სქოლასტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სქოლასტიკა - (ეტიმ. შუასაუკუნეთა ლათ. scholastica). გადატანითი მნიშვნელობით აღნიშნავს შუა საუკუნეებში, სკოლათა (scholae) აღზევების ჟამს ჩამოყალიბებულ ფილოსოფიურ, თეოლოგიურ და სამეცნიერო (შვიდი თავისუფალი ხელოვნება, მედიცინა, სამართალი და მექანიკის დარგები) მიმდინარეობას, რომელმაც განვითარების სამი ფაზა განვლო (XI-XII სს.: პირველი სქოლასტიკა; XII-XIV სს.: დიდი სქოლასტიკა; XIV-XV სს.: გვიანი სქოლასტიკა) და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახდენდა გავლენას დასავლეთის კულტურულ ცხოვრებაზე. ავტორიტეტსა (გამოცხადება) და რაციონალურობას (განსჯითი ინტერპრეტაცია) შორის დიდაქტიკური ურთიერთობის წყალობით სქოლასტიკამ ხელი შეუწყო კულტურის ჰუმანიტარულ აღქმას და ცოდნის ორგანულ სისტემატიზაციას სამყაროს ქრისტიანული ხედვის ფარგლებში.

ისტორია

782 წელს კარლოს დიდმა აკვისგრანაში დააარსა სკოლა სახელწოდებით Schola Palatina და მისი მართვა თავისი ნდობით აღჭურვილ ბერს, იორკელ ალკუინოს, დაავალა, თუმცა ამ პიროვნების შესახებ არავითარი ცნობა არ შემორჩენილა. მცირე დროის გასვლის შემდეგ უკვე მრავალი მეტ-ნაკლებად რელიგიური ხასიათის სკოლა ფუნქციონირებდა. მდიდარი ადამიანები შვილებს ამ სკოლებში აბარებდნენ და მათგან საუკეთესოთათვის ეს კარიერის დასაწყისი იყო.

ამგვარად წარმოიშვა სქოლასტიკა, ანუ შუა საუკუნეებში გაბატონებული უმეცრებისა და ცრუმორწმუნეობის დაძლევის პირველი სერიოზული მცდელობა. სქოლასტიკა ასწავლიდა. ტრივიუმის დისციპლინებს, ანუ რიტორიკას, გრამატიკასა და დიალექტიკას, მაღალ კურსებზე კი-კვადრივიუმის დისციპლინებს, ანუ არითმეტიკას, გეომეტრიას, მუსიკასა და ასტრონომიას. ეს რამდენადმე წააგავს ჩვენი დროის კლასიკურ და სამეცნიერო გიმნაზიებში სასწავლო დისციპლინათა განაწილებას.

სქოლასტიკის განვითარება სამ პერიოდად იყოფა: კარლოს დიდის მიერ დაარსებული მიმდინარეობა 782 წლიდან XI საუკუნის ბოლომდე, მეორე პერიოდი მოიცავს XII და XIII საუკუნეებს, მესამე კი-XIV საუკუნესა და XV საუკუნის დასაწყისს.

განვითარების პირველ პერიოდში სქოლასტიკას ბერები უძღვებოდნენ და სწავლებისას აქცენტი ძირითადად რელიგიასთან დაკავშირებულ საგნებზე კეთდებოდა, უფრო ტექნიკურ დისციპლინებს კი ბერები კერძო პირებს მიანდობდნენ.

განვითარების მეორე პერიოდში სკოლის ორი ტიპი სწავლების ერთ მთლიან კურსად გაერთიანდა და მეცადინეობა ერთ შენობაში მიმდინარეობდა. რაც შეეხება სახელწოდებებს, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სკოლები სამრევლო, ბერ-მონაზონთა, საეპისკოპო, სასახლის ან მოედნის სკოლებად იყოფოდა.

მესამე პერიოდში პირველი უნივერსიტეტები - Universitates, - დაარსდა. თავდაპირველად უნივერსიტეტები მხოლოდ კლუბის ტიპის კერძო დაწესებულებები იყო, სადაც პროფესორები და სტუდენტები აზრთა უფრო თავისუფალი ურთიერთგაზიარებისთვის ხვდებოდნენ ერთმანეთს. პირველ უნივერსიტეტთა შორის უნდა მოვიხსენიოთ რავენის, პავიის, ბოლონიის, პადუის უნივერსიტეტები და ნეაპოლის უნივერსიტეტი „ფედერიკო II“.





წყარო

  • ქრისტიანობის ლექსიკონი
  • ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები