ქართული მანდარინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული მანდარინი

ქართული მანდარინი - ხე საშუალო სიდიდისაა, სიმაღლით 3–4 მეტრია, აღმამოზარდი, ჯამისებრი შეკრული ვარჯით (კრონით), შტამბი დაბალი აქვს, უფრო ხშირად ძირიდანვე დატოტვილი, რომელიც ვარჯის შუაგულისაკენ თანდათანობით იშლება. ქერქი რუხი მონაცრისფრო-მოყვითალოა.

შეფოთლა საშუალოდ მეჩხერია. ფოთლები საშუალო ზომისაა, კიდემთლიანი; ფოთლის ფირფიტები გლუვზედაპირიანია, ფუძიდან სოლისმაგვარად შევიწროებულია და მახვილწვეტიანია, გაყოფილი წვერით.

ყვავილობა ძლიერი იცის. ყვავილი თითო-თითოა ან ორი-სამი ერთად. გვირგვინის ფურცლები თეთრი ლანცეტისებრია და გარედან, უმთავრესად ზედა ნაწილში, მდიდარია მრავალი ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. ჯამი მუქი მწვანეა, კბილისმაგვარი, სანახევროდ შეზრდილი ფოთოლაკებისაგან შემდგარი. მტვრიანები მრავალი აქვს; მტვრიანები წვრილია და ორი-სამი ერთადაა შეზრდილი პარკებში სტერილური მტვრით. დინგი მორგვალებული ბრტყელზედაპირიანია.

მოსავლიანობა უხვი და თითქმის ყოველწლიური.

ნაყოფი თანაბარი სიდიდისაა, მრგვალი, ბრტყელი, ოვალური ან მსხლისებრი, დიამეტრი 5, 5 სმ-დან 8,3 სმ-დე; სიმაღლე – 4,9 სმ-დან, – 6,2 სმ-მდე. მოსავლიან წლებში ნაყოფის წონა 120 გრ. საშუალოდ – 60 გრ., მოუსავლიანში კი წონა აღწევს 200 გრამამდე; საშუალო სიდიდის ნაყოფი 150 გრამს იწონის. ნაყოფის ფუძე ხშირად ძუძუსთავისებრია. ფერი – ნორმალური, მოყვითალო-ნარინჯისფერი.

ზედაპირი უსწორმასწორო და ხორკლიანია. ნაყოფის უმრავლესობა წვერჩაღრმავებულია, ბუტკოს მიმაგრების ადგილი ნაცრისფერია და მის ირგვლივ მეჩხრად არის განლაგებული ეთერზეთოვანი ჯირკვლები. წვერი ბლაგვი კონუსისებრია, ჯამის ირგვლივ ბორცვიანი, უსწორმასწორო. ჯამის ფირფიტის სიბრტყეზე დაჰყვება რადიუსისებრი დანაოჭება, რომელიც ხშირად ღარებს წარმოადგენს.

კანი თხელი აქვს, მოსავლიან წელს კი სქელი – 6–3 მმ-მდე (სქელი – 2 მმ-მდე – ალბედოს შრით), მკვრივი კონსისტენციის და მოტკბო გემოსი.

ეთერზეთოვანი ჯირკვლები მრავალი, კანში ღრმად ჩამჯდარი, მაგრამ ალაგ-ალაგ ზედაპირულიცაა, საკმაოდ მსხვილი, 3 მმ. დიამეტრით. კანის განაჭერზე ჯირკვლები ხშირად 2 შრედ და მჭიდროდაა განლაგებული, ზედა შრე უფრო წვრილმარცვლებიანია, ქვედა კი ჰქმნის წვრილმარცვლებიან წრეს. კანი ადვილად სცილდება.

რბილობის გული ცილინდრულია და გულთან სეგმენტები ადვილად იხსნება. სეგმენტები თანაბარი, 8–12, ზოგჯერ 14-ის რაოდენობით, თხელაპკიანია, მსხვილი ნაყოფების კი საკმაოდ სქელი და უხეშია. სეგმენტების ურთიერთშებმულობა სუსტია. საწვნე უჯრედები მომსხო, გრძელი და თითისტარისებრია, სიგრძით 15 მმ.

წვენი უხვი იცის და ღია მოყვითალო ფერისაა. გემო საამო, ტკბილია; სიმჟავე და სიტკბო ჰარმონიულად აქვს შეზავებული. ეს ფორმა პირველად აღმოჩენილი იქნა ჩაქვის მეურნეობაში მ. ტაბლიაშვილის მიერ.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები