ტკივილის აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტკივილის აშლილობა - ამ აშლილობის მქონე პაციენტებისთვის დამახასიათებელია ქრონიკული ტკივილი, რომელიც არ არის გამოწვეული რომელიმე სომატური დაავადებით ან სხვა ფსიქიკური აშლილობით. DSM-IV-ში აღნიშნულია, რომ ამ აშლილობის არსებით ნიშანს წარმოადგენს ტკივილი, რომელიც კლინიკურად მკვეთრადაა გამოვლენილი და საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ დისტრესი ან პიროვნების ფუნქციონირების გაუარესება გამოიწვიოს. ამგვარი ტკივილის გამომწვევი ორგანული პათოლოგია და პათოფიზიოლოგიური მექანიზმი ან დაუდგენელია ან კიდევ ორგანულ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ტკივილით გამოწვეული სოციალური ან პროფესიული ფუნქციონირების გაუარესება ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ეს პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის შემოწმების შედეგად არის მოსალოდნელი.

სარჩევი

ეპიდემიოლოგია

ზოგად პოპულაციაში ჩატარებული გამოკითხების მიხედვით ტკივილი ფართოდ გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს. ადამიანების უმეტესობა აფიქსირებს, რომ მათ გარდამავალი ხასიათის ტკივილი განუცდიათ, მაგრამ ძალზე ცოტა ადამიანი აღწერს პერსისტენტულ ან განმეორებად ტკივილს, რომელიც შესაძლებლობების შეზღუდვას იწვევს (Gureje et al., 1998). პაციენტების უმრავლესობა ექიმებს ტკივილის გამო მიმართავს. მწვავე ტკივილი, ჩვეულებრივ, ორგანული მიზეზითაა გამოწვეული. ნებისმიერი ბუნების ტკივილის მიმართ პიროვნების სუბიექტურ რეაქციაზე ფსიქოლოგიური ფაქტორები ახდენენ გავლენას. ზოგად სამედიცინო პრაქტიკაში, ემოციური პრობლემების დროს, ტკივილი გავრცელებულ სიმპტომს წარმოადგენს. ფსიქიატრიულ პრაქტიკაში სტაციონარული ავადმყოფების ერთი მეხუთედი და ამბულატორული პაციენტების ნახევარზე მეტი ტკივილს უჩივის. ტკივილის სიმპტომები განსაკუთრებით ხშირია დეპრესიული, შფოთვითი, პანიკური და სომატოფორმული აშლილობების დროს. ფსიქიკური აშლილობის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია იმ პაციენტებთან, რომლებსაც მრავლობითი ტკივილი აღენიშნებათ (Gureje et al., 1998).

ეტიოლოგია

ქრონიკული ტკივილი ბევრი მდგომარეობისთვის არის დამახასიათებელი (ნევროლოგიური და ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევების ჩათვლით). მას ხშირად გააჩნია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური მიზეზები. ტკივილის მქონე ზოგიერთ პაციენტს (მიუხედავად იმისა, აღენიშნება, თუ არა ფიზიკური პათოლოგია), დეპრესიული აშლილობა აქვს. წარსულში ვარაუდობდნენ, რომ არსებობს „ტკივილისაკენ მიდრეკილების აშლილობა“ (pain-prone disorder), რომელიც დეპრესიული აშლილობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს, თუმცა ამ მოსაზრებას არც თუ ისე ბევრი მტკიცებულება გააჩნია (Von Korff and Simon, 1996). ასეთ დროს ტკივილი, სავარაუდოდ, პიროვნული ან სოციალური ფაქტორებითაა გამოწვეული და პაციენტის წარმოდგენა ტკივილის შესახებ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი პერსისტენტობის ხარისხს (Linton, 2000). ქრონიკული ტკივილი შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს პაციენტის ოჯახის წევრებს. გარდა ამისა, ტკივილის აღქმაზე, მის მიმდინარეობასა და მკურნალობაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს პაციენტის ოჯახის წევრებისა და მომვლელების დამოკიდებულებამ.

გამოკვლევა

იმ პაციენტების გამოსაკვლევად, რომლებიც გაურკვეველი მიზეზებით გამოწვეულ ტკივილს უჩივიან საჭიროა:

  • შესაძლო სომატური მიზეზების საფუძვლიანი გამოკვლევა. თუ გამოკვლევის შედეგები უარყოფითია, უნდა გვახსოვდეს, რომ ტკივილი შეიძლება წარმოადგენდეს ისეთი სომატური დაავადების პირველ სიმპტომს, რომლის დადგენაც ადრეულ სტადიაზე ვერ ხერხდება.
  • ტკივილის და იმ გარემოებების სრული აღწერა, რომლის დროსაც ტკივილი იჩენს თავს.
  • იმ სიმპტომების დადგენა, რომლებიც დეპრესიული ან სხვა ფსიქიკური აშლილობისთვის არის დამახასიათებელი.
  • ტკივილთან დაკავშირებული ქცევების აღწერა. მაგ., სიმპტომების გამოვლენის, პაციენტის მიერ მედიკამენტების მოთხოვნისა და ტკივილზე რეაქციის აღწერა.
  • იმის გარკვევა, თუ როგორი წარმოდგენა აქვს პაციენტს ტკივილის გამომწვევ მიზეზებსა და მის შედეგებზე.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები