ფერადოვანი ველის ფერწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკ როტკო. ლავანდა და თუთა, 1959; ზეთი ფიბერბორდზე დამაგრებულ ქაღალდზე, 95.9X62.8 სმ. ჰიშჰორნის მუზეუმი და ქანდაკებათა ბაღი, სმითსონის ინსტიტუტი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი. ჯოზეფ ჰ. ჰიშჰორნის საჩუქარი, 1966

ფერადოვანი ველის ფერწერა – (Color Field Painting) ნიუ იორკის სკოლის მხატვრები მრავალფეროვანი ემოციური მდგომარეობის გამოსახატავად აბსტრაქტული ხელოვნებისთვის დამახასიათებელ, სხვადასხვა საშუალებებს მიმართავდნენ. მაგრამ ყველა მათგანი როდი აღმოჩნდა ისეთი ჟინიანი ან იმპროვიზატორი, როგორებიც მოქმედების ფერწერის მიმდევრები იყვნენ. ფერადოვანი ველის მხატვრები სხვა მიმართულებით წავიდნენ - ისინი ქმნიდნენ ფერის ფართო, სიბრტყობრივ არეებს, რათა მაყურებელში ძლიერი ტრანსცენდენტური, მჭვრეტელობითი განწყობები გაეღვიძებინათ.

მარკ როტკო

მარკ როტკოს (Mark Rothko, 1903-1970) თითქმის არ გაუვლია სახელოვნებო წვრთნა, თუმცა 1940 წლისთვის მას უკვე შექმნილი ჰქონდა სურათები, რომლებშიც მკაფიოდ იკვეთება ევროპელი სურეალისტებისა და იუნგის არქეტიპული ხატებების სიღრმისეული გავლენა. 1940-იანი წლების შუა ხანებში, როტკომ ვერტიკალურ ფორმატში მოქცეულ დიდ, სწორკუთხა ფორმის ტილოებზე დაიწყო მოშაობა, რომლებზეც ფერები ერთმანეთში იყო ჩაღვენთილი. როტკოს ისეთი ნამუშევრები, როგორიცაა: ლავანდა და თუთა (სურ. 3-88) ან მეწამული, შავი, მწვანე ნარინჯისფერზე, არ წარმოადგენს ტილოზე გამოსახული სიბრტყობრივი, გეომეტრიული ფორმების მარტივ წესრიგს, ვერ ვხედავთ აქ ვერც განწყობით არქეტიპულ პეიზაჟებს. როტკოს, მის მიერ შექმნილი ფორმები ძირითად "იდეებად" მიაჩნდა, რომლებიც შუამავალი, ცნობადი საგნების გარეშე ჰპოვებს გამოხატულებას სწორკუთხა ფორმებში. ისინი სურათის ფერადოვანი ველის წინა პლანზე არიან მოთავსებული (აქედან მოდის სახელწოდება ფერადოვანი ველის ფერწერა). მხატვარს ერჩივნა თავისი ნამუშევრები ერთად, სერიად ან რიგად, ირიბი განათებით გამოეფინა, რათა უფრო გაემძაფრებინა ტრანსცენდენტური მედიტაციის განწყობა.

ბარმეთ ნიუმანი

ბარნეთ ნიუმენი. VIR HEROICUS SUBLIMIS, 1950-1951; ტილო, ზეთი, 242X541.7 სმ. ახალი ხელოვნების მუზეუმი (MOMA)

ბარნეთ ნიუმენიც (Barnet Newman,1905-1970) თანამედროვე კაცობრიობის ეგზისტენციურ მდგომარეობას უზარმაზარ ტილოებში გამოხატავდა. ზოგი მათგანი რომელიმე ერთ, კაშკაშა ფერში იყო შესრულებული და ნაწევრდებოდა სხვა ფერის წვრილი, დაკბილული ხაზებით, რომლებსაც თავად მხატვარი "შესაკრავ ელვებს" უწოდებდა. ნიუმენის განცხადებით, მისი ხელოვნება ეხებოდა "საკუთარ არსს, საშინელსა და უცვლელს". VIR HEROICUS SUBLIMIS (ლათინურად - ადამიანი, ჰეროიკული და ამაღლებული) გვიჩვენებს, თუ როგორ უწყობს ხელს ნიუმენის სრული კონცენტრაცია მხოლოდ ერთ ფერზე, სურათის მნიშვნელობის წარმოჩენას. წითელი ფერის განიერი ველი არ გადმოსცემს რაიმე ფორმას, ის წარმოაჩენს ამაღლებული სიწითლის აბსოლუტურ მდგომარეობას ვრცელ, ეპიკურ ტილოზე, რომელიც მხოლოდ სხვა ფერის საშიში ელვებითაა დანაწევრებული. ისინი გვემუქრებიან, როგორც ადამიანის ტრაგიკული მანკიერებანი, რათა წონასწორობა დაგვაკარგვინონ. ნიუმენი წერდა: "თანამედროვე მხატვარს საკუთარი განცდები ან პირადი საიდუმლოება იმდენად არ აღელვებს, რამდენადაც სამყაროს საიდუმლოებებში შეღწევის სურვილი. სწორედ ამიტომ ცდილობს მისი წარმოსახვა ჩაწვდეს მეტაფიზიკურ საიდუმლოებებს, სწორედ ამდენად უკავშირდება მისი ხელოვნება ამაღლებულს".

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები