ტირილი (სამგლოვიარო რიტუალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტირილი – სამგლოვიარო რიტუალის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც საინტერესო რეპერტუარით გამოირჩეოდა.

აჭარა

მოთქმა-დატირების სამგლოვიარო ტექსტები აჭარის ფოლკლორშიცაა გამოვლენილი. სამგლოვიარო მოთქმებში ჩამოთვლილი იყო მიცვალებულის დამსახურებანი, მისი დადებითი თვისებები. პროფესიონალი დაქირავებული მოტირლების ტრადიცია აჭარაში არ დასტურდებოდა, მაგრამ ზოგჯერ მთქმელები მოტირლებზე მიუთითებდნენ, რომელთაც დატირების განსაკუთრებული უნარი ჰქონდათ. მოთქმის ტექსტები ძირთადად იმპროვიზაციის შედეგი იყო და რიტმული პროზის სახე ჰქონდა: „ჩემო ნენევ, ჩემო დედი კო ნენევ...”. აჭარული ნადური სიმღერების ციკლშია ფიქსირებული და ქართულ ფოლკლორში გავრცელებული სამგლოვიარო ლექსი − „ალვის ხეჲ მოხეთქილა” („გორდელა”). საწესჩვეულებო ციკლს უნდა უკავშირდებოდეს ასევე სამგლოვიარო ფერხული: „დედამთილის მოთქმა” და სხვა მისთანანი. ფერხულების სტრუქტურა, სახეები, მოტივები მას უძველეს ქართულ ნიმუშებთან აკავშირებს, რომლებიც სამონადირეო ეპოსის არქაულ ფენას შეადგენს, კერძოდ კი იმ ფერხულებთანაა დაკავშირებული, რომელშიც მონადირის სატრფოს, ბუნების ნადირთ-პატრონი ქალ-ღვთაების ხორციელი მეტოქის ტრაგიკული ბედია გამჟღავნებული („დღეს ჯოგში გაგაგზავნე, რძალი ბატონო...”).

ადამიანის გარდაცვალებასთან, დატირებასა და დაკრძალვასთან დაკავშირებული ტერმინებიდან აჭარაში გვხვდება „მოთქმა”, „მოტირება”, „ღარღალი”, „ტირილი”. ხალხის აზრით, გლოვა, დატირება აუცილებელია როგორც მიცვალებულის, ისე ჭირისუფლის ღირსებისათვის („კარგი ტირილი ხალხსაც უხდება და მკვდარსაცო”). დამტირებელთაგან განსაკუთრებული როლი, ტრადიციულად, ოჯახის რძალს ეკისრებოდა. თუ ოჯახში რამდენიმე რძალი იყო, თითოეული მათგანი გამორჩეულ „მოთქმას” ცდილობდა.

აღსანიშნავია ასევე დატირების სანაცვლო პატივის მიგების ტრადიცია: „იტირე, დაოო, იტირე, დაოო, ამან კარგად იტირა შენი დედა, დაოო”. გამაჰმადიანების შემდეგაც მიცვალებულებს ქობულეთის რაიონის სოფლებიდან ხშირად გურიის მოსაზღვრე სოფლებში მიასვენებდნენ და ქრისტიანული წესით იქ მარხავდნენ ისევე, როგორც ადრე ამას მაჭახლელი ძნელაძე ანდერძად უბარებდა შვილებს: „დამმარხეთ ქართულის, ჩემი მამა-პაპის წესით”.

აჭარაში გავრცელებული „დედამთილის დატირების” სამგლოვიარო ლექსებში რძალ-დედამთილის კონფლიქტური ურთიერთობის სატირულ-იუმორისტულ ასახვას ხშირად გულწრფელი გლოვა და მოთქმა ენაცვლება: „დედამთილო, ბატონო, დედავ, ჩემო ამაგდარო და საყვარელო დედავ, ოჯახის სიცოცხლე და სიყვარული იყავი დედავ, საყვარელო დედამთილო, ბატონო დედავ”.


ლიტერატურა

ზოიძე, გიორგაძე, 2009:512-521.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები