ტრიდენტის კრება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრიდენტის კრება - (იტალ. Trento, concilio di), კათოლიკური ნუმერაციის თანახმად, ესაა XIX მსოფლიო კრება, რომელიც 1545-1563 წლებში სამ ეტაპად ჩატარდა.

ისტორია

კრების მოწვევის მოთხოვნილების მიუხედავად, მისი ჩატარება დიდხანს ჭიანურდებოდა, რადგანაც პაპ კლემენტე VII-ს ანტირომაული და კონცილიარისტული შედეგების საფრთხე აფიქრებდა. საბოლოოდ კრება ბულით Laetare Jerusalem (1544) პავლე III-მ მოიწვია 1545 წლის 15 მარტისათვის ტრენტოში (ლათ. – ტრიდენტი) და მისი სამი მთავარი ამოცანა დასახა: კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის რელიგიური უთანხმოების მოგვარება, ეკლესიის ზოგადი რეფორმირება და ურწმუნოთა (ესე იგი, მუსლიმთა) ჩაგვრისაგან ქრისტიანთა განთავისუფლება. თუმცა კრება მხოლოდ 1545 წლის 13 დეკემბერს გაიხსნა მხოლოდ 31 ეპისკოპოსის მონაწილეობით, რომელთა უმრავლესობა იტალიელი იყო.

პირველი ეტაპის განმავლობაში (1545 წლის 13 დეკემბერი – 1547 წლის 2 ივნისი), ათი სესიის მსვლელობისას, მოწონებული იქნა მნიშვნელოვანი დებულებები და დეკრეტები, მათ შორის დეკრეტები ბიბლიის, პირველქმნილი ცოდვის, განმართლების, ნათლობისა და მირონცხების შესახებ.

1547 წლის 11 მარტის VIII სესიაზე მონაწილეებმა კრების ბოლონიაში გადატანა გადაწყვიტეს. პავლე III-ის სიკვდილის შემდეგ, სახელით იულიუს III, ტახტზე ავიდა კარდინალი დელ მონტე, იმ დრომდე კრების თამვჯდომარე. მისი პაპობის დროს, ქალაქ ბოლონიაში კრების მეორე ეტაპი (1551 წლის 1 მაისი - 1552 წლის 28 აპრილი) გაიმართა. XI და XVI სესიებზე მოწონებული იქნა დეკრეტები ევქარისტიის, მონანიებისა და უკანასკნელი ცხების შესახებ, ამასთანავე, რეფორმასთან დაკავშირებული სხვა დადგენილებანი. პროტესტანტი გერმანელი დელეგატები მალე დაბრუნდნენ სამშობლოში, ისე, რომ საკუთარ მოთხოვნათა გათვალისწინებას ვერ მიაღწიეს. პოლიტიკურმა გარემოებებმა განაპირობა კრების შეჩერება 1552 წლის 28 აპრილს.

1560 წლის 29 ნოემბერს პიუს IV-მ (1559-1565) კრების მუშაობის გაგრძელების დადგენილება გამოსცა. მისი მსვლელობის მესამე ეტაპზე (ტრენტო, 1562 წლის 18 იანვარი – 1563 წლის 4 დეკემბერი), XVII-XXV სესიებზე მოწონებული იქნა დეკრეტები ეპისკოპოსთა სავალდებულო ადგილსამყოფელის შესახებ, წირვის სამსხვერპლო ხასიათის, სამღვდელმსახურო კურთხევის, ქორწინების, სალხინებლის, წმიდათა და რელიკვიათა თაყვანისცემის, ინდულგენციების, სემინარიების შესახებ.

კრების მნიშვნელობა

ტრიდენტის კრების მნიშვნელობა უმთავრესად ისაა, რომ მან პასუხი გასცა პროტესტანტულ რეფორმას და რეალურად დაიწყო ეკლესიის შინაგანი განახლების პროცესი (კათოლიკური რეფორმა, კონტრრეფორმა): „კრებამ მკაფიო ნორმები დაუსახა თეოლოგიასა და სარწმუნოების ცხად დეკლარირებას, ჩამოაყალიბა მოძღვრების (მაგისტერიუმის) საკითხი, მაგრამ არ გაუკეთებია დაყოფა იქ, სადაც დაყოფა მანამდე არ იყო“ (იედინი).

კრების დავალებით პიუს V-მ გამოაქვეყნა აკრძალულ წიგნთა ნუსხა, ეგრეთ წოდებული ტრიდენტისეული სარწმუნოების აღსარება (Professio fidei tridentina), თანდართული წმიდა საყდრისადმი მორჩილების აღთქმით, რომაული კატეხიზმო, რომაული ლოცვანი (1568) და რომაული კონდაკი (1570). კრების შემდგომი რეფორმა და, შესაბამისად, ეკლესიის ცხოვრების პოსტტრიდენტის ხანა პიუს XII-ს დროს დასრულდა (1938-1958).

წყარო

პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები