ქოქლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სადიაცო

ქოქლო - (ქოქლუა). ქოქლო სადიაცოზე ჩასაცმელი ქალის წინიდან მთლიანად შეხსნილი ჩოხისებური სამოსელია, წელზე გადაკერებული, მოკლე მუხლისთავამდე მწვდომი.

ქოქლოსათვის ხუთ ან ექვს მტკაველ ტოლს მოკეცავდნენ (მხრებში აუჭრელად), ისე რომ ზურგზე ერთი მტკაველი მოქცეოდა. ქოქლოს ზედატანის ნაწილებია - ფარანგი (წინა კალთები-უბისა), ზურგნი, მაღალი საყელო და შეხსნილი, მოკლე სახელი. ქოქლოს წინა კალთებს ნაპირებზე ჩაგდებული აქვს თითო მოგრძო, ირიბი, ნაჭერი, რომელსაც „ენა“ ეწოდება. უკანა კალთა სიგრძეზე გადაკერებული ირიბი ნაჭრებისაგან - აზღოტებიდან შედგება; ზურგის აზღოტი თავის მხრივ სხვადასხვა რაოდენობის (შვიდიდან ოცდასამამდე) ნაჭრისგან შედგება. ამათგან შუათანა უნაოჭოა და მას გვამის აზღოტი ეწოდება. ის წელში გადაუჭრელია და ზურგის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს. გვამის აზღოტს აქეთ-იქით თანაბარი რაოდენობის აზღოტები აქვს მიყრილი და თავმოკეცილი შუა გვამის აზღოტის მიმართულებით. თითოეულ აზღოტს წელთან თავი მონაოჭებული აქვს და მას „წელი“ ეწოდება.

ქოქლოს ორივე გვერდი შეხსნილი აქვს. ეს შეხსნილი ნაწილები- სამხედროებია. ქოქლო შემკულია კუთხაშილიფით, მის ზურგზე გამოყვანილია „შილათი“ ან „სკლატით დაკერერული“ სახეები.

ქოქლის 8-9 წლის ასაკიდან ჩააცმევდნენ გოგონას. ის პატარძლის სამოსლის აუცილებელი ატრიბუტი იყო.მას ნათესავებში, სტუმრიანობისას და მიცვალებულის ტირილშიც იცვამდნენ ქალები (ჭირისუფალი ქოქლის გადააბრუნებდა და ისე იცვამდა).

წყარო

ლ. მოლოდინი, გ. ჩაჩაშვილი, ქართული კოსტიუმის კატალოგი I ხევსურული, თბილისი-1964

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები