ტოპოგრაფიული რუკის პირობითი აღნიშვნები
ტოპოგრაფიული რუკის პირობითი აღნიშვნები – (conventional signs of topographic map), გამოსახავენ ადგილის ობიექტებს მასშტაბური (ფართობრივი), მასშტაბგარეშე (სიმბოლური) და ხაზობრივი ნიშნებით.
მასშტაბური ტოპოგრაფიული აღნიშვნებით გამოისახება რუკის მასშტაბში შემცირებული ობიექტები. მასშტაბგარეშე ნიშნებს იყენებენ იმ ობიექტებისათვის, რომლებიც სიმცირის გამო რუკის მასშტაბში ვერ გამოისახება, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ითხოვენ აღნიშვნას (გეოდეზიური ქსელის წერტილები, ჭაბურღილები, ნავთობის კოშკურები და სხვ.). ხაზობრივი ნიშნების გამოყენებისას მნიშვნელოვანია მათი ადეკვატურობა სინამდვილესთან (სანაპირო ხაზი, ჰიდროგრაფიული ქსელი, სატრანსპორტო კომუნიკაციები). რუკაზე არის აგრეთვე სხვადასხვა ობიექტის თვისებრივი და ოდენობრივი მახასიათებლების განმარტებითი აღნიშვნები (მწვერვალის გეოგრაფიული სახელწოდება და სიმაღლე, უღელტეხილის სიმაღლე და მოქმედების ვადა, მდინარის დინების მიმართულება, სიღრმე, ფსკერის ხასიათი, ხიდის მახასიათებლები და სხვ.).