფილი. ევსტაქის მილი შუა ყურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც პასუხისმგებელია შუა ყურის წნევის რეგულაციაზე და აკავშირებს მას ცხვირ-ხახასთან. ევსტაქის მილი დაფარულია რესპირატორული ლორწოვანი გარსით და მისი კუნთები ხახის კუნთებთან უნისონში მუშაობს. ისინი ყლაპვისას ხსნიან მილს, რაც უზრუნველყოფს შუა ყურის წნევის რეგულაციას.
  3. შიდა ყური ანუ ლაბირინთი შედგება ორი ნაწილისაგან – ლოკოკინა, ანუ კოხლეა, რომელსაც გააჩნია სმენის ფუნქცია და უტრიკულუსი და საკულუსი, თავიანთი ნახევარრკალოვანი არხებით, რომელიც წარმოადგენს წონასწორობაზე პასუხისმგებელ ორგანოს.
დისექციური მასალა საფეთქლის ძვალი.
FN – facial nerve (სახის ნერვი)
TT – tensor tympani (აპკის დამჭიმავი)
C – cochlea (ლოკოკინა)
U – utriculus (უტრიკულუსი)
CN – cochlear nerve (კოხლეარული ნერვი)
VN – vestibular nerve (ვესტიბულარული ნერვი)
CP – cochleariform process (კოხლეარული მორჩი)
M – maleus neck (ჩაქუჩის ყელი)
L – long process of incus (გრდემლის გრძელი მორჩი)
S – stapes (უზანგი)
TM – tympanic membrane (დაფის აპკი)
EAC – external auditory canal (გარეთა სასმენი მილი)
TMJ – temporo mandibular joint (ყბის სახსარი)

ამ ნაწილებში, ასევე, აღსანიშნავია ძირითადი ანატომიური ელემენტები:

  1. სმენის ნერვი, უფრო სწორად, სტატო-აკუსტიკური ნერვი, რომელიც აერთიანებს ვესტიბულარულ და კოხლეარულ ნერვულ ბოჭკოებს, ცენტრალური ვესტიბულარული გზებით მიემართება ცერებრალური ღეროსკენ და შესაბამისი კორტიკალური ბირთვებისკენ.
  2. დაფის აპკი და სასმენი ძვლების ჯაჭვი, რომელიც განთავსებულია დაფის ღრუში ანუ შუა ყურში, ასრულებს შემდეგ ფუნქციას: ის ახდენს ხმის კონცენტრირებას და გადასცემს მას შიდა ყურს. რომ არა ეს აპკოვან-ძვლოვანი სისტემა, აეროვანი რხევის გადაცემა შიდა ყურის სითხოვან სისტემაში იმდენად არაეფექტური იქნებოდა, რომ სისტემაში წარმოქმნიდა მხოლოდ 50-55 დეციბელს, ანუ, გამოიწვევდა ჩვენი სმენის 50%-ით დაქვეითებას.
  3. ევსტაქის მილი ორ ფუნქციას ითავსებს:
ა) წნევის მარეგულირებელი ფუნქცია – დაფის ღრუში ლორწოვანი გარსი შთანთქავს ჟანგბადს და ამის გამო, ამ ღრუში უარყოფითი წნევა იქმნება. იმისათვის, რომ შუა ყურმა კარგად იმუშაოს, დაფის აპკის ორივე მხარეს წნევა უნდა იყოს ერთნაირი. წნევის რეგულაცია ხორციელდება ევსტაქის მილის მეშვეობით (ამისათვის, ერთ-ერთი აუცილიებელი პირობაა ცხვირის ნორმალური ფუნქციონირება).
ბ) სადრენაჟო ფუნქცია – შუა ყურის ლორწოვანით გამოყოფილი სითხე, წამწამოვანი უჯრედების წყალობით, ევსტაქის მილის მეშვეობით მიემართება ცხვირ-ხახაში. ამ ფუნქციის რომელიმე ეტაპის დარღვევა შუა ექსუდაციური ოტიტის მიზეზი ხდება.
საფეთქლის ძვლის რადიოლოგიური ანატომია
sinus tympani (დაფის სინუსი)
FN – facial nerve (სახის ნერვი)
ICA – Internal carotid artery (შიდა საძილე არტერია)
JB – jugular bulb (საუღლე ბოლქვი)
MA – mastoid (მასტოიდი)
SS – sigmoid sinus (სიგმოიდური სინუსი)
PA – petrous apex (პირამიდის მწვერვალი)
ევსტაქის მილის ობსტრუქცია

ევსტაქის მილის ობსტრუქციის შედეგად, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი პროცესები:

შუა ყურში უარყოფითი წნევის წარმოქმნა, რაც თავისთავად, დაფის აპკის რეტრაქციას განაპირობებს. რეტრაქტირებული (ჩაზნექილი) დაფის აპკი ცუდად ირხევა და, შესაბამისად, ცუდად გადასცემს რხევას.

დაფის აპკის ლორწოვანის მიერ ტრანსუდატის გამოყოფა, რაც გამოწვეულია აერაციის მოშლით. დრენირების გარეშე, ტრანსუდატი გადადის ექსუდატში, რაც შუა ყურის ექსუდაციური ოტიტის მიზეზი ხდება.

მასტოიდალური ძვალი არანაირად არ იღებს მონაწილეობას სმენის ფუნქციაში. აქედან გამომდინარე, არც მასტოიდექტომია და არც მისი სანაცია-დრენირება არ მოქმედებს სმენაზე.

შიდა ყური ლოკოკინით და მის კოხლეარულ არხში მოთავსებული კორტიეს ორგანოთი (Organ of Corti) არის წარმოდგენილი. როგორც წესი, ხმოვანი ენერგია, სასმენი მილის და დაფის ღრუს აპკოვან-ძვლოვანი სისტემის გავლით, აღწევს შიდა ყურამდე. თუმცა, ეს პროცესი ძვლოვანი (მასტოიდალური ძვლის) გზითაც შეიძლება განხორციელდეს. შუა ყურის სტრუქტურის დაზიანების დროს, მაგალითად, დაფის აპკის დაზიანების, სასმენი ძვლების ჯაჭვის მთლიანობის დარღვევის ან გაძვალების შემთხვევაში, ხმოვანი ენერგია მაინც აღწევს კორტიეს ორგანომდე მასტოიდალური ძვლის გავლით, მაგრამ დიდი დანაკარგით. ძვლოვანი ქსოვილი, დაახლოებით, 55-60 დეციბელს შთანთქავს.

ძვლოვანი გამტარებლობის დისფუნქციის შედეგები

შუა ყურის ხმის გამტარიანობის დისფუნქციის მიზეზი შეიძლება იყოს დაფის აპკის პერფორაცია, ძვლოვანი ჯაჭვის მთლიანობის დარღვევა, ევსტაქიტი ან ოტოსკლეროზი. ეს, თავის მხრივ, განაპირობებს მაქსიმუმ, 60 დეციბელამდე სიყრუის ჩამოყალიბებას იმ დროს, როცა ნეიროსენსორული ანუ პერცეპციული სიყრუე შესაძლოა ტოტალური იყოს, რასაც კოფოზი ეწოდება.

მაგალითად, თუ დაყრუებულ ყურს მოსასმენ აპარატს მივადებთ, ხმის ენერგია, ძვლოვანი სტრუქტურის გავლით, კონტრლატერალურ შიდა ყურს (ლოკოკინას) მხოლოდ 60 დეციბელის დანაკარგით მიაღწევს. ამიტომ, აუდიომეტრიის გაკეთებისას, აუცილებელია ე. წ. „შენიღბვა“ გავუკეთოთ ჯანმრთელ ყურს. ეს საკმაოდ რთული შესასრულებელია და აუდიომეტრიის ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები