ტყის ანგელოზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტყის ანგელოზა - Angelica sylvestris L.

Angelica sylvestris L. – ტყის ანგელოზა

მრავალწლოვანი ან ორწლოვანი ბალახოვანი 50-250 სმ სიმაღლის მცენარეა, კონუსური სქელი ფესვით. ღერო ღრუა, 2,5 სმ სისქის, ლეგა ნაფიფქით, ზედა ნაწილში დატოტვილი და რამდენადმე წახნაგოვანი, ყვავილედის ქვეშ მოკლედ შებუსული. ფოთლები ორმაგ-სამმაგ ფრთისებრ განკვეთილია მოგრძო კვერცხისებრ ან ლანცეტა მახვილკბილა სეგმენტებად: ქვედა ფოთლები – გრძელყუნწიანია, ზედა – მჯდომარე, ძლიერ დაბუშტული ვაგინით. ყვავილი თეთრია, შეკრებილია დიდ ქოლგებად მრავალრიცხოვანი სხივებით, სხივები და საყვავილე ყუნწები შებუსულია. ნაყოფი ოვალური ან ელიფსურია, ძირში ღრმად გულისებრი არშიით. ყვ. VI-VIII; ნაყ. VIII-IX.

იზრდება ნოტიო მდელოებზე, ბუჩქნარებში, ტყეებში, მდინარეებისა და ტბორების ნაპირებზე.

სურნელოვანი ბალახი გამოიყენება როგორც სანელებელი წვნიანებში, სალათებში, მარინადებსა და მწნილებში. ნორჩი ყლორტები გამოიყენება საკვებად, მას ხარშავენ შაქართან ერთად ან ნედლი სახით ხმარობენ. ნორჩ ყლორტებსა და ფოთლების ყუნწებს ანთავისუფლებენ ქერქისგან და აშაქრებენ; ამზადებენ გემრიელ არომატულ ცუკატებს ტორტებისა და ღვეზელების მოსართავად. ფესვებს იყენებენ სასმელების არომატიზაციისათვის.

მცენარე შეიცავს კალციუმის მარილებს (1,6%), ფოსფორს (0,35 %), ცილებს ((12 %¬მდე), უჯრედისს (20%). ფოთლებში აღინიშნება 0,9% -ზე მეტი ასკორბინის მჟავა.

ხალხურ მედიცინაში ფესვებსა და თესლებს შინაგანად იყენებენ სურავანდის, შაკიკის, უძილობის, კუჭის აშლილობისა და ყაბზობის დროს; აგრეთვე როგორც ამოსახველებელ, დამამშვიდებელ და შარდმდენ საშუა¬ ლებას. გარეგანად – დასაზელად და არომატული აბაზანების სახით გამოიყენება ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის სამკურნალოდ.

უკუმაჩვენებელია ფეხმძიმექალებისა და დიაბეტით დაავადებულთათვის. ასევე შესაძლებელია ალერგიული დამოკიდებულება მცენარის მიმართ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები