უოლტონი სემ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სემ უოლტონი

სემ უოლტონი - (Sam Walton, 29 მარტი 1918 — 5 აპრილი 1992), „უოლ-მარტის” (Wall-Mart) მაღაზიათა ქსელის მაგნატი - სემ უოლტონი - არაერთხელ აღიარეს ამერიკის უმდიდრეს ადამიანად. ის ცნობილი გახდა როგორც პატარა ქალაქებში ფასდაკლებით მოვაჭრე მაღაზიათა გახსნის თავისებური საბაზრო სტრატეგიის მქონე ადამიანი. ამ პატარა ქალაქების ხშირი სტუმრები იყვნენ სხვა სავაჭრო ქსელის მფლობელნი. მაგრამ ეს არ არის სემ უოლტონის წარმატების ერთადერთი წყარო. მისი კომპანიისა და ქონების ზრდა უმთავრესად უკავშირდება უოლტონის მიერ აქციათა ბაზრის გონივრულ გამოყენებას.

გზა წარმატებისაკენ

თავისი კარიერა უოლტონმა 1940 წელს, ბითუმად მოვაჭრე კომპანია „ჯ. ს. პენნი“-ში (G.C. Penny) დაიწყო. ის გამყიდველად მუშაობდა და მენეჯერისგან ბევრ რამეს სწავლობდა. კოლეგებს შორის საუკეთესოდ ართმევდა თავს თავის საქმეს (პერანგებით ვაჭრობას), მაგრამ მან იცოდა, რომ ეს საქმიანობა მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი იყო მისი მიზნის, საკუთარი მაღაზიის გახსნის მისაღწევად.

1945 წელს უოლტონმ ათავის ძმასთან, ბადონთან ერთად იყიდა არკანზასის შტატის ქალაქ ნიუპორტში არსებული, კომპანია „ბენ ფრანკლინის“ (Ben Franclin) სისტემის, წვრილმანებით მოვაჭრე მაღაზიის ფრანჩიზა. ძმებმი 5 წლის განმავლობაში წარმატებით ართმევდნენ თავს საქმეს, შემდეგ კი, ისინი ქალაქ ბენტონვილში გადავიდნენ.

ბენტონვილში ძმებმა ბიზნესის გაფართოება დაიწყეს. საბითუმო ვაჭრობის სფეროში შეძენილი ცოდნის საფუძველზე სემმა საკუთარი შემსყიდველი კანტორა გახსნა. თავის მაღაზიათა ქსელისთვის რეკლამის შექმნისას მან მარკეტინგის ის პრინციპები გამოიყენა, რომელიც მხოლოდ დიდი საწარმოებისთვის იყო მისაღები. 60-იან წლებში უოლტონებს უკვე საკმაო რაოდენობის მაღაზია გააჩნდათ და სამართლიანად ითვლებოდნენ კომპანია „ბენ ფრანკლინის“ სისტემის ფრანჩიზის პირობებით მოვაჭრე წარმატებულ საქმოსნებად.

60-იანი წლების დასაწყისში საბითუმო ვაჭრობაში ძალას იკრებდა ახალი, ფასდაკლებით ვაჭრობის კონცეფცია. როდესაც ტეხასში ბაზირებულმა საწარმო-დისქაუნთერმა - „გიბსონ“-მა (Gibson) ქალაქ ფაიეტვილში ფასდაკლებით მოვაჭრე მაღაზია გახსნა, სემმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ სემი ამ ქალაქში სტანდარტული ფასებით მოვაჭრე მაღაზიათა მფლობელი გახლდათ. სემმა ფასდაკლებით ვაჭრობას მიჰყო ხელი. ჯერ მხოლოდ მაღაზიის ერთი განყოფილება აწარმოებდა ასეთი სახის ვაჭრობას, შემდეგ ვაჭრობის ეს სტილი, მთელი მაღაზიის მასშტაბით ამოქმედდა. უოლტონის წარმატების მიუხედავად, „ბენ ფრანკლინის“ მესვეურთ არ სურდათ შერიგებოდნენ თავიანთ საბითუმო ქსელში მიმდინარე ცვლილებებს. სემმა დამოუკიდებლად მოქმედების დაწყება გადაწყვიტა. ახალი იდეის მოსაძებნად ის ქვეყნის სხვადასხვა ქალაქს ეწვია და მოგზაურობის დასასრულს ფასდაკლებით მოვაჭრე საკუთარი მაღაზიების გახსნა გადაწყვიტა იმ ქალაქებში, რომელთა მოსახლეობა 25 ათასზ ემეტი იყო. პირველი „უოლ-მარტი” არკანზასის შტატის ქალაქ როჯერსში გაიხსნა 1962 წელს.

სემის საწარმოს ზრდის ტემპებს შემოსავალის რაოდენობა განსაზღვრავდა. „უოლ-მარტის” ახალი მაღაზიების დაარსებისას უოლტი შემდეგი ფილოსოფიური შეხედულებით ხელმძღვანელობდა: - „მხოლოდ შენს ხელთ არსებული საშუალებებით წარმართე საქმიანობა”. პირველი მაღაზიის გასახსნელად სემმა და მისმა ძმამ შეაგროვეს ყველა მათ ხელთ არსებული რესურსი, მაღაზიის მასშტაბები და ადგილმდებარეობა კაპიტალის ოდენობის მიხედვით განსაზღვრეს. მკაცრად შეზღუდული ბიუჯეტი მდიდრული ვიტრინებისა, თუ დიდი ოფისების შექმნის საშუალებას არ იძლეოდა. ჩანაფიქრი ითვალისწინებდა კონკურენტუნარიან ფასებში ხარისხიანი საქონლით ვაჭრობას პატარა ქალაქებში. აღსანიშნავია, რომ ხარიხაზე დალაგებული საქონელი და მოუპირკეთებელი იატაკი არ აფრთხობდა მყიდველს. კომპანია „უოლ-მარტი“ თავიდანვე წარმატებით სარგებლობდა.

„უოლ-მარტის” კონცეფციის განვითარების პირველივე ეტაპზე სემი მიხვდა, თუ რა სასიცოცხლო როლს თამაშობს საბითუმო გადანაწილება რენტაბელობის მიღწევის საქმეში. მან იცოდა, რომ შედარებით უფრო მსხვილი კოლეგების მსგავსად, მიწოდების ეფექტური და მცირე დანახარჯებთან დაკავშირებული მეთოდები უნდა დაენერგა. არსებულ მაღაზიებში საქონლის მისაწოდებლად საჭირო საწყობების აშენების ნაცვლად, მან თავისი მაღაზიები საბითუმო პუნქტების ტერიტორიაზე განალაგა. სწორედ ამ დროს დღის წესრიგში დადგა საწარმოს აქციების გაყიდვის საკითხი.

1970 წელს, ფასდაკლებით ვაჭრობის ბიზნესში შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ, „უოლ-მარტის“ მაღაზიათა რიცხვმა 30-ს მიაღწია. სემისთვის ნათელი გახდა, რომ ახალი მაღაზიების მოსამარაგებლად საჭირო დიდი მოცულობის საქონლის შესყიდვისას მას საკუთარი საწყობი უნდა ჰქონოდა. ამასთანავე, ის არ იყო დარწმუნებული, რომ კომპანია საქმისთვის საჭირო მსხვილი ვალების აღებას იტვირთებდა. ახალი აქციების გამოშვებისას შექმნილი ბუმის დროს უოლტონმა თავისი ბიზნესის გარკვეული ნაწილი აქციონერებს მიჰყიდა 3,3 მილიონ დოლარად. ეს თანხა საკმარისი აღმოჩნდა 5 მილიონი დოლარის ღირებულების საბითუმო გამანაწილებელი ცენტრის შესაქმნელად. ცენტრის მასშტაბები 80-100 მაღაზიის მომარაგებას ითვალისწინებდა.

საბითუმო გამანაწილებელი ცენტრის შექმნის შემდეგ უოლტონმა საქმიანობის ქსელის გაფართოება გადაწყვიტა. ორი წლის შემდეგ კომპანია „უოლ-მარტი“, რომელსაც 51 მაღაზია გააჩნდა და ვაჭრობის მოცულობა 78 მილიონ დოლარს შეადგენდა, რეგისტრირებულ იქნა ნიუ-იორკის ბირჟაზე. პირველი ინვესტორები, რომლებმაც აქციაში 16,5 დოლარი გადაიხადეს, უკვე 900 დოლარიანი აქციის მფლობელნი გახდნენ. აქციათ ათავისუფალ ბაზარზე სემი კიდევ რამდენჯერმე გავიდა. აქციონერულ ბირჟას ის მხოლოდ მაშინ მიმართავდა, როდესაც თავისი სისტემის გაფართოება ან დახვეწა სჭირდებოდა. მკაცრი დაგეგმვითა და ბიუჯეტის ზუსტი განსაზღვრით სემი თავის კონკურენტებთან შედარებით მცირე დანახარჯებით ახერხებდა კაპიტალის დანაკარგების რეგულირებას. დღემდე მისი წარმატების საწინდარს ის გარემოება ქმნის, რომ მაღაზიათა უმრავლესობა კომპანიის 5-ვე საწყობთან არაუმეტეს 6 საათის სავალ გზაზეა განლაგებული.

სემ უოლტონი სწორად მიუდგა საკითხს, თუ როდის გასულიყო აქციათა ღია ბაზარზე თავისი კომპანიის საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო კაპიტალის მისაღებად. „ხალხში გასვლის“ გადაწყვეტილება, - ასე უწოდებენ დახურული კორპორაციის ღია აქციონერულ საზოგადოებად გარდაქმნას, რაც აქციათა თავისუფალი გაყიდვის უფლებას იძლევა, - საგულდაგულოდ უნდა იყოს გაანალიზებული. მეწარმეებისთვის მიზანშეწონილი იქნება გააანალიზონ და გაითვალისწინონ, თუ როგორ გადადგა ეს ნაბიჯი სემ უოლტონმა. მნიშვნელოვანია აქციათა გაყიდვის დადებითი და უარყოფითი ფაქტორების გათვალისწინება: ალტერნატივის შეფასება, ყიდვის მსურველთა და გაყიდვის დროის განსაზღვრა, განაცხადის რეგისტრაცია და მოქმედებათა თანმიმდევრობის განსაზღვრა, კანონების ცოდნა და შესაბამისი განაცხადის გაკეთებისთვის საჭირო მოთხოვნების გათვალისწინება.


წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები