ყართ-ყურთხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყართ-ყურთხა (ბალყ.-ყარაჩ. Къарт-къуртха)ექიმბაში, რაციონალური და ირაციონალური მეთოდებით მკურნალი. მას განსაკუთრებით უშვილო ქალები მიმართავდნენ. ასეთ ქალებსა და მათ ქმრებს ირონიულად „შავქურქიანებსაც“ (къаратон), ე. ი. მგლოვიარობაში მყოფებსაც უწოდებდნენ. ოჯახში უნაყოფო ქალის სოციალური სტატუსი ქვეითდებოდა (შემცვლელის მოყვანის შემთხვევაში), უმემკვიდროდ სიკვდილი კი არა მარტო ინდივიდის, ოჯახისა და თემის უბედურებად, არამედ ღვთის სასჯელადაც აღიქმებოდა. ამიტომ ქალებს აუცილებლ სამკურნალო პროცედურებს ყართ-ყურთხები უტარებდნენ. საამისოდ დაკლავდნენ ნასუქ ცხვარს და მის ჯერ კიდევ თბილ ტყავს ქალის სხეულის ქვედა ნაწილს შემოახვევდნენ. შემდეგ კოწახურის ფესვის ნაყენს ასმევდნენ. ზოგჯერ უზმოზე აძლევდნენ შვიდი გზის გასაყარზე მდებარე წისქვილის ღარის წყალს, რომელიც აუცილებლად ახალმთვარის ღამეს რომელიმე პირველშობილ მამაკაცს (тюнгюч) უნდა მოეტანა. გარდა ამისა, ექიმბაშის რჩევით, უშვილო ქალი სხვა „საშუალებასაც“ მიმართავდა: მიდიოდა ახალმოლოგინებული ქალის ოჯახში, აიღებდა მომყოლს, რომელსაც თავისი საგვარეულო სასაფლაოს ღობის გარეთა მხარეს მიწაში ჩაფლავდა. შემდეგ შინმობრუნებული წიწილების გადასმის იმიტაციას ახდენდა, რითაც, თითქოს, მშობიარის თვისებას იძენდა და თან ავსულებსაც ატყუებდა. ყართყურთხები არამარტო უშვილო ქალების მკურნალები იყვნენ. მათი ცოდნა-გამოცდილება ნებისმიერი ავადმყოფობის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.


ლიტერატურა

  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014;
  • Шаманов И. М. Обряды, связанные с рождением и воспитанием ребенка // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები