უძრახელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უძრახელა – (Caragana grandiflora [M. Bieb.] DC.); ოჯახი: პარკოსნები (Fabaceae). ძლიერ დატოტვილი ბუჩქია, 1 მ-მდე სიმაღლის. ტოტები წახნაგოვანია, მურა ნაცრისფერი, წახნაგებთან კორპისაგან შექმნილი მოთეთრო ფერის გასწვრივი ზოლებით. თანაფოთლები ეკლიანია. ფოთლები მოკლეყუნწიანია, ოთხი, ერთმანეთთან მიახლოებული, სოლისებური, 4-10 მმ სიგრძის, შიშველი ან შებუსული. ყვავილები მარტოულია. ჯამის ფოთოლაკები – ყვითელი, ქვედა ნაწილში – მურა ფერის, კბილები სამკუთხაა, ყვავილი ყვითელია. ყვ. ნაყ. IV–VIII. მცენარე იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ხშირად გაუვალ რაყას ქმნის. მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.