ფეხბურთის თამაშის წესები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ფეხბურთის თამაშის წესები”. ფეხბურთის შესახებ პირველი ქართულ ენაზე გამოცემული წიგნი. 1925 წელი

ფეხბურთის თამაშის წესები - იმ წესების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს ფეხბურთის თამაში. აღნიშნული თამაშის წესები აღებულია ფეხბურთის შესახებ პირველი ქართულ ენაზე 1925 წელს გამოცემული წიგნის - „ფეხბურთის თამაშის წესები” მიხედვით.


სარჩევი

მოთამაშეთა რიცხვი

თამაშობაში მონაწილეობს ორი გუნდი (ჯგუფი) თითეული 11 კაცის შემადგენლობით.

მსაჯულთა საყურადღებოდ მსაჯულმა, თუნდაც პირველი დასტვენიდან სულ რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ, გუნდს არ უნდა მისცეს ნება შესცვალოს სხვა მოთამაშეთი ის მოთამაშე, რომელიც უკვე შეუდგა თამაშს. ოფიციალურ თამაშში ასეთი შეცვლა არ შეიძლება იქნეს დაშვებული თუნდაც ამის თანახმა იყოს ორივე მოჯიბრე მხარე.

ბაქანის სივრცე

ბაქანი სიგრძით უნდა იყოს არა უმეტეს 120 და არა უმცირეს 92 მეტრისა, სიგანით არა უმეტეს 92 და არა უმცირეს 46 მეტრისა.

საერთაშორისო თამაშობა მოითხოვს ბაქანს – სიგრძით 110-დან 100 მეტრამდე და სიგანით 75-დან 65 მეტრამდე. ბაქანის ზედაპირი უნდა იყოს სწორე ვაკე და შეძლებისადაგვარად ბალახიანი.

მსაჯთა საყურადღებოდ თუ ბაქანის მდგომარეობა მოთამაშეებს საფრთხეს უქადის, მათ არ უნდა მიეცეს თამაშის ნება. ავდარში თუ განსაკუთრებული აუცილოებლობა არ არსებობს, თამაშობა მაინც არ უნდა მოიხსნას.

ბაქნის დამიჯვნა

მთელი სწორ კუთხიანი ბაქანი შემოფარგლულია ოთხი ხაზით: ორი „პირითი“ და ორი „გვერდითი“ – გრძელი ხაზით.

ეს ხაზები ხვდებიან ერთმანეთს და ქმნიან ოთხ სწორ კუთხეს; გადაჯვარედინებულ წერტილებზე უნდა ჩაისვას დროშები 1,5 მეტრზე არა უმოკლესი ტარებით დროშების წინ, ამავე წერტილებიდან, ერთ მეტრიანი სხივოთი (რადიუსი) უნდა მოიხაზოს რკალები, რომელნიც უნდა აერთებდენ კუთხის გვერდებს, ამ გზით მიღებული სექტორიდან სწარმოებს „კუთხიდან“ ბურთის გაკვრა, ბაქანის სიგრძის გვერდითი ხაზის მართოკად უნდა გატარდეს „შუალა“ ხაზი, რომელიც შეაერთებს „გვერდითი“ ხაზების შუაგულებს და მთელ ბანს აქ გაჰყოფს ორ თანაბარ ნახევრად.

ამ ხაზის და, მაშასადამე, მთელი ბაქანის შუაგული აღინიშნება თვალსაჩინო რგოლით და აქედან 9,15 მეტრიანი სხივოთი შემოახაზება მთლიანი წრე.

მსაჯთათვის „კუთხური“-ს გაკვრის დროს მსაჯმა, მოთამაშის ხელის შესაწყობად, არ უნდა დაუშვას დროშას მოხსნა ან ტარის ამოძრობა. მოთამაშეს ნება აქვს სექტორის ფარგლებში ბურთი იქ დადვას, სადაც სურს, მაგრამ დროშას ადგილიდან დაძვრის უფლება არა აქვს.

კარი

ბაქნის „პირითი“ (მოკლე) გეზზე უნდა დაიდგას „კარი“ ანუ ბჭისკარი, რაც ბაქნის კუთხეებიდან თანაბარ მანძილზეა დაშორებული შვეულად დასობილ ორი ბოძისაგან. ამ ბოძების თავებზე გადებულია ლატანი, რომლის ყოველი წერტილი მიწიდან არის 2,45 მეტრის სიმაღლეზე, მანძილი ბოძებს შორის 7 მეტრს და 32 სანტიმეტრს უდრის).

ბოძების და ზედალატანის სისხო არ უნდა აღემატებოდეს 14 სანტიმეტრს.

მსაჯთა საყურადღებოდ მსაჯმა არ უნდა მისცეს ნება რომელიმე მოთამაშეს, განზრახ კუთხის დროშის გადასმისა ან კარის ზედალატნის დამდაბლობისა. ასეთი მოქმედება თუ განმეორდა, მოთამაშე უნდა გაიდევნოს ბაქანიდან (თამაშიდან). თამაშის დაწყების წინ სასურველია შეამოწმოთ გატარებულია თუ არა პირითი გეზი კარში და თუ გაუტარებელი აღმოჩნდა, მსაჯმა უნდა მოითხოვოს მისი განახლება, რათა თამაშში აცილებული იქნეს სადაო შემთხვევები.

კარის არე

კარის თითეული ბოძიდან 5,5 მეტრის მანძლზე, პირითი, გეზიდან დაწყებული და გვერდითი გეზების გასწვრივ, ბაქნის შიგნით უნდა გატარდეს ორი ხაზი, თითო 5,5 მეტრის სიგრძით. მათი ბოლოები უნდა შეერთდეს მესამე ხაზით, რომელიც გაივლის პირითი გეზის გასწვრივ და იქნება სიგრძით 18,32 (55+7,32 კარი+55) მეტრი. იმ მოედანს, რომელსაც მივიღებთ ამ ხაზების გავლებით ეწოდება „არე“ ან „მეკარის არე“, „კარგუშაგის არე“.

საჯარიმო არე

სწორედ ასევე, მაგრამ უფრო მოშორებით 16,5 მეტრის მანძილზე კარის ბოძებიდან და 16,5 მეტრის სიგრძეზე იმავე მხარეს გაივლება კიდევ ორი ხაზი და შეერთდება მესამე ხაზით, რის შემდეგაც მივიღებთ ოთხკუთხედ არეს 40,32 (16,5+7,32+16,5) კვ. მეტრისას. ამ ოთხკუთხედს ეწოდება „საჯარიმო არე“.

ამ მოედნის შიგნით ჭისკრის შუა ადგილიდან 11 მეტრის მანძილზე, აღინიშნება „საჯარიმო გაკვრის“ ადგილი ადვილად დასანახი ლაქათი (წერტი).

ბურთი

სათამაშო ბურთის გარე მოცულობა უნდა იყოს 71-დან 69 სანტიმეტრამდე. საერთაშორისო თამაშობაში ბურთის წონა უნდა იყოს 13-დან 15 უნცამდე (86-99 მისხალი).

ბურთის გარეკანი ტყავისაა და იკერება თასმით, რომელიც ღრმად უნდა იყოს ტყავში ჩამჯდარი და არ ჰქონდეს ნასკვები.

თამაშის ხანგრძლივობა

თამაში გრძელდება სრული 90 წუთი, რომელიც იყიფა ორ ნახევრად – თითო 45 წუთი. თითოს ეწოდება „ერგ-ხანი“ (ხავტაიმი).

ამ ორ „ერგ-ხან“-ს შორის მოთამაშეები ისვენებენ არა უმეტეს 10 წუთისა.

ზოგჯერ შეჯიბრ-გათამაშების ტეხნიკური პირობები მოითხოვს, რათა თამაში სწარმოებდეს განსაზღვრულ შედეგამდე. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ პირობებში 90 წუთის (45+45) თამაში არ იძლევა გადაჭრილ შედეგს, მოთამაშეებს ეძლევათ დამატებითი დრო შემდეგი წესით: გუნდებს ეძლევათ წინადადება ითამაშონ კიდევ 30 წუთი, გაყოფილი ორ ერგხანად – თითო 15 წუთი; პირველი 15 წუთის წინ უნდა იყაროს კენჭი კარის ასარჩევად, ხოლო მეორე 15 წუთის წინ ხდება კარების შეცვლა, მაგრამ თამაშის შეუწყვეტლად. თუ ეს 30 წუთიც უშედეგოდ გათავდა, მაშინ მოთამაშეებს ეძლევათ 10 წუთი შესვენება, ხდება კენჭის ყრა კარის ასარჩევად და თამაში შეუსვენებლად გრძელდება ბურთის პირველ გატანამდე, რაც უკვე სწყვეტს გამარჯვების საკითხს.

მსაჯთა საყურადღებოდ „ამხანაგურ“ თამაშობაში მსაჯს შეუძლია მოახდინოს დროს შეცვლა თანახმად თამაშ-თავთა (კაპიტნები) ურთიერთ შორის შეთანხმებისა. ოფიციალ კალენდარულ თამაშში მსაჯი მოვალეა სისწორით ჩაატაროს, დანიშნული დრო ის დრო, რომელიც დაიკარგება რაიმე შემთხვევის გამო (ბურთის გასკდომა და სხ.) მსაჯმა უნდა შეავსოს ისე, რომ წმინდა დრო გამოვიდეს არა უმცირეს და არა უმეტეს 90 წუთისა. ასეთ შემთხვევებში მან უნდა აცნობოს გუნდსა და თამაშთავს რათა მათ სისწორით იცოდენ, რამდენი დრო დაიკარგა და რამდენს უმატებს მსაჯი.

მსაჯს უფლება აქვს შესწყვიტოს როგორც „ამხანაგური“ ისე ოფიციალური თამაში დაღამების, საზოგადოების ჩარევის, მოთამაშეთა უხეშ ყოფაქცევის და სხვა მაიძულებელ მიზეზთა გამო.

კარის არჩევანი

თამაშის დაწყებამდე მსაჯი ახდენს კენჭის ყრას ამა თუ იმ გუნდის მიერ კარის არჩევანში.

მსაჯულთათვის საჭიროა ყოველთვის, აღინიშნოს თუ რომელმა გუნდმა აირჩია კარი, რათა არ მოხდეს გაუგებრობა თამაშის მეორე ერგხანის დაწყებისას.

დაწყებითი გაკვრა

თამაშობა იწყება ბურთის გაკვრით „ადგილიდან“ – ბაქანის ცქიტოდან (ცენტრი) მოწინააღმდეგის კარისაკენ.

ამ „დაწყებით“ გაკვრამდე მოწინააღმდეგეებს არა აქვთ უფლება მივიდენ ბურთთან 9,15 მეტრზე ახლო, ე.ი. იდგენ წრის შიგნით; აგრეთვე არც ერთი მოთამაშე არ უნდა გადაცდეს ბაქნის შუალა ხაზს სხვისი ნახევრისაკენ.

განმარტება – „ადგილიდან“ გაკვრა ეწოდება ისეთ გაკვრას, როდესაც ფეხი ხვდება ბურთს მაშინ, როცა იგი უძრავად სდევს მიწაზე. ბურთის შეხება მოწინააღმდეგეთაგან შეიძლება მაშინ, როგორც კი იგი ერთჯერ გადაგორდება, ესე იგი თავის გარემოწერილობის ოდენ მანძილს გაივლის, „დაწყებითი გაკვრა“ ბურთისა წინ ან გვერდზე საკუთარ ამხანაგისაკენ უნდა მოხდეს, ხოლო უკან არასოდეს.

მსაჯთათვის მსაჯი უნდა ადევნებდეს თვალს, რომ მოთამაშეებმა დაწყების დროს ბურთს უკან კი არ გაჰკრან, არამედ წინ და ნამდვილად გაჰკრან და არა მხოლოდ ფეხი შეახონ.

ამ წესის განზრახ დარღვევისათვის საჭიროა მოთამაშეს მიეცეს შემჩნევა, ხოლო გამეორების შემთხვევაში გაძევებულ იქნას ბაქნიდან.

ბურთი არ შეიძლება ჩაითვალოს გათამაშებულად თუ პირველი გაკვრითვე გავიდა კარში და არავის შეხებია გზადაგზა.

მას შემდეგ, როცა დაწყებითი გაკვრა სისწორით იქმნება შესრულებული, დანარჩენ მოთამაშეებს შეუძლიათ საითაც სურთ იქით გაუშვან ბურთი.

თუ მსაჯის აზრით ბურთმა გაკვრის შემდეგ არ განვლო იმოდენა მანძილი, რასაც მისი გარემოცულობა უდრის, მაშინ ბურთი ხელახლა უნდა დაიდოს ბაქანის შუაგულში და გაკვრა განმეორდეს მსაჯის დასტვენის შემდეგ.

ყურადღება უნდა მიექცეს, რომ დაწყებით გაკვრის მოხდენამდე არც ერთი მოთამაშე არ გადასცილდეს შუალა ხაზს; თუ ეს დაირღვევა, გაკვრა უნდა განმეორდეს.

მოთამაშეთათვის თამაში იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მოხდა დაწყებითი გაკვრა და არა დასტვენის მომენტიდან, რაც გაკვრის სიგნალია და სხვა არაფერი; ამიტომ უდროოდ არ უნდა გადაირბინოთ სხვის ნახევარში ან შეირბინოთ წრის შიგნით.

შესვენება – კართა ცვლა, თამაშის განახლება

თამაშის პირველი ერგ-ხანის (45 წ.) გასვლის შემდეგ ხდება „შესვენება“ რაც გრძელდება არა უმეტეს 10 წუთისა (თუ მსაჯმა სხვანაირად არ გადასწყვიტა). შესვენების შემდეგ მოწინააღმდეგეები იცვლიან ბაქანის მხარეებს და თამაშს იწყებს მეორე გუნდი (რომელსაც პირველად არ დაუწყვია)

ბურთი ითვლება გატანილად

გარდა განსაკუთრებულად აღნიშნული შემთხვევებისა, ბურთი გატანილად ითვლება მაშინ, როდესაც იგი მთლიანად გავიდა კარში – ბოძებ შუა და ზედა ლატნის ქვეშ, მაგრამ არ ყოფილა ხელით ასროლილი, გაკრული, შენახები ან შეტანილი. იგებს ის გუნდი რომლის სასარგებლოდაც მსაჯმა აღნიშნა ბურთის, გატანის უმეტესი რიცხვი.

თუ არც ერთი ბურთი არ არის აღნიშნული ან თუ გატანილი იგირაოდენობა ერთნაირია ორივე მხარესთვის, მაშინ თამაშობა ითვლება უშედეგოდ.

განმარტება ბურთი ითვლება კარში გატანილად მაშინ, როდესაც იგი მთლიანად გაივლის ჭისკარს.

მსაჯთათვის ბურთი არ ითვლება გატანილად იმ შემთხვევაშიც, როდესაც გვერდითი გეზიდან ნატყორცნი იგი პირდაპირ გაივლის კარში. ასეთ შემთხვევაში თავდამცველთ უნდა მიეცეთ ერთი თავისუფალი გაკვრის უფლება კარიდან. შეიძლეგა ბურთი მიგორავდეს ხაზზე და მისი უმეტესი ნაწილი ხაზის გარეთ იყოს, მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ იგი შევიდა კარში. თვით კარგუშაგი თავდაცვის დროს შეიძლება კარისხაზის უკანაც იყოს, მაგრამ ბურთი მაინც ვერ ჩაითვლება გატანილად, თუ კი იგი მთლიანად არ აღმოჩნდა ხაზს გადაცილებული.

მსაჯმა ბურთი არავითარ შემთხვევაში არ უნდა სცნოს გატანილად, სანამ სავსებით არ დარწმუნდება, რომ ბურთი მთლიანად იყო კარში გავლებულ პირით გეზს გადაცილებული. ხდება ხოლმე, რომ კარგუშაგი მუშტის მკვრით უკუაგდებს ბურთს, მაგრამ ხელის გაქნევის დროს ბურთს გაუშვებს ხაზს გადაღმა; თუ მსაჯული ცხადათ დაინახავს, რომ ასეთ შემთხვევაში ბურთი მთლიანად ხაზს გადასცდა იგი უნდა ჩაითვალოს გატანილად; ასევე გატანილად უნდა ჩაითვალოს, თუ კარგუშაგმა ბურთი ხელში დაიჭირა, მაგრამ ამ მომენტში ისე ღრმად იდგა კარში, რომ მთელი ბურთი კარგუშაგიანად მოხვდა მის ხაზს გადაღმა.

იმისათვის რომ მსაჯმა არასოდეს არ განსაჯოს დამნაშავის სასარგებლოდ, მან ლელო უნდა ჩათვალოს გატანილად იმ შემთხვევაშიც, როცა ბურთი კარში გავიდა მას შემდეგ, როცა მას ხელი ახლო ერთმა მცველთაგანმა; საჯარიმო გაკვრის („ჯარიმა“) დანიშვნა მცველთა სასარგებლო იქნებოდა.

შეუძლებელია არ ავღნიშნოთ, რომ მსაჯი საზოგადოთ რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს ბურთთან. როდესაც კარზე დარტყმაა მოსალოდნელი, მაშინ მსაჯისთვის კარის გვერდით დგომა უფრო ხელსაყრელია.

ზედა ლატნის ადგილცვლა

თუ თამაშობის დროს კარის ზედალატანი რაიმე მიზეზით დაბლა დაიწევს, მსაჯულს შეუძლია ბურთი გატანილად ჩათვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც მისი აზრით, ბურთი გაივლიდა ზედალატნის ქვეშ, თუ ზედადგარი შესაფერ სიმაღლეზე იქნებოდა.

ბურთის უკუგდება კარიდან

ბურთი რჩება თამაშობაში, თუ იგი დაეჯახა კარის ბოძების ზედა ლატანს ან კუთხის დროშის ტარს და უკანვე გაბრუდა ბაქანზე, ასევე ხდება თუ ბურთი შეეხო მთავარ ან გეზის მსაჯებს იმ დროს, როდესაც ისინი სათამაშოდ იმყოფებოდენ.

განმარტება თუ ბურთი შეეხო მთავარ ან ხაზის რომელიმე მსაჯს, იგი რჩება თამაშში, თუნდაც უამისოდ მოსალოდნელი ყოფილიყო ბურთის ბაქანის საზღვრებზე გასვლა, თუ ბურთი მსაჯს მოხვდება და ხაზს გადაღმა გადავარდება იგი ითვლება თამაშობიდან გასულად („გარედ“) და ხაზიდან გატანილად იმ მოთამაშის მიერ, რომელმაც მას უკანასკნელად შემოჰკრა.

გეზის მსაჯები (ქვე-მსაჯები) უნდა იმყოფებოდენ იმ ხაზების გარეთ, რომლებიც ჰფარგლავენ სარბიელს.

ბურთის თამაშობიდან გასვლა

ბურთი ითვლება თამაშობიდან გასულად, თუ იგი გადასცდა სარბიელის წინა ან გვერდის ხაზს, სულ ერთია ჰაერში გაფრენით თუ მიწაზე გორვით. ასეთ მდგომარეობას ქართულად „გარე“ ეწოდება.

განმარტება ბურთი რომ „გარე“-დ ჩაითვალოს, იგი მთლიანად ხაზს გარედ უნდა იყოს.

მსაჯთა საყურადღებოდ თუ ბურთი ხაზს გადასცდა, მაგრამ ქარმა უკანვე შემოიტანა სარბიელზე. იგი უნდა ჩაითვალოს „გარე“-დ.

მოთამაშეთა საყურადღებოდ თუ ბურთი გვერდით ან პირითი გეზზე მიგორავს, თამაშს თავი არ უნდა დაანებოთ, – იგი მთლიანად ხაზის გარეთ უნდა იყოს, რომ „გარე“-დ ჩაითვალოს.

ბურთის ტყორცნა

თუ ბურთი გვერდითი გეზს გადასცდა, მაშინ მოწინააღმდეგე იმ გუნდისა, რომლის შემოკვრითაც ბურთი „გარე“-დ გავიდა სტყორცნის ბურთს ხელებით იმ წერტილიდან, სადაც ბურთმა გაიარა; ბურთის ამსროლი მოთამაშე უნდა დადგეს ორივე ფეხებით თვით ხაზზე, პირისახე მიმართული ჰქონდეს ბაქნისკენ და ბურთი გადაისროლოს საითაც სურს, ოღონდ ორივე ხელით და თავზე გადავლებით. ტყორცნისთანავე ბურთი იმყოფება თამაშობაში. ასეთი ტყორცნით რომ ბურთი, ვისმესგან ხელშეუხებლად, ერთბაშად „კარში“ გავიდეს, იგი არ შეიძლება გატანილად ჩაითვალოს. ბურთის მტყორცნელს უფლება არა აქვს სტყორცნოს იგი ხელმეორედ, სანამ რომელიმე სხვა მოთამაშე არ შემოჰკრავს მას.

მსაჯთათვის როგორც კი ბურთი ბაქანს გადასცდება, მსაჯი უსტვენს, – ტყორცნა კი ხდება დაუსტვენლად. მსაჯი თვალყურს უნდა ადევნებდეს, რომ ტყორცნა წესიერად მოხდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოთამაშე ჩქარობს. თუ მთავარი მსაჯი ჰხედავს, რომ ქვემსაჯები სწორედ არ უჩვენებენ სატყორცნელ ადგილს, მაშინ მან უნდა შენიშნოს, რათა ქვემსაჯები ახლოს იმყოფებოდენ ბურთთან, არ შედიოდენ სათამაშო სარბიელზე და დროშით უჩვენებდენ იმ ალაგს საიდანაც უნდა მოხდეს გატყორცნა.

თუ ბურთი სწორედ არ იქნა ნატყორცნი მსაჯული უსტვენს და მიუსჯის მოწინააღმდეგეს „თავისუფალი“ გაკვრის უფლებას.

წესის დაშლა მდგომარეობს შემდეგში:

1) მოთამაშე ხაზს არ ეხება ორივე ფეხით;
2) ფაქტიურად ბურთს ისვრის ერთი ხელით, ხოლო მეორეთი მარტო უჭირავს იგი;
3) ბურთს არ სტყორცნის თავზე გადავლებით (თავზე გადაცილებით).
4) არ სტყირცნის არამედ ძირს აგდებს;
5) თუ ტყორცნის დროს შეხტა (ცერებზე შედგომა ნებადართულია).

თუ ყველაფერი წესიერად შესრულდა, ბურთი შეიძლება იქნას ნატყორცნი სასურველი მიმართულებით.

მოთამაშე „თამაშ-გარე“-თ

მოთმაშე თამაშ-გარე ა–ნს მოჰყავს ბურთი და, რადგან წინ უცხო მოთამაშე დ უდგა, „გადასცემს ბ–ს. ბ“ თამაშ გარეთაა, რადგან იმ მომენტში, როდესაც ა მას ბურთს აწოდებს, მასა და პირით გეზე შორის არ იმყოფება სამი უცხო. მოთამაშე.
თუ ბ, სანამ ბურთს გაჰკრავდეს, დაელოდება ე-ს უკან დახევას, იგი მაინც თამაშ გარე იქნება, თუმცა მის წინ იქნებასამი უცხო მოთამაშე; მაგრამ ეს არ შეუძლია შეცვალოს ბ და ა-ს შორის არსებული დამოკიდებულება, უკანასკნელისგან ბურთის გაკვრის დროს.

თუ მოთამაშე გაჰკრავს ან სტყორცნის ბურთს გვერდით გეზიდან და იმავე გუნდის სხვა მოთამაშე ამ დროს უფრო ახლო სდგას მოწინააღმდეგის პირითი გეზთან, ვიდრე ბურთის გამკვრელი ან მტყორცნელი, მაშინ ის „თამაშ გარე“ ითვლება და უფლება არა აქვს ბურთს შეეხოს, რითიმე ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგეს ან საერთოდ ჩაერიოს თამაშში, სანამ ვინმე სხვა არ გაჰკრავს ბურთს, ან თუ ბურთის ტყორცნისა და გაკვრის დროს მისსა და კარს შუა არ იდგომება სამი მოპირდაპირე მაინც.

მოთამაშე თამაშში.ა-მა გამოიყვანა ბურთი, და, რადგან წინ დ ყავდა, ბურთი გვერდისკენ გადასცა. ბ გარბის 1-დან მე-2-ე ადგილზე და გაჰკრავს ბურთს. ბ არ შეიძლეგა იყოს თამაშ გარედ რადგან იმ მომენტში,როდესაც ა მას ბურთს აწოდებს, იგი დგას ბურთის უკან და თავის წინ ჰყავს სამი მოპირდაპირე

მოთამაშე არ შეიძლება იყოს „თამაშ გარე“-თ.

1) ბურთის პირველი გაკვრის დროს კუთხიდან (კუთხური) ან კარიდან (კარული);
2) თუ ბურთის უკანასკნელი გაკვრა მოახდინა მოპირდაპირემ;
3) თუ მოთამაშე ბაქანის საკუთარ ნახევარში იმყოფება იმ დროს, როდესაც ბურთს გაჰკრავს ან გვერდით გეზიდან სტყორცნის მისივე გუნდის მოთამაშე.

განმარტება თუ მოთამაშე „თამაშ გარედ“ იმყოფება, მაგრამ თამაშობაში არ ერევა –ეს არ არის წესის დარღვევა. მოთამაშე მარტო იშ შემთხვევაში არღვევს წესს და იწვევს მსაჯის დასტვენას, თუ „თამაშ გარედ“ მდგარს გავლენა აქვს თამაშის მსვლელობაზე. ამიტომ მსაჯმა არ უნდა დაუსტვინოს იმ მიზეზით, თუ მოთამაშე „თამაშ გარე“ სდგას და თამაშში კი არ ერევა.

მსაჯთათვის მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს არა იმ მდგომარეობას, რომელიც, მოთამაშეს უჭირავს, როცა იგი ბურთს იღებს, არამედ იმას, თუ სად იდგა იგი, როცა მას ბურთი გაეგზავნა. თუ მოთამაშე თავის ამხანაგის მიერ ბურთის გაკვრის დროს წესიერად იდგა, ხოლო გაკვრის შემდეგ გამოხტა და მიიღო ბურთი, ისე რომ არ ჰყავდა თავის წინ სამი მოპირდაპირე, – ეს შეცდომა არ არის. ხოლო თუ იგი ბურთის მიწოდების დროს უკვე „თამაშ გარეშე“ იდგა (არ ჰყავდა თავის წინ სამი მოპირდაპირე), მაგრამ შემდეგ უკან გაიქცა ბურთის ასაღებად და მოექცა სამი მოპირდაპირის უკან, საჭიროა დასტვენა, თუნდაც რომ ამ დასტვენის მომენტში იგი უკვე წესისამებრ იდგეს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს „თამაშობის გარეშე“ წესის დაცვას „კუთხურის“ გასვრის დროს. – „კუთხური“-ს პირველი გაკვრის შემდეგ არც ერთი მოთამაშე, სხვისი წრის ხაზზედაც რომ იდგეს, არ ჩაითვლება „თამაშ გარედ“. მაგრამ თუ ბურთი რამდენჯერმე დავარდა კარიდან დაშორებით და მას გაჰკრავენ (მაშასადამე ეს უკვე მეორე გაკვრა) რომელიმე შემტევი გუნდიდან, მაშინ მისი გუნდის მოთამაშეთა მთელი რიგი, კარის ახლო რომ იდგნენ, „თამაშგარე“ რჩებიან.

მოთამაშე, რომელიც მისდევს ბურთის მიმრეკავ თავის ამხანაგს ან მიჰყვება ბურთს მწკრივად, არასოდეს არ შეიძლება იყოს „თამაშ გარედ“.

მას შემდეგ, რაც ბურთს შეეხო ერთი, მცველთაგანი, არც ერთი. შემტევი არ შეიძლება იყოს „თამაშ გარედ“, მაგრამ საკმარისია ბურთი შეეხოს ერთ შემტევთაგანს, რომ ხელახლა, დასტვენაა საჭირო. წინააღმდეგ, თუ მოთამაშე, აშკარად: იდგა „თამაშ გარედ“ მაგრამ ბურთი შეეხო ერთ მცველთაგანს, დასტვენა უკვე აღარ შეიძლება.

მოთამაშეს არ შეუძლია თავის ნებით ჩაერიოს თამაშობაში უკან გადარბენით მას თამაშში ჩარევის უფლება აქვს, თუ შემდეგი გაკვრა შესცვლის მის მდგომარეობას. მოთამაშის თამაშგარედ გამოცხადების მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ბურთის შეხება. საკმარისია, მან რითიმე ხელი შეუშალოს თავის მოპირდაპირეებს, ან თუნდაც სცადოს ხელის შეშლა, მაგალითად, კარგუშაგმა ვერ შეძლო ბურთის დანახვა „თამაშ გარეშე“ მყოფ მოთამაშის მიზეზით, რომ მსაჯულმა არ ჩათვალოს ბურთი გატანილად.

ბურთის „თავისუფალი“ გაკვრის, „ჯარიმის“ გაკვრის და გვერდით გეზიდან „ტყორცნის“ დროს „თამაშს გარე“-ს წესები ძალაში რჩება.

„თამაშ გარე“ მყოფ მოთამაშის ხელის კვრა, შეხლა და სხვა ნებადართული არ არის.

მოთამაშე შეიძლება ჩაითვალოს „თამაშ გარე“ თუ იგი ბაქნის საზღვრებს გარეთ იმყოფებოდა, თუ იგი, მაგალითად, ინერციის ძალით შევარდა კარის სიღრმეში და იქ დარჩა.

მოთამაშეთათვის ამ წესის მთავარი მომენტის გასაგებად საკმარისია შემდეგი. მოთამაშე „თამაშ გარე“ დგება არა იმ მომენტში, როდესაც მან ბურთს შემოჰკრა, არამედ იმ მომენტში, როდესაც მაზე წინ ბურთს შემოჰკრა მოთამაშემ მისი გუნდიდან.

თუ ბურთი მოწინააღმდეგემ გამოჰკრა მოთამაშე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს „თამაშ გარე“. ბურთი თუ თავის ამხანაგის მიერ არის გამოკრული, მოთამაშე არ შეიძლება იყოს „თამაშ გარე“ შემდეგ შემთხვევებში:

1) თუ წინ იმყოფება არა ნაკლებ სამი უცხო მოთამაშისა;
2) თუ იგი ბურთს იღებს წინიდან, ე.ი, როდესაც იმყოფება ბურთის უკან (აქედან გამომდინარეობს ბურთის გადაცემის უფლება დამცველების უკან, თუნდაც მარტო მეკარის წინ);
3) თუ მოთამაშე იმყოფება ბაქანის საკუთარ ნახევარში.

მას შემდეგ, რაც მოთამაშე იდგა „თამაშ გარე“ მას არ შეუძლია თვით გაერიოს თამაშში, ეს შეუძლია მარტო შემდეგ შემთხვევებში:

1) თუ ბურთს შემოჰკრა უცხო მოთამაშემ.
2) თუ მეორეთ შემოჰკრა, ბურთს თავის გუნდის მოთამაშეშ;
3) თუ „თამაშ გარე“ მყოფთა და მოპირდაპირის კარს შორის მოექცა სამი უცხო მოთამაშე იმ მომენტში, როდესაც ბურთი მისმავე ანხანაგმა გამოჰკრა და ეს ამხანაგი კი მასზე შორს იდგა მოწინააღმდეგის კარიდან.

თუ მოთამაშე იყო „თამაშ გარე“ და მიიღო კარიდან დაბრუნებული ბურთი, იგი განაგრძობს „თამაშ გარე“ ყოფნას.

თუ ბურთს შემოჰკრა მოწინააღმდეგემ, მოთამაშე არასოდეს არ შეძილება იყოს „თამაშ გარე“.

ადევნეთ თვალი როდესაც თქვენ ბურთს გიგზავნით თქვენი ამხანაგი, წინ გყავდეთ არა ნაკლებ სამი მოპირდაპირისა, იყვეთ ბურთის უკან ან ერთ ხაზზე მასთან.

თუ ბურთს შემოჰკრა მოწინააღმდეგემ თქვენ არ შეიძლება „თამაშ გარე“ იყვეთ, სადაც არ უნდა იდგეთ.

მაგრამ თუ თქვენ მოჰხვდით „თამაშ გარე“, ნუ ჩაერევით თამაშში როგორი სახითაც არ უნდა იყოს ეს (ნუ შეაჩერებთ, ნუ შეუშლით ბურთის დანახვას და სხ.)

თქვენ არ ითვლებით „თამაშის გარე“ „კუთხურის“ ან „კარულის“ გაკვრის დროს, თუ ბურთს პირველი შეეხებით. მაგრამ თუ კუთხური გაკვრის დროს, გამომკვრელი ბურთს აწოდებს თქვენსავე ამხანაგს, და უკანასკნელისაგან მოხდენილი შემოკვრის შემდეგ, თქვენ მოექეცით „თამაშ გარე“, მაშინ წესი ძალაში შედის და მსაჯი აჩერებს თამაშს.

როდესაც „თავისუფალი“ გაკვრა კართან ხდება, ნუ დადგებით „თამაშ გარე“, უფრო კი კარგუშაგის ახლოს; ოდნავი თქვენი მოძრაობის შემთხვევაში მსაჯმა უნდა დაუსტვინოს.

ეცადეთ იდგეთ ბურთის ხაზის უკან და მაშინ აიცილებთ მრავალ შეცდომებს.

ნურასოდეს ნუ დაუწყებთ მსაჯს მითითებას რომელიმე „თამაშ გარე-დ“ მდგომ მოთამაშეზე“

გაკვრა კარიდან („კარული“)

თუ ბურთი შემტევი გუნდის მოთამაშის შემოკვრით პირით გეზის გადაღმა გადავარდა, დამცველი, გუნდის ერთ მოთამაშეთაგანს ევალება ბურთი გასაკრავად დასდოს „კარის არეს“ იმ ნახევარში, რომელიც უფრო ახლოა ბურთის გადავარდნის ადგილიდან.

სანამ ბურთი გაიკვროდეს, მოპირდაპირენი არ უნდა მივიდენ მასთან 9 მეტრზე ახლო. ბურთს გაჰკრავს კარგუშაგი, ან იგი შეეხება მხოლოდ, და შემდეგ აქვს უფლება სხვამაც გაჰკრას.

მსაჯთათვის გაკვრის დრო მსაჯმა უნდა ანიშნოს დასტვენით და, თუ გაკვრა დასტვენამდე მოხდა, იგი უნდა განმეორდეს.

ადევნეთ თვალი, რომ ბურთი გაკრული იყოს „კარის არეს“ ნამდვილი ნახევრიდან.

„კუთხური“ გაკვრა

თუ ბურთი იგივე პირითი გეზს გადასცდა ერთ-ერთი დამცველი მოთამაშეთაგანის შეხების შემდეგ, მაშინ მას კუთხიდან გამოჰკრავს ერთი შემტევთაგანი. ამ „კუთხური“ გაკვრის მოსახდენად ბურთი დაიდება მახლობელი სექტორის ფარგლებში, რომელიც ბაქანის კუთხეშია აღნიშნული. ბურთის გაკვრამდე მოპირდაპირეებს არ შეუძლია მივიდენ 9 მეტრზე ახლო.

მსაჯთათვის შემოკვრის დრო მსაჯულმა უნდა ანიშნოს დასტვენით. თუ გაკვრა დაუსტვენლად მოხდა, იგი განმეორდება.

„კუთხური“-ს გაკვრის დროს მსაჯულისთვის საუკეთესო დასადგომ ადგილად ითვლება კარის ბოძი, რომელიც კუთხის პირისპირ სდგას.

თუ ბურთი კარის ბოძს დაეჯახა, იმ მოთამაშეს, რომელმაც იგი გაკრა, არა აქვს მეორედ გაკვრის უფლება მანამ, სანამ მას სხვა მოთამაშე არ შეეხება.

თუ მოპირდაპირეთაგან ვინმე ბურთთან 9 მეტრზე ახლო დგას, მსაჯმა არ უნდა დართოს „კარული“ ან „ კუთხურის“-ს გაკვრის ნება.

მოთამაშეთათვის კუთხური ბურთის გამკვრელს უფლება არა აქვს გადასვას ბაირაღი. ბურთი უნდა დადვას რკალით აღნიშნულ სექტორს ფარგლებში.

ხელების ხმარება კარგუშაგის მიერ

მეკარეს შეუძლია ისარგებლოს ხელებით „კარის“ და „საჯარიმო“ არეს ფარგლებში, მაგრამ არა აქვს უფლება „ატაროს“ ბურთი ხელით, ხოლო ხსენებული ფარგლების გარეთ არ შეუძლია შეეხოს მას ხელით.

განმარტება ბურთის „ტარება“-თ ითვლება, თუ ბურთის ხელში ან მისი ჰაერში ათამაშებით, კარგუშაგი გადადგამს ორ ნაბიჯზე მეტს.

მსაჯთათვის ბურთით ხელში ან მისი ათამაშებით კარგუშაგს არ შეუძლია გადადგას ორ ნაბიჯზე მეტი; მესამე ნაბიჯზე მსაჯმა უნდა დაუსტვინოს. ხელში ბურთის „ტარებისათვის“ ეძლევა არა „საჯარიმო“ გაკვრა, არამედ „თავისუფალი“.

თუ მეკარემ კარის ხაზზე, სამი და მეტი ნაბიჯი გადადგა, „თავისუფალი“ გაკვრა იმ ადგილიდან უნდა მიეცეს, სადაც შეცდომა იქნა დაშვებული.

კარგუშაგზე შეტევა

კარგუშაგზე შეტევა არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

1) ბურთი უჭირავს ხელში;
2) განზრახ ხელს უშლის მოპირდაპირეს და
3) გამოდის „კარის არეს“ ფარგლებიდან.

მსაჯთათვის როდესაც კარგუშაგი „კარის არე“-ს შიგნით არის, მასზე თავდასხმა შეიძლება მარტო იმ შემთხვევაში, თუ მას ბურთი ხელში უჭირავს ან განზრახ ხელს უშლის მოპირდაპირეს. „კარის არე“-ს გარე თავდასხმა შეიძლება, მაგრამ ეს თავდასხმა, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოდიოდეს თამაშობის საერთო წესების ფარგლებიდან, ე.ი. არ უნდა იყოს უხეში.

მსაჯი ძლიერი ყურადღებით უნდა ეპყრობოდეს კარგუშაგზე თავდასხმას და უცბათ შეაჩეროს ხოლმე აკრძალული განზოახვანი მით უმეტეს, რომ კარგუშაგს თითქმის არა აქვს თავდაცვის საშუალება.

მოთამაშეთათვის კარგუშაგს უნდა ახსოვდეს, რომ მას დაესხმიან თავს როგორც კი გამოვა თავისა არეს ფარგლებიდან. სანამ მას ხელში ბურთი არა აქვს და ხელს არ უშლის მოპირდაპირეს, იგი თავდასხმისაგან დაცულია წესებით. უსიამოვნების ასაცილებლათ კარგუშაგმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაგზავნოს ხოლმე ბურთი, როდესაც მას დაიჭერს.

კარგუშაგის შეცვლა

კარგუშაგი, შეიძლება თამაშობის დროს შეცვლილი იქმნეს სხვა მოთამაშით, ამ გუნდის 11 მოთამაშეთაგან მაგრამ თამაშთავმა ამის შესახებ უნდა აცნობოს უეჭველათ მსაჯს.

განმარტება თუ მსაჯს წინასწარ არ ჰქონია განცხადებული კარგუშაგის შეცვლის ამბავი და ახალმა ხელი შეახო ბურთს „საჯარიმო“ მოედნის ფარგლებში, – ამისათვის მას ეკუთვნის მიეცეს „საჯარიმო გაკვრა“;

მსაჯთათვის მიაქციეთ ყურადღება ამ განმარტებას! თამაშის დაწყებამდე დაიხსომეთ, ვინ დადგება კარგუშაგად. მსაჯს შეუძლია მოითხოვოს, რათა კარგუშაგი ჩაცმული იყოს სხვებისგან განსხვავებულ ტანსაცმელში (ფერით);

მოთამაშეთათვის თამაშთავი (კაპიტანი) მოვალეა გააფრთხილოს მსაჯი კარგუშაგის შეცვლის შესახებ.

უხეში თამაში

აკრძალულია მოთამაშისათვის ხელის კვრა, სარმა, ფეხის გამოდება და ზედ შეხტომა.

განმარტებააკრძალულია ყოველგვარი უხეში თამაში და განზრახვა მოწინააღმდეგის დაბანდებისა სარმით, მუჯლუგუნით, საერთოდ ფეხის ხმარებით.


მსაჯთათვის ეს წესი მსაჯულს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს უხეში თამაში და წესით უნდა ისარგებლოს სრულიად გაბედულად და გარდ უვალად უმჯობესია ერთბაშად შეაჩეროს მოთაშაშე – თუნდაც წვრილმანი დანაშაულისთვის, ვიდრე ჩავარდეს არასასურველ მდგომარეობაში როდესაც თამაში არასასურველ სახეს მიიღებს, მსაჯს შეუძლია შეაჩეროს იგი, რა დროსაც სურს, მისცეს შენიშვნა ან მისცეს „თავისუფალი“ გაკვრის უფლება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მოთამაშე უხეშად და შეუფერებლად იქცევა.

მოთამაშეზე განზრახ შეხტომა შეცდომათ ითვლება.

აღმზრდელობითი მიზნით განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა მოექცეთ ახალგაზრდა მოთამაშეთა უხეშ თამაშს. ახალგაზრდები ხშირად ხელოვნურ თამაშს ფეხების მტვრევას არჩევენ.

მოთმაშეთათვის მოთამაშეთ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ფეხბურთი თამაშობაა და არა ჩხუბი; სრულიად ზედმეტია უხეში ხერხის გამოყენება; კარგი მოთამაშე მუდამ გამონახავს საშუალებას წესიერად მოიქცეს იქ, სადაც ცუდათ მოთამაშე სიტლანქით ვერაფერს ხდება. არ უნდა დაივიწყოთ, რომ მრავალ შემთხვევაში ერთი მოთამაშის მოუხეშავობას მთელი გუნდი შეუძლია დამარცხებამდე მიიყვანოს.

ხელით თამაში („ხელი“)

არც ერთი (გარდა კარგუშაგის) მოთამაშე განზრახ ბურთს ხელით არ უნდა შეეხოს.

მსაჯთათვის საჭიროა მიექცეს ყურადღება იმას, რომ ბურთის უცაბედი ხელშეხებისათვის ყოველთვის არ არის საჭირო დასტვენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას საგრძნობლად არ შეუცვლია ბურთის მიმართულება, ბურთისათვის ხელის განზრახ შემოკვრის შემთხვევაში მსაჯულმა უნდა დაუსტვინოს, მაგრამ, თუ ასეთი განზრახვითი შემოკვრით ბურთი მოწინააღმდეგეს ხელში ჩაუვარდება, მსაჯულს შეუძლია თამაშობა განაგრძოს. უკანასკნელი გარემოება თამაშობას არ აჭიანურებს, მოთამაშეებს კი აიძულებს უფრო წინდახედულათ მოიქცენ. თუ ბურთი ტანზე მიღებულ ხელს მოხვდა, ეს არ არის შეცდომა.

მოთამაშეთათვის მოთამაშეები ხშირად აყვირდებიან და თამაშს თავს ანებებენ, როგორც კი მოთამაშე უცაბედათ ბურთს შეეხება, აუცილებლად საჭიროა თამაშობა გაგრძელდეს მანამ, სანამ მსაჯი არ დაუსტვენს, ვინაიდან იგი ყოველთვის როდია მოვალე თამაშობა შეაჩეროს.

მუჯლუგუნი და შეფერხება ხელებით

არ შეიძლება ხელებით მოწინააღმდეგის შეფერხება და ან ხელის კვრა.

განმარტება ხელებით შეფერხება ეწოდება იმ მოქმედებასაც, როდესაც მოთამაშე გაშლილი ხელებით ცდილობს ხელი შეუშალოს მოპირდაპირეს თუნდა მას ხელით არ შეეხოს.

შეტევა

შეტევა ნებადართულია, მაგრმ იგი არ უნდა იყოს უხეში და საშიშარი.

ზურგული კვრა

არ შეიძლება მოპირდაპირეს დაესხა ზურგიდან, თუ იგი შეგნებულად ხელს არ უშლის მოთამაშეს.

განმარტებათუ მოთამაშე, რომელმაც იცის, რომ მას ესხმიან, პირს იბრუნებს თავის კარისაკენ, ეს ისე ითვლება, რომ სურს შეგნებულად ხელი შეუშალოს მოპირდაპირეს. თუ მოთამაშე შეეხო მოწინააღმდეგეს, შეცდომა არ არის მას რომ, მუჯლუგუნი ჰკრას. „უცაბედობის“ გამორკვევა მსაჯის გამოცდილებაზე ჰკიდია. მსაჯი ყოველივე ზომას უნდა ხმარობდეს უხეში თამაშის აღმოსაფხვრელად და ამაში მას ენერგიულ დახმარებას უნდა უწევდნენ წრეთა წარმომადგენლები, რომლებიც ასეთ შემთხვევებში თავის მოთამაშეებს არ უნდა უჭერდნენ მხარს.

მსაჯთათვის მოთამაშეზე თავდასხმა ზურგიდან შეიძლება მარტო მაშინ, როდესაც იგი შეგნებულად უშლის ხელს მოპირდპირეს, სულერთია, იბრუნა მან პირი თავისი კარისაკენ თუ არა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ უხეში თავდასხმა და შეტევა.

თავისუფალი გაკვრა

თუ „თავისუფალი“ გაკვრა არის დანიშნული, გამკვრელის მოპირდაპირეებს არა აქვთ უფლება მივიდენ ბურთთან 9 მეტრზე ახლო, სანამ ბურთი არ გაიკვრება, ოღონდ მოპირდაპირენი არ უნდა იდგენ თავიანთ „პირითი“ მხარეზე (მაგალითად, როდესაც ბურთი იკვრება კარგუშაგის არედან ორ ნაბიჯზე მეტი მანძილზე გამოსვლის გამო), ბურთი ითვლება თამაშობაში, როგორც კი ერთხელ გადაგორდება. გამომკვრელს არა აქვს ნუბა მეორედ გაჰკრას, სანამ ბურთს არ შეეხება ვინმე სხვა მოთამაშე. ამ წესის მიხედვით, „ადგილიდან“ (გარდა დაწყებითისა), „კუთხითი“ და „კარული“ ითვლება „თავისუფალ გაკვრათ“.

მსაჯთათვის –ადევნეთ თვალყური, რათა „თავისუფალი“ გაკვრა ხდებოდეს იმ ადგილიდან, სადაც მოხდა წესის დარღვევა და დასტვენით მიეცით გაკვრის ნიშანი.

„თავისუფალი“ გაკვრა უნდა ხდებოდეს ხანდაუზმელად. თუ მოთამაშენი შეგნებულად აჭიანურებენ თამაშობას, მსაჯმა უნდა გააფრთხილოს. გაკვრის ნება არ უნდა მიეცეს, თუ ბურთი ჯერ კიდევ მოძრაობაშია.

მოთამაშეთათვისმსაჯულის დაუსტვენლად „თავისუფალი“ გაკვრა არ შეიძლება. ნუ მიხვალთ ბურთთან 9 მეტრზე ახლო, როდესაც „თავისუფალი“ გაკვრის უფლება მოპირდაპირეს აქვს ამ წესის რამდენჯერმე დარღვევის შემთხვევაში მსაჯს უფლება აქვს განდევნოს მოთამაშე ბაქანიდან. მოთამაშეს შეუძლია ბურთთან იდგეს ახლო მაშინ, თუ იგი დგას თავის კარის გეზზე.

ბურთი გატანილია (კარი აღებულია)

ბურთი შეიძლება უშუალოდ გატანილ იქნას საჯარიმო გაკვრით, რომელიც მიეცა უხეში თმაშის წესის დარღვევისთვის, მაგრამ „თავისუფალი“ გაკვრის შემდეგ პირდაპირ კარში მიმართვა არ შეიძლება.

მსაჯთათვის ბურთი შეიძლება გატანილი იქმნას საჯარიმო გაკვრით უშუალოდ. ეს შეიძლება მოხდეს მარტო იმ საჯარიმო გაკვრით,რომლის უფლებაც ეძლევა უხეში თმაშის წესის დამრღვევთა მოწინააღმდეგე გუნდს, ე.ი.:

1) უხეში თამაშობისთვის (ფეხის შემოკვრა, მოთამაშეზე შეხტომა, ფეხის დადება), ტლანქი თავდასხმისთვის;
2) ხელებით ბურთის შეხებისთვის და ხელებითვე მოპირდაპირის დაბანდებისთვის;
3) ზურგიდან მუჯლუგუნებისთვის.

ხოლო თუ თავისუფალი გაკვრა მიცემული ჰქონდა:

1) ბურთის მეორეჯერ გაკვრისთვის, სანამ მას შეეხებოდა მეორე მოთამაშე.
2) კარგუშაგის მიქრ ბურთის ტარებისათვის (ორ ნაბიჯზე მეტი ბურთით ხელში არ შეიძლება), კარგუშაგზე უშუალო თავდასხმის გამო.
3) „თამაშ გარე“-ს გამოცხადების დროს.
4) სადაო გაკვრის დროს ბურთის გაკვრისთვის, სანამ იგი მიწას შეეხებოდა.
5) „საჯარიმო“-ს არა წინ გაკვრისთვის.
6) გვერდითი გეზიდან ბურთის უმართებულო „ტყორცნისთვის“.
7) დასამარცხებელ თამაშისთვის, თანახმად მე-13 წესისა, და თუ ასეთი „თავისუფალი“ გაკვრით კარში უშუალოდ გასული ბურთი, ე.ი. როდესაც იგი არავის არ შეეხო გზადაგზა – არ ჩაითვლება, მაგრამ იგი ჩაითვლება, როდესაც გზაზე მას შეეხება რომელიმე სხვა მოთამაშე, თუნდაც წინასწარი განზრახვის გარეშე.

მოთამაშეთა ფეხსაცმელი

ფეხსაცმელებზე და საწვივებზე არ უნდა იყოს ლურსმნები, გარდა ისეთებისა, რომელთა თავებიც ჩაჭედილია ტყავში მისი ზედაპირის თანაბრად. აკრძალულია ლითონის გინდ გუტაპერჩის ბალთები.

ფეხსაცმელის ფსკერზე ან ქუსლზე დაკრული ტყავის ნაჭრები და ხორკლები არ უნდა იყოს 1/2 დიუმზე მაღალი და ისე წაწვეტიანებული, რომ წარმოადგენდეს მოთამაშეთათვის რაიმე საფრთხეს. დაუშვებელია ლითონის ხორკლები, თუნდაც შემოკრული იყოს რითიმე.

იმ მოთამაშეს, რომელსაც ასეთი ფეხსაცმელი არ აქვს უნდა აღეკრძალოს თამაშობაში მონაწილეობა.

ყოველივე გაუგებრობის ასაცდენად მოთამაშეებმა ფეხსაცმელები თამაშობის დაწყების წინ და შესვენების დროს მსაჯს უნდა დაათვალიერებინონ.

მსაჯთათვის მსაჯს ფეხსაცმელების გასინჯვა შეუძლია თავის ინიციატივითაც. თუ იგი შეამჩნევს თამაშობაში აკრძალულ ფეხსაცმელს, შეუძლია მოთამაშე დაითხოვოს ბაქნიდან.

არ უნდა ეკრას:

1) ლურსმნები, ტყავის ზედაპირზე მაღლა;
2) ლითონის ფირფიტები და აბზინდები, რომლებიც სცილდებიან ტყავის ზედაპირს;
3) გუტაპერჩი და, საზოგადოთ, მაგარი ნაწილები ფეხსაცმელზე ან საწვივეზე.
4) ტყავის ისეთი ნაჭრები ფეხსაცმელების ფსკერზე, რომლებიც არ ფარავენ მთელ ფსკერს, არიან 1/2 დიუმზე ვიწრონი ან განიერი გარდიგარდმო და სიბრტყეზე არ უნდა იყოს დაკრული.
5) ტყავის ხორკლები, უნდაიყოს 1/2 დიუმზე ნაკლები დიამეტრით, 1/3 დიუმზე მეტი სიმსხოთი, წოწოვანი და წაწვეტილი.

მოთამაშეთათვინ მოთამაშე თვით უნდა ადევნებდეს თვალყურს, რომ მისი ფეხსაცმელი არ წარმოადგენდეს საფრთხეს ამხანაგებისთვის. საეჭვო შემთხვევაში უმჯობესია თამაშის დაწყებამდე იკითხოთ მსაჯის აზრი, ამის შესახებ, ვიდრე იმყოფებოდეთ გაძევების მოლოდინში. არ დაგავიწყდეთ სახლშივე გადაათვალიეროთ თქვენი ფეხსაცმლები, რადგან ხორკლები მალე ცვდება და ლურსმნები იჩენს თავს.

მსაჯი

ყოველ თამაშში უნდა იყოს „მსაჯი“, რომელიც თვალყურს ადევნებს წესების შესრულებას და სწყვეტს ყოველივე სადაო საკითხებს; მისი გადაწყვეტილებანი თამაშობის ფაქტებისა და შედეგების მიმართ საბოლოვოა. მსაჯი თვალყურს ადევნებს დროს და ადგენს ანგარიშს თამაშის შესახებ. მოთამაშის ურიგო ყოფაქცევის დროს მსაჯი აძლევს დამნაშავეს შემჩნევას, ხოლო დანაშაულის განმეორების ან რომელიმე ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და აგრეთვე უხეში ყოფაქცევის გამო მსაჯს ყოველივე გაფრთხილების გარეშე უფლება აქვს გააძეოს დამნაშავე ბაქნიდან, რის შესახებაც შემდეგ, უნდა განუცხადოს სათანადო ხელმძღვანელ ორგანიზაციას. მსაჯს უფლება აქვს გააგრძელოს თამაშობის დრო თუ უბედური შემთხვევის ან რაიმე სხვა შემთხვევის გამო დრო დაიკარგა, მას შეუძლია შეაჩეროს ან შეწყვიტოს თამაში, როდესაც ეს აუცილებლად მიაჩნია, – დაბინდების გამო ან მაყურებელთა ჩარევის შემთხვევაში (ან საზოგადოთ როდესაც იგი ამას საჭიროდ დაინახავს). ყოველ ასეთ შემთხვევაში ამის შესახებ უნდა განუცხადოს სათანადო ხელმძღვანელ ორგანიზაციას, რომელიც საბოლოო დასკვნას გამოთქვამს იგი აძლევს „თავისუფალ“ გაკვრის უფლებას მოთამაშის უხეში ყოფაქცევის დროს. მსაჯის ძალაუფლება ვრცელდვბა მთელ დროზედაც, როდესაც თამაშობა დროებით შეწყვეტილია და ბურთი იმყოფება „გარე“.

განმარტება რომელიმე წესის რამდენჯერმე დარღვევა ამ დებულების მიხედვით უნდა ჩაითვალოს ურიგო ყოფაქცევად.

თუ მოთამაშე სტოვებს ბაქანს არა უბედური შემთხვევის გამო მსაჯის ნებადაურთველად, იგი სჩადის დანაშაულს, და უნდა დაისაჯოს.

ყოველგვარი დანაშაული ჩადენილი, მსაჯის მიმართ ბაქანზე და ბაქანს გარეშე, უმსგავსი და უზრდელი სიტყვები მსაჯის მიმართ ამ პარაგრაფით უხეშ ყოფაქცევად ითვლება.

მსაჯებს ევალებათ ენერგიულად ებრძოლონ მოთამაშეთა ისეთ საქციელს; რასაც შეუძლია გაუგებრობა გამოიწვიოს თამაშობის დროს გარდა მოთამაშეებისა და ქვემსაჯთა არავინ არ უნდა იმყოფებოდეს ბაქანზე მსაჯის ნებადაურთველად.

მსაჯის საქმეა უცქიროს, რომ ყევლა „თავიუფალი“ გაკვრა წესების თანახმად ხდებოდეს.

დაშავებული მოთამაშე, უნდა სასწრაფოდ გადაყვანილი იქმნას მახლობელ „გვერდის“ ან პირის ხაზზე, თამაშობა კი გაგრძელდეს.

„ქვე-მსაჯებს“ შეუძლიათ მიაქციონ მთავარი მსაჯის ყურადღება წესების იმ დარღვევაზე რომლებიც მისი ღრმა, რწმენით გამოეპარა მას. ამ შემთხვევაში მთავარი მსაჯი, უნდა შეუთანხმდეს ხაზის მსაჯს, „ქვე მსაჯს“, განსაკუთრებით, მაშინ, თუ უკანასკნელი ნეიტრალურია.

მსაჯთათვის თამაშობის დროს ყველა კითხვებს მსაჯი სწყვეტს; ქვე-მსაჯები მას ამაში ეხმარებიან, მაგრამ მთლიანად ემორჩილებიან.

უხეში თამაშის დროს მსაჯს აქვს სრული უფლება ისე მოიქცეს როგორც თვით სურს. რომელიმე მოთამაშის უხეშ თამაშის დროს მას შეუძლია შეაჩეროს თამაში და „თავისუფალი“ გაკვრის უფლება მისცეს დამნაშავის მოწინააღმდეგე მხარეს და დამნაშავე მოთამაშე კი გააფრთხილოს. თუ მოთამაშე მეორედ იქნება ამაში შემჩნეული, იგი მას აძევებს ბაქნიდან. მოთამაშეთა ან მსაჯის მიმართ ჩადენილი უხეში ყოფაქცევის დროს წინასწარი გაფრთხილება არც კი არის საჭირო.

მსაჯმა ბაქნიდან განდევნის ყოველი შემთხვევის შესახებ უნდა აცნობოს სათანადო ორგანიზაციას.

მსაჯი უნდა ერიდოს:

1)დავას და უთანხმოებას ბაქანზე მოთამაშეებთან ან წრეთა წარმომადგენლებთან;
2) დავას და უთანხმოებას მათთანვე და პრესის წარმომადგენლებთან ბაქანს გარედ;
3) დამუქრებას ან ხელის შეხებას მოთამაფისათვის, რომელსაც ეძლევა გაფრთხილება.

მსაჯმა თამაშის დაწყების წინ თავისი საათი უნდა შეუდაროს ერთ-ერთ ქვე-მსაჯის საათს. ძლიერ კარგია, თუ მსაჯი დაიწერს გატანილი ბურთის რიცხვს თამაშობის დაწყების დროს და სხ.

მსაჯი დიდი სიფრთხილით უნდა უმატებდეს დროს დროებითი შეჩერების გამო თუ იყო დაკარგული.

მსაჯმა უნდა დაუსტვინოს ნიშნად თამაშობის გათავებისა ან შეჩერებისა სწორედ იმ მომენტში, როდესაც დადგება დრო, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება თამაშობა.

„საჯარიმო“ გაკვრა – ერთად ერთი შემთხვევაა, როდესაც, მსაჯის შეხედულების და მიხედვით, შეიძლება თამაშობის გაგრძელება 90 წუთის შემდეგაც.

მოთამაშეთათვის არავითარ ლაპარაკს მოთამაშეთა და მსაჯს შორის ბაქანზე ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მოთამაშეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მსაჯი თამაშობს უმადურ როლს და ამიტომ განსაკუთრებით უნდა აფასებდენ მის მუშაობას და მასში ყველაზე ნაკლებად უნდა ჰხედავდენ შეურაცყოფის ობიექტს.

მოთამაშენი მუდამ მსაჯის დამცველად უნდა გამოვიდენ, როდესაც ამას გარემოება მოითხოვს.

მსაჯები ხაზებზე (ქვე-მსაჯები)

ყოველ თამაშობაში უნდა იყოს ოთხი მსაჯი, ხაზებზე – „ქვე-მსაჯები“. მათი მოვალეობაა, დაემორჩილონ მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებას, და თვალი ადევნონ: როდის გავიდა ბურთი სათამაშო ბაქნიდან, რომელ გუნდს უნდა მიეცეს უფლება „გვერდის ხაზიდან“ ან „კუთხური“ ბურთის ტყორცნისა და დაეხმარონ მსაჯს თამაშის წესიერად წარმოებაში. თუ ქვე-მსაჯი ზედმეტად ერევა თამაშობაში და შეუფერებელი ყოფაქცევისა, მთავარ მსაჯს ნება აქვს გააძევოს იგი ბაქნიდან და დანიშნოს მისი მოადგილე.

განმარტება სასურველია, ხაზებზე ინიშნებოდეს ნეიტრალ ქვე-მსაჯები. მსაჯს შეუძლია იკითხოს ხაზის ნეიტრალ ქვე-მსაჯის აზრი იმის შესახებ, გადაიარა თუ არა ბურთმა კარის ხაზი.

გამორიცხული მოთამაშე არ შეიძლება იყოს მთავარ მსაჯად ან ქვე-მსაჯად.

ქვე მსაჯს შეუძლია მიაქციოს მსაჯის ყურადღება იმ შემთხვევაზე, როდესაც მსაჯს გამოეპარება რომელიმე წესის აღსრულება, ასეთ შემთხვევებში მთავარმა მსაჯმა უნდა ითათბიროს ქვე-მსაჯთან, განსაკუთრებით, თუ უკანასკნელი ნეიტრალია.

მსაჯთათვის ქვე-მსაჯმა ბურთის თამაშში შესვლისთანავე უნდა გარკვევით ასწიოს ბაირაღი და დაასახელოს გუნდში, რომელსაც უფლება აქვს სტყორცნოს ბურთი გვერჯდითი გეზიდან ან გაკრას „კარული“ ან “„კუთხური“.

მან აგრეთვე უნდა მოაქციოს მსაჯის ყურადღება უხეშ თამაშობას და მოთამაშეთა არა ამხანაგურ ყოფაქცევას და მსაჯის შეკითხვებზე უნდა გამოთქვას თავისი აზრი იმ კითხვების შესახებ, რომლებიც მსაჯს სადაოდ მიაჩნია. თუ ხაზის მსაჯმა შენიშნა წესის დარღვევა, რომელიც მსაჯს გამოეპარა, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს მას.

მსაჯს უფლება აქვს გააძევოს ბაქნიდან გეზის ქვე-მსაჯი უადგილო ჩარევისთვის ან შეუფერებელი ყოფაქცევისთვის და მის მაგიერ სხვა და ნიშნოს. ამას უნდა მიმართოს განსაკუთრებულ შემთხვევებში, რადგან გაფრთხილება საკმარისია ხოლმე.

მოთამაშეთა საყურადღებოდ მოთამაშეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მარტო მსაჯის დასტვენას და არა ქვე-მსაჯის დროშას იმ რწმენით, რომ მსაჯი. არ არის მოვალე ანგარიში გაუწიოს ქვე-მსაჯის აზრს თუ მან სხვანაირად დაინახა.

ბურთი თამაშობაში დასტვენამდე

ბურთი თამაშობაში დასტვენამდე.

მსაჯთათვის ბურთი თამაშობაში რჩება მსაჯის დასტვენამდე, მაგრამ დასტვენა უნდა მოხდეს თავის დროზე ერთხელ გამოტანილი გადაწყვეტილება მსაჯმა არ უნდა შეცვალოს.

საეჭვო შემთხვევებში მსაჯს შეუძლია უთხრას მოთამაშეებს: „განაგრძეთ“: საერთოდ, მსაჯმა მოთამაშეებს არასოდეს არ უნდა დაუგოს მახე, ე.ი. არ უნდა ეცადოს მათ დაჭერას წესების უცოდინარობაში.

მოთამაშეთათვის ქაც, მოთამაშეები ანგარიშს უნდა უწევდენ მსაჯის დასტვენას და არა დროშას. სამაგიეროდ, სანამ დასტვენა გაისმოდეს, მოთამაშემ ულაპარაკოდ უნდა განაგრძოს თამაშობა.

თამაშობის განახლება დროებითი შეჩერების შემდეგ

თუ რაიმე მიზეზით თამაშობა დროებით შეჩერდა, მაგრამ ბურთი არ გადასულა გვერდის ან წინა ხაზზე, იმ ადგილას, სადაც თამაში შეჩერებული იყო, მსაჯმა უნდა დაარტყას მიწაზე ბურთი თავის წინ, და ბურთი თამაშში იმყოფება როგორც კი იგი შეეხება მიწას–„სადაო“ ბურთი (მსაჯი ორივე ხელით ბურთს მაღლა ასწევს და იქიდან ხელს გაუშვებს. ბურთი მიწაზე რომ დაეცემა შემდეგ უკვე „თამაშთბაში“ – ითვლება ამას სადაო ბურთი ეწეოდება). თუ ამ დროს ბურთი, სანამ მას რომელიმე მოთამაშე შეეხებოდა, გავიდა ბაქანის ფარგლებიდან, მსაჯი ხელახლა იმნაირადვე აგდებს ბურთს მიწაზე, არც ერთი გუნდის მოთამაშემ ბურთს ხელი არ უნდა ახლოს, სანამ იგი მიწას არ შეეხება.

მსაჯთათვის თუ თამაშობა შეწყვეტილია და მისი განახლება არ შეიძლება „თავისუფალი“ (ან „დაწყებით“) გაკვრით თამაშობას ნაჩვენები წესით იწყობენ. თუ რომელიმე მოთამაშემ გაკრა ბურთი მანამ, სანამ იგი მიწაზე დავარდებოდა, მოპირდაპირეებს ეძლევათ „თავისუფალი“ გაკვრა.

თუ ბურთი ამ დროს გავიდა ბაქნის ფარგლებიდან, სანამ მას ჯერ კიდევ არ შეჰხებია არც ერთი მოთამაშე, მსაჯი, იმეორებს იგივეს.

მოთამაშეთათვისმოთამაშეს არა აქვს უფლება შეეხოს ბურთს, სანამ იგი არ დავარდება მიწაზე.

თავისუფალი გაკვრა

იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვეულია წესები ან როდესაც მოთამაშე გაძევებულია ბაქნიდან, მსაჯი ანიჭებს „თავისუფალი“ გაკვრის უფლებას მოწინააღმდეგეებს იმ ადგილას, სადაც მოხდა უწესურობა.

განმარტება „თავისუფალი“ გაკვრა ეწოდება მიწაზე მდებარე ბურთის ფეხით გაკვრას, რა მიმართულებითაც უნდა იყოს.

გაკვრა „ადგილიდან“, „თავისუფალი“ გაკვრა ან „საჯარიმო“ გაკვრა არ უნდა ხდებოდეს მსაჯის დასტვენამდე.

თუ მოთამაშემ უნებურად შეახო ბურთს ხელი, უჯიკავა ან შეაფერხა ხელით მოპირდაპირე, შემოჰკრა მას ან, დაესხა ზურგიდან, „თავისუფალი“ გაკვრა არ უნდა მიეცეს.

მსაჯთათვის მსაჯმა არ უნდა მიუსაჯოს „თავისუფალი“ გაკვრა, თუ ეს უპირატესობას აძლევს დამნაშავეს.

თუ წესის დარღვევა მოხდა განზრახვის გარეშე მსაჯმა არ უნდა მისცეს თავისუფალი გაკვრა.

მოთამაშეთათვის მოთამაშეები უნდა ელოდენ მსაჯის, დასტვენას, რათა მოახდინონ „თავისუფალი“ გაკვრა.

საჯარიმო გაკვრა

იმ შემთხვევაში, როდესაც „საჯარიმო“ არეს გარეთ დარღვეულია უხეში თამაშის წესი ან შემტევი გუნდის მიერ სხვის „საჯარიმო“ არეში, მსაჯი აძლევს „თავისუფალ“ გაკვრას იმ ადგილიდან, სადაც მოხდა დანაშაული. იმ შემთხვევაში კი, როდესაც უხეში თამაშის წესი განზრახ არის დარღვეული მცველებს მიერ „საჯარიმო“ არეს ფარგლებში, მსაჯი აძწლევს მოპირდაპირეებს „საჯარიმო“ გაკვრას, რომელიც ხდება ამ გაკვრისთვის დანიშნულ ადგილიდან და შემდეგი პირობების დაცვით: ყველა მოთამაშე, გარდა იმ მოთამაშისა, რომელიც ახდენს გაკვრას, და კარ-გუშაგი, რომელიც ღებულობს მას, უნდა იმყოფებოდეს საჯარიმო მოედნის გარეთ. კარ-გუშაგი არ უნდა გამოვიდეს ასპარეზზე კარის ხაზის წინ. ბურთი უნდა გაიკრას წინისკენ. ბურთი იმყოფება თამაშობაში, როგორც კი მოხდა გაკვრა, და ამგვარი გაკვრით შეიძლება უშუალოდ გატანილი იქნას ბურთი, მაგრამ ბურთის შემომკვრელს არ შეუძლია ხელახლა შემოჰკრას მას, სანამ ბურთს არ შეეხო მეორე მოთამაშე. თუ საჭიროა, „საჯარიმო“ გაკვრის მიზნით თამაშობის დრო შეიძლება გაგრძელებულ იქნას.

თუ ბურთი მიიღებს მიმართულებას არა წინისკენ ან გამოკვრელი ხელახლა შეეხო ბურთს, მცველებს ეძლევათ „თავისუფალი“ გაკვრა. მსაჯმა არ უნდა გამოიყენოს თავისუფალი გაკვრა იმ შემთხვევაში, თუ ეს ანიჭებს უპირატესობას დამნაშავე გუნდს. როდესაც „საჯარიმო“ გაკვრით ბურთმა გაიარა კარი, გაკვრა შესრულებულად ითვლება.

განმარტება „საჯარიმო" გაკვრა შეიძლება დაინიშნოს ბურთის მდგომარეობის მიუხედავად, წესის დარღვევის მომენტში. თუ თამაშობა გაგრძელებულთიყო „საჯარიმო“ გაკვრის მოსახდენად „ქულა“ ითვლება აღებულად, თუნდაც ბურთს კარგუშაგიც შეეხოს.

არ ეკუთვნის „საჯარიმო“ გაკვრის დანიშვნა, თუ მოთამაშე განზრახვის გარეშე შეეხო ბურთს ხელით, ხელი ჰკრა ან შეაფერხა მოწინააღმდეგე, ხელით შემოჰკრა ან დაესხა მას ზურგიდან.

თუ მოთამაშე განზრახ შემოჰკრავს მოპირდაპირეს, რომელიც დგას საჯარიმო არეზე, მაგრამ „თამაშ გარე“, ასეთს „საჯარიმო“ გაკვრა უნდა მიესაჯოს.

თუ კარგუშაგი შეცვლილი იყო თამაშობის დროს სხვა მოთამაშის მიერ, მაგრამ ამ ცვლილების შესახებ მსაჯს წინასწარ არ ჰქონდა განცხადებული, და ახალი კარგუშაგი შეეხო ბურთს ხელით „საჯარიმო“ მოედანის ფარგლებში, ამისათვისაც ეკუთვნის დაენიშნოს „საჯარიმო“ გაკვრა.

'მსაჯთათვის' „საჯარიმო“ გაკვრას მსაჯი უნდა იძლეოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს უეჭველი განზრახვითი დანაშაული; „საჯარიმო“ გაკვრა შეიძლება მიცემული იქნას შემდეგ 8 განზრახვითი დანაშაულისთვის: 1) სარმა; 2) მუჯლუგუნი უკანიდან; ვ) მუჯლუგუნი ხელით; 4) ფეხის კვრა; 5) მოთამაშეზე შეხტომა; 6) მოთამაშის დაჭერა; 7) ბურთის გაკვრა ხელით; 8) ტლანქი და საშიში თავდასხმა. თუ გაკვრა უსწოროდ მოხდა გამკვრელის მიზეზით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს, თუ მან მიზანს ვერ მიაღწია; წინააღმდეგ, თუ ერთი მცველთაგანი გამოხტა წინ, და ბურთი კარში მოხვდა, მსაჯმა იგი გატანილად უნდა ჩათვალოს; ხოლო თუ მცველი გამოხტა, მაგრამ ბურთი კარში არ მოხვდა, გაკვრა უნდა გამეორდეს. თუ ბურთი მოხვდა კარის ბოძს ან ზედა ლატანს, გამკვრელს არა აქვს უფლება მეორედ გაჰკრას ბურთი, სანამ მას არ შეეხო სხვა მოთამაშე.

თუ დამცველმა მოთამაშე (არა კარგუშაგი) ბურთს ხელით შეეხო და ბურთმა კარში გაიარა, მსაჯმა ბურთი გატანილად უნდა ჩათვალოს და არ უნდა მისცეს „საჯარიმო“ გაკვრა. იმ შემთხვევაში, როდესაც „საჯარიმო“ გაკვრის მომხდენმა ჩაიდინა შეცდომა წესების წინააღმდეგ, მისი გუნდის წინააღმდეგ ეძლევა „თავისუფალი გაკვრა“.

ძალიან ხშირად მსაჯები „საჯარიმო“ გაკვრას იძლევიან ისეთ დანაშაულისთვის, რომლისთვისაც საჭირო იყი მოთამაშის განდევნა სათამაშო ბაქნიდან. „საჯარიმო“ გაკვრა მოთამაშეს არ ანთავისუფლებს ბაქნიდან განდევნისაგან.

დასტვენის წინ უნდა დარწმუნდეთ, რომ ყველანი წესიერად დგანან.

მოთამაშეთათვის მოთამაშეები უნდა იმყოფებოდენ „საჯარიმო“ არეს გარეთ და, მაშასადამე, შეუძლიათ იდგენ გვერდით და საკმაოდ ახლო კარიდან; შემტევებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი „საჯარიმო“ გაკვრის დროსაც შეიძლება იყვნენ „თამაშ გარედ“.

მიაქციეთ ყურადღება, რომ „საჯარიმო“ გაკვრა უნდა მოხდეს არა 12 ნაბიჯიდან, არამედ დაახლოებით, 15-დან და ნურასოდეს ნუ დაუწყებთ დავას, თუ მსაჯი იძულებულია თავად აღნიშნოს გაკვრის ადგილი, როდესაც ამაზე არ ზრუნავენ სპორტ-ორგანიზაციები.

წყარო

ფეხბურთის თამაშის წესები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები