ღანიშაშვილი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ ღანიშაშვილი

ღანიშაშვილი მიხეილ − (1964), ქართველი პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი. ფსევდონიმი − ილტოსპირელი. დაიბადა სოფელ ჭართალაში (ახმეტა). დაამთავრა ახმეტის მეორე საშუალო სკოლა, შემდეგ კი, 1990 წელს − თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: თბილისის საჯარო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ახმეტის რაიონულ გაზეთ „ბახტრიონის“ მთავარ რედაქტორად, თბილისის ერთ-ერთი კერძო პედაგოგიური ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის პედაგოგად, ამავე ინსტიტუტის რექტორად, კომერციულ გაზეთ „ანონსის“ რედაქტორად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მეორე სასწავლო ასეულის მეთაურის მოადგილედ, გაზეთ „სამხედრო გაზეთის“ კორესპონდენტად, ამავე გაზეთის საინფორმაციო განყოფილების რედაქტორად, სამხედრო გამომცემლობა „ჩირაღდანის“ მთავარ რედაქტორად. როგორც სამხედრო ჟურნალისტი, ხანგრძლივი მივლინებებით იმყოფებოდა აშშ-სა და გერმანიაში. 2000-2009 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუსეთსა და უკრაინაში. 1992 წელს მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა მწერალთა დამოუკიდებელი გაერთიანება, კავშირი – პოეტური ორდენი „მარადახალი ქნარი“, რომლის უცვლელი თავმჯდომარეც არის დღემდე. მიხეილ ღანიშაშვილი 10 წიგნის ავტორია: „ორი ნაპირი“ (1989), „ერთი ლირიკული პოემა და ცამეტი ლექსი“ (1994), „ბედისწერის ქიმზე” (1999), „იჩქერია“ (2002), „აცამაზი“ (2004), „კავკასიური პოემები“ (2006), „გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი“ (2011), „სულის ყვავილები“ (2012), „მთისკილოურნი“ (2014), „ყველაზე დიდი გული“ (2017).


აღდგომა ილტოზე
გამააცხვა დედილამ
სააღდგომოდ კვერები:
პატარები, მურგვლები,
ოდნავ ყვითელფერები.
ფურნის გემოს იდევნებს
კვრიხინები, ხმელელები,
ახატიათ ზე-კანზე
ეხლაც დედის ხელები.
აქ არც ეკლესია გვაქვს,
არცა გვყვანან მღვდელები,
მაგრამა გვაქვს სანთლები
თაფლისები, თხელები.
ვდგავართ, რწმენით უფლისა
გულები გვაქვს მთელები,
ჩვენც ვზეიმობთ აღდგომას,
მთებში, ჭართალელბი.
„ქრისტე აღსდგა! დამარცხდნენ, –
ვამბობთ, – ქრისტეს მკვლელები!”
„ჭეშმარიტად!” – გვიხმობენ
ტურები და მელები.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები