ფილოქტეტესი (სოფოკლეს ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ფილოქტეტესი“ – ძველი ბერძენი დრამატურგის სოფოკლეს ტრაგედია.

ანტიკური ლიტერატურის მკვლევართა ნაწილის აზრით, ტრაგედია „ფილოქტეტესში“ ხასიათთა შესაქმნელად სოფოკლე ევრიპიდეს შემოქმედებისათვის დამახასიათებელ ხერხებს მიმართავს, პრაგმატულ აუცილებლობას აქ სუბიექტური მორალური ცნობიერება უპირისპირდება. ოდისევსი და აქილევსის ვაჟი ნეოპტოლემოსი ტროადან კუნძულ ლემნოსზე მიემგზავრებიან, რათა კუნძულზე მიტოვებული ფილოქტეტესი დაითანხმონ, რომ ტროაში წაჰყვეს და თან ჰერაკლეს მშვილდ-ისარი წაიღოს. ლემნოსზე ფილოქტეტესი, ატრიდების გადაწყვეტილებით, ოდისევსმა დატოვა. ამის მიზეზი ის იყო, რომ შხამიანი გველის ნაკბენმა ფილოქტეტესს მოუშუშებელი და მყრალი ჭრილობა დაუტოვა, მოლაშქრეებს კი მისი ტკივილის მტანჯველი შემოტევებისა და სიმყრალის გაძლება მეტად აღარ შეეძლოთ. ლემნოსზე ფილოქტეტესმა ათი უმძიმესი წელი გაატარა მარტოობაში. ამასობაში გაირკვა, რომ აქაველები ტროელებს ვერ დაამარცხებდნენ, თუ ტროასთვის ბრძოლაში ფილოქტეტესიც არ მიიღებდა მონაწილეობას ჰერაკლეს მშვილდითურთ. ოდისევსის დავალებით, ნეოპტოლემოსი ცდილობს მოტყუებით წაიყვანოს ფილოქტეტესი ტროაში, ჰერაკლეს მშვილდსაც კი მოჰპარავს, თუმცა შემდეგ სინდისი შეაწუხებს და აქაველთა ინტერესთა საზიანოდ მშვილდს პატრონს უბრუნებს. ტრაგედიის ფინალში ვითარება ჩიხში შედის, რადგან ფილოქტეტესს მოღალატე ბერძენთა დახმარება არ სურს. პრობლემა მოქმედებაში ჰერაკლეს სულის შემოყვანით გადაიჭრება, რომელიც „deus ex machine“ ამხედრებული გამოჩნდება და ფილოქტეტესს ტროაში გამგზავრებას უბრძანებს, სადაც მის სნეულებას ასკლეპიოსი მოარჩენს. ასეთია ზევსის ნება, რომლისთვისაც მოვლენათა განვითარების ობიექტური აუცილებლობა სუბიექტურ ადამიანურ მოტივებზე მაღლა დგას.

„ფილოქტეტესში“ ერთმანეთს ორი ცხოვრებისეული პოზიცია უპირისპირდება – ოდისევსის პრაგმატულობა და ნეოპტოლემოსის კეთილშობილება. ქცევის მორალურ მოტივაციაზე მაღლა, ოდისევსი სასარგებლოს აყენებს. მიზნის მისაღწევად მას ადამიანთა ქცვისა და აზროვნების თავისებურებათა ცოდნა სჭირდება. ცხოვრებამ აჩვენა, რომ მსოფლიო „სიტყვებით იმართება და არა ქმედებით“.

„არ გეჩვენება, რომ სიცრუე სამარცხვინოა?“, - ეკითხება ნეოპტოლემოსი ოდისევსს, „არა, - მიუგებს ოდისევსი, - თუკი ის ხსნას ემსახურება“.

ყმაწვილი კაცის მერყეობის მიუხედავად, ოდისევსი მაინც დაითანხმებს ნეოპტოლემოსს ბერძენთა გამარჯვებისათვის მის გეგმაში მიიღოს მონაწილეობა. აქილევსის ვაჟმა ფილოქტეტესი უნდა დაარწმუნოს, რომ თავადაც ატრიდებისა და ოდისევსის მტერია, რადგან მათ მამის ლეგენდარული საჭურველი მემკვიდრეობით არ არგუნეს. ოდისევსის შეთხზული მითის თანახმად, ნეოპტოლემოსმა დატოვა ტროა და სამშობლოში ბრუნდება. ფილოქტეტესი ბედნიერია, რომ მეგობრის ვაჟი და თანამოაზრე იპოვნა. მაგრამ ბერძენთა ღალატმა ის სამუდამოდ დაგესლა, ბუნებით კეთილშობილი და კაცთმოყვარე, ის მთელ სამყაროზეა განაწყენებული. როდესაც ნეოპტოლემოსისაგან შეიტყობს, რომ ტროასთან მრავალი ღირსეული მეომარი დაეცა, ხოლო უღირსნი - „მოლაქლაქე“ ოდისევსი და ყბედი ავკაცი თერსიტე ცოცხლები დარჩნენ, ის კიდევ ერთხელ დაასკვნის თავისთვის, რომ ღმერთები ბოროტებას მფარველობენ, ცბიერ ადამიანს ისინი ჰადესიდანაც კი იხსნიან, ხოლო ღირსეულებს ბნელეთში ერეკებიან. როგორ უნდა შეასხა ხოტბა ასეთ ღმერთებს? ეკითხება თავის თავს ფილოქტეტესი. ფილოქტეტესი სოფოკლეს სიკეთისა და ბოროტების ეთიკური კატეგორიებით მსჯელობს. ადამიანის სუბიექტური მორალური ცნობიერება უკვე ყოველთვის არ თანხვდება მის მიმართ წაყენებულ „ობიექტურ“ მოთხოვნებს. თუმცა, ფილოქტეტესი პირადი წყენის გამო ბოლომდე პირუთვნელ არბიტრად მაინც არ გამოდგება, ის მსხვერპლის სტიგმით არის დაღდასმული. ამასთან, მისი ჭრილობა და სიმყრალე იმ განსხვავებულობის ნიშანია, რომელიც მას ადამიანთა საზოგადოებისაგან თიშავს. სოფოკლე აჩვენებს, რომ თანაგრძნობის განცდა, დაღდასმულისადმი ემპათია დიდ ადამიანურ ძალისხმევას მოითხოვს და ყველას არ ხელეწიფება. ფილოქტეტესის საზოგადოებაში დაბრუნებას ჭეშმარიტი თანაგრძნობის აქტი, ეთიკური ცნობიერების ახალ საფეხურზე ასვლა სჭირდება. ეს აღმასვლა ნეოპტოლემოსის მეშვეობით ხორციელდება.

ნეოპტოლემოსი ტროას მებრძოლთა მეორე თაობას ეკუთვნის, ის მხოლოდ მამის სიკვდილის შემდეგ ჩავიდა ტროაში. ახალბედა მებრძოლი ჯერ უკრიტიკოდ იღებს მისთვის შეთავაზებულ ღირებულებებს. ერთი მხრივ, მამის პირდაპირი ხასიათი აქვს და აქილევსის მეომრულ კოდექსს მისდევს, რომელიც ყოველთვის ღია პირდაპირ ქცევას ამჯობინებდა. მეორე მხრივ, ოდისევსის შეგონებასა და საკუთარ პატივმოყვარე სურვილებსაც ემორჩილება. თუმცა, ფილოქტეტესთან დაახლოების შემდეგ, ის იცვლება და საკუთარ მორალურ კრიტერიუმებს შეიმუშავებს. მასში ქცევის პერსონალური კოდექსი ყალიბდება, რომელიც პრაგმატულ მოტივებს ჰუმანური ქცევის ნორმებს უპირიპირებს. ფილოქტეტესისადმი თანაგრძნობა, სიცრუისა თუ სხვის ნებაზე ძალადობის მიუღებლობა ნეოპტოლემოსს თამამ ნაბიჯს ადგმევინებს – მას შემდეგ რაც ფილოქტეტესის მშვილდ-ისარს დაეუფლება, რომელსაც ავადმყოფი თავადვე ანდობს, ის ამ მშვილდ-ისარს პატრონს უბრუნებს. როგორც ელენე თოფურიძე წერს: „ნეოპტოლემოსი ... ავტორს მიჰყავს იმის გაცნობიერებამდე, რომ ნებისმიერი ადამიანური საქციელის საფუძველში მორალური ღირებულება უნდა იდოს, იმისდა მიუხედავად, უქადის თუ არა ის მას ან საზოგადოებას სარგებელს“. ნეოპტოლემოსი უფრო შორსაც კი მიდის, მას შემდეგ, რაც იგი ვერც დარწმუნებითა და ვერც სიმართლის გამხელით გააწყობს ფილოქტეტესთან რაიმეს, ის თავისი დანაპირების აღსრულებასა და ფილოქტეტესის სამშობლოში წაყვანასაც კი დათანხმდება. სწორედ ამის შემდეგ შემოდის მოქმედებაში ჰერაკლე, რათა ფილოქტეტესი ტროაში გამგზავრების აუცილებლობაში დაარწმუნოს. ღმერთის ჩარევით კონფლიქტის გადაჭრა იმაზე მიგვანიშნებს, რომ სოფოკლე ნეოპტოლემოსის პიროვნულ განვითარებას ადამიანის მორალური ფორმირების აუცილებელ ასპექტად მიიჩნევს, თუმცა ობიექტურსა და სუბიექტურს, საზოგადოებრივსა და ინდივიდუალურს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად, აუცილებელია „გაველურებული“ ფილოქტეტესის ცივილიზაციაში დაბრუნება. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ის გარემოებაც, რომ ჰერაკლეს თქმით, ტროას აღება მხოლოდ ნეოპტოლემოსისა და ფილოქტეტესის კავშირით შეიძლება განხორციელდეს, როგორც „ერთად აღზრდილი ლომები“ ისინი ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ სოფოკლე, როგორც კლასიკის პერიოდის დრამატურგიის მეორე (შუა) წარმომადგენელი, ერთგვარი ოქროს შუალედის მიღწევის გზასა და კულტურაში ადამიანის ყოფიერების აღსრულების მოდელს გვთავაზობს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები