ტრავიატა (ვერდი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრავიატა − (იტალ. La traviata), ჯუზეპე ვერდის ოპერა სამ მოქმედებად.

1853 წელს ვენეციის საოპერო თეატრში La Fenice ოპერა „ტრავიატას“ პრემიერა შედგა. ოპერა დაიწერა ალექსანდრე დიუმას (შვილი) რომანის „ქალი კამელიებით“ მიხედვით. რომანში აღწერილია ახალგაზრდა კურტიზანი ქალის - მარგარიტა გოტიეს ტრაგიკული ცხოვრება. რომანი მალე პიესად გადამუშავდა და დაიდგა. სპექტაკლის პრემიერას ვერდი დაესწრო და მალე დაიწყო ოპერაზე მუშაობა. ოპერის ლიბრეტოს ავტორი ფრანჩესკო პიავეა.

„ტრავიატას“ არც თუ წარმატებული პრემიერის შემდეგ, ვერდი თავის მეგობარ ემუანულე მუციოს სწერდა: „ტრავიატა“ გუშინ ფაქტობრივად ჩავარდა, ვისი ბრალი იყო ეს, ჩემი თუ მომღერლების - ამას დრო განსაზღვრავს“. ოპერის ფიასკოს ერთი მიზეზია მთავარი გმირი, საზოგადოებისგან გარიყული კურტიზანი ქალი. მეორე მიზეზი კი, ოპერის თანამედროვე სიუჟეტი, კოსტიუმები, ვარცხნილობა გახლავთ, რაც ასე იშვიათი იყო იმ პერიოდის ოპერისთვის.

ოპერის შექმნის იდეას ხშირად უკავშირებენ ვერდისა და ცნობილ საოპერო მომღერალ ჯუზეპინა სტრეპონისთანაცხოვრებას. სტრეპონის გამოჩენა ვერდის პირად ცხოვრებაში საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამას ადასტურებს 1852 წლის 21 იანვარს ვერდის მიერ ყოფილი სიმამრისადმი გაგზავნილი წერილის ფრაგმენტი: ”თქვენი ქალაქის მცხოვრებთ ძალიან ცუდი თვისება აქვთ – ცხვირს ყოფენ სხვის საქმეებში (...) ჩემს სახლში ცხოვრობს ერთი თავისუფალი და დამოუკიდებელი სენიორა, რომელსაც ჩემსავით უყვარს განმარტოებით ცხოვრება... არც მე და არც ის მოვალენი არ ვართ ვინმეს ანგარიში ჩავაბაროთ. ...ჩემი აზრით, მას ჩემს სახლში ისეთივე პატვისცემით უნდა ექცეოდნენ, როგორც მე. ის კი არა, უფრო მეტადაც უნდა სცემდნენ პატივს“.

„ტრავიატა“ ლირიკულ-ფსიქოლოგიური ოპერაა. ოპერის დრამატურგია ძალიან უახლოვდება თეატრალურ პრინციპებს. თითქმის ყველა მოქმედება ვითარდება გრძელ მუსიკალურ დიალოგებში. აქ ვერ შევხდებით იმ პერიოდის ოპერისთვის საზოგადოდ დამახასიათებელ მონუმენტურობას, თეატრალურ ეფექტებს, სანახაობითობას, რითაც გამოირჩეოდა ვერდის ადრინდელი ოპერებიც. ეს ყველაზე მშვიდი, კამერული ოპერაა ვერდის შემოქმედებაში. ორკესტრში გაბატონებულია სიმებიანი ინსტრუმენტები, ფაქტურა გამჭვირვალე და ფაქიზია. დინამიკა ძალიან მოკრძალებულია.

ოპერა სამი მოქმედებისგან შედგება. „ტრავიატაში“ ყველაფერი ძალიან უბრალოა. მოქმედი გმირების მინიმალური რაოდენობა, ჩახლართული ინტრიგის არარსებობა. მთავარი გმირებია: კურტიზანი ქალი ვიოლეტა ვალერი, ალფრედ ჟერმონი, ჟორჟ ჟერმონი, ვიოლეტას მეგობრები და პარიზის საზოგადოება.

ოპერის დრამატურგია შეკრული და მთლიანია. ის აგებულია დასრულებული ნომრების (არიები, დუეტები, ანსამბლები და ა.შ.) მონაცვლეობის პრინციპზე, თუმცა ეს ნომრები ხშირად გაერთიანებულია ერთ დრამატულ სიტუაციაში და განვითარების უწყვეტ ხაზს ქმნის. ამას ხელს უწყობს ოპერის მთავარი გმირების დამახასიათებელი მუსიკალური თემები, რომლებიც ლაიტმოტივის ფუნქციამდეა აყვანილი. ასეთია მაგალითად ოპერის საორკესტრო შესავლის ორი თემა. პირველი ნაზი, დახვეწილი, ფაქიზი, გამჭვირვალე ფაქტურის თემა ვიოლეტას მუსიკალურ სახესთან ასოცირდება. II თემა კი განაზოგადებს ალფრედისა და ვიოლეტას სიყვარულს. აღნიშნული თემები არაერთხელ გვხვდება ოპერის მანძილზე შესაბამის სიტუაციებში. ოპერის მთელი კომპოზიციური ქსოვილი სიყვარულის თემებით არის გაერთიანებული.

ოპერაში ყველაფერი ვიოლეტას ირგვლივ ვითარდება. საინტერესოა, რომ მეორე მოქმედების პირველი სურათის გარდა, ვიოლეტა სულ სცენაზეა. მთავარი გმირის სახე ყველაზე მკაფიოდ არის გახსნილი მის სცენა-არიაში პირველი მოქმედებიდან. ამ სცენაში მკაფიოდ არის გადმოცემული ვიოლეტას მრავალმხრივი სულიერი სამყარო. გულისხმიერი, ნელი ვალსის მსგავსი მელოდია გადმოსცემს ოცნებას ბედნიერებაზე. მას უპირისპირდება ბრწყინვალე, მოქნილი ფიორიტურებით შემკული არიის მეორე ნაწილი „ყოფნა თავისუფალი“, „ყოფნა უზრუნველი“, რომელსაც ერწყმის სიყვარულის თემა. პირველივე მოქმედებაში, ალფრედთან შეხვედრის შემდეგ, ვიოლეტა სავსეა ბედნიერებით, თავდავიწყებით. ის შეყვარებულია, თუმცა ახსენდება მისი ადგილი საზოგადოებაში და ცდილობს ბედს შეეგუოს, გააგრძელოს უდარდელი, უშფოთველი ცხოვრება. მღელვარე რეალიზმი, რომელიც ვიოლეტას ცნობილ სცენაშია მოცემული, რთული მისაღწევია, იშვიათად შეიძლება ერთ სცენაში იყოს გამოხატული ადამიანის გრძნობათა ასეთი სიმრავლე.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს საცეკვაო ჟანრების, განსაკუთრებით კი ვალსის დიდი მნიშვნელობა ამ ოპერის დრამატურგიაში. „ტრავიატას“ ხშირად ვალსების ოპერასაც უწოდებენ, რადგან განსაკუთრებულად თვალშისაცემი ოპერაში ვალსის რიტმია. ვალსის სახეობრივ-ემოციური დატვირთვა კი სიტუაციიდან გამომდინარე იცვლება და მისი საშუალებით მოქმედ გმირთა გრძნობათა სამყარო იშლება. ვალსის თანხლება აქვს ვიოლეტას გამოსამშვიდობებელ არიასაც.

მართალია, ოპერის პრემიერა ჩავარდა, თუმცა მალე „ტრავიატა“ ერთ-ერთ პოპულარულ ოპერად იქცა მსოფლიო მუსიკალური თეატრის რეპერტუარში. ალექსანდრე დიუმა, ოპერის ნახვის შემდეგ ამბობდა, რომ ვერდიმ მისი რომანის უკვდავყოფა მოახერხა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები