სკვითოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სკვითოსი(ბერძნ.) სკვით მეფეთა მითოსური მამამთავარი. ჰერაკლესა (სხვა ვერსიით, ზევსის) და ექიდნას ძე.

ერთხელ ჰერაკლე ადრიატიკის სანაპიროზე ჯოგს მიერეკებოდა. ჰერამ მის ჯოგს მიუჩინა კრაზანა, რომელმაც სკვითიის უდაბნოში გადენა შეწუხებული ძროხები. ერთ ცივ ღამეს ჯოგის დევნით დაღლილმა ჰერაკლემ ძილს მისცა თავი. გამოღვიძებულმა აღმოაჩინა, რომ გამქრალიყვნენ მისი ცხენები, რომლებიც მას ეტლიდან გამოეხსნა და საბალახოდ მიეშვა. ჰერაკლემ შემოიარა მთელი მიდამო, ბოლოს მიადგა ტყით დაფარულ ადგილს, რომელსაც ჰილეა ეწოდებოდა. აქ იყო მღვიმე, სადაც ბინადრობდა უცნაური არსება: ნახევრად ქალი, ნახევრად გველი, რომელმაც განუცხადა ზევსის ღვთაებრივ ძეს, რომ ცხენები მას ჰყავდა გადამალული და იმ შემთხვევაში დაუბრუნებდა, თუკი მასთან სარეცელს გაიზიარებდა. უხალისოდ დასთანხმდა ჰერაკლე. ხოლო წასვლისას ჩამოიხსნა მშვილდი, სარტყელი, რომელსაც ოქროს თასი ეკიდა და ამ უცნაურ გველ-ქალს, თავის თავს რომ ექიდნას უწოდებდა, დაუბარა: თუ სამი ვაჟი დაიბადება, ვინც ჩემსავით მოზიდავს მშვილდს და შემოიკრავს სარტყელს, ის გაამეფე შენს სამფლობელოშიო. მალე ექიდნამ სამი ტყუპი შვა. მათგან უმცროსმა, სახელად რომ ერქვა სკვითოსი, შეასრულა მამის პირობა და დასაბამი მისცა სკვითების სამეფო მოდგმას.

სკვითთა მეფენი მუდამ ატარებდნენ სარტყელს, რომელზეც ოქროს თასი ეკიდა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები