ფორტუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფორტუნა
>მარმარილო (II ს.), რომი, ვატიკანის მუზეუმი

ფორტუნა(რომ.) ბედნიერების, მოულოდნელი სიხარულის და წარმატების რომაული ქალღმერთი, რომელსაც ბერძნულ ტიქესთან აიგივებდნენ.

თავდაპირველად ფორტუნა მოსავლისა და სიუხვის ღვთაება იყო. იგი, ვითარცა ნაყოფიერების ქალღმერთი, დაბადებათა მფარველადაც მიაჩნდათ და ამ ფუნქციით ვენუსსა და მატუტას ამსგავსებდნენ.

ფორტუნას კულტის დაწესებას რომის მეექვსე მეფეს, სერვიუს ტულიუსს მიაწერდნენ. მასვე აუგია რომში ამ ქალღმერთის სახელობის ტაძარი.

ფორტუნას კულტი გამუდმებით იძენდა ახალ ფუნქციებს. მისი საკულტო სახელები, არსებითად, ცალკეულ ქალღმერთთა ზეწოდებებს წარმოადგენდა: ფორტუნა პრიმიგენია (პირველშობილი) – ახალშობილთა მფარველი იყო, ფორტუნა პრივატა – პირად საქმეთა და ოჯახის, ხოლო ფორტუნა პუბლიკა – საზოგადო საქმეებისა. იმპერიის ხანაში თაყვანს სცემდნენ ფორტუნა კესარეასა და ფორტუნა ავგუსტას. არსებობდნენ წოდებათა მფარველი ფორტუნებიც: ფორტუნა პატრიცია, ფორტუნა პლებეია, ფორტუნა ეკვესტრის (მხედართა), ფორტუნა ვირგინალის (ქალწულთა), ფორტუნა მულიებრის (ქალთა), ფორტუნა ვირილის (კაცთა), ფორტუნა ვიქტრისი (გამარჯვებისა – მისი კულტი ვიქტორიას კულტს ემსგავსებოდა), ფორტუნა დუკსი (წამყვანი, ანუ მთავარსარდალთა მფარველი). კულტის ასეთმა დანაწილებამ გამოიწვია ის, რომ წარმოიშვა ფორტუნა მანენსი (მუდმივობის), ფორტუნა ყოველდღიური და ფორტუნა ცალკეული ადამიანის. გვიანი ხანის იმპერიაში ფორტუნას ხშირად ისისთანაც აიგივებდნენ. ბოლოს გამოჩნდა ფორტუნა პანთეას (ყველა ღმერთის) კულტიც.

ფორტუნას წარმოსახავდნენ დიდებულ ქალბატონად, ხელში სიუხვის რქით, საიდანაც მონეტებს ფანტავდა. ზოგჯერ სფეროთი ან ბორბლით (ბედის ცვალებადობის სიმბოლო). ასეთი ფორტუნა წარმოდგენილი იყო მონეტებზეც, ბეჭდებზეც, თილისმებზეც, ხელოვნების ნიმუშებზეც. თანამედროვე მეტყველებაში „ფორტუნა“ ბედნიერებას აღნიშნავს.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები