ჩერჩილი უინსტონ
ჩერჩილი უინსტონ ლეონარდ სპენსერ – (Churcill) (დ. 30 ნოემბერი 1874 – გ. 24 იანვარი 1965), დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, არისტოკრატიული გვარის შთამომავალი.
სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეობა
- 1904 წლამდე კონსერვატორი, შემდეგ ლიბერალი, XX საუკუნის 20-იანი წლებიდან კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.
- 1908-10 წლებში იყო ვაჭრობის მინისტრი
- 1910-11 – შინაგან საქმეთა მინისტრი
- 1911-15 – სამხედრო-საზღვაო მინისტრი. დარდანელის წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ ჩერჩილი თანამდებობიდან გადააყენეს.
- 1917 წელს კვლავ შევიდა მთავრობაში, დაიკავა სამხედრო მომარაგების მინისტრის პოსტი.
- 1919-21 წლებში იყო სამხედრო მინისტრი და ავიაციის მინისტრი.
- 1929 წლამდე კვლავ ხელმძღვანელობდა სხვადასხვა სამინისტროს.
- 1929-39 წლებში სახელმწიფო პოსტები არ ეკავა, მაგრამ არაერთხელ გამოსულა პარლამენტში გერმანული ექსპანსიონიზმის საფრთხის შესახებ.
II მსოფლიო ომის დასაწყისში ჩერჩილიმა სამხედრო-საზღვაო სამინისტრო ჩაიბარა, 1940 წლიდან კი მიიღო პრემიერ-მინისტრის პოსტი. იყო ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. ომის წლებში ჩერჩილი ბრიტანელი ხალხის სიმტკიცის სიმბოლო გახდა. ხელისუფლებიდან წავიდა 1945 წელს, როდესაც კონსერვატიულმა პარტიამ არჩევნებში მარცხი განიცადა.
1946 წლის 5 მარტს ქ. ფულტონში (აშშ) პრეზიდენტ ტრუმენის თანდასწრებით ჩერჩილი გამოვიდა სიტყვით, რომლითაც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდა ჩამოეყალიბებინათ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი საბჭოთა ჰეგემონიზმის შესაკავებლად. 1951 წელს კვლავ აირჩიეს პრემიერ-მინისტრად. ჩერჩილი ისტორიულ-მემუარული ხასიათის თხზულებათა ავტორია.