სიყრუე ბავშვებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიყრუით გამოწვეული პრობლემები ბავშვებშისიყრუე ბავშვთა ასაკში, განვითარების სერიოზულ პრობლემებს იძლევა, რადგანაც ის დიდ გავლენას ახდენს პატარას კომუნიკაბელურობასა და მეტყველების ჩამოყალიბებაზე.

ამ პრობლემების შედეგები მით უფრო საზარელია, რაც უფრო ღრმაა სიყრუე და რაც უფრო ადრეულ ასაკში ყალიბდება იგი.

მოდით, ვილაპარაკოთ არა ბავშვის სიყრუეზე, არამედ ბავშვის სმენის დაქვეითების სხვადასხვა ხარისხზე. სმენის დაქვეითებით გამოწვეული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია ამ ნაკლოვანების ადრეული დიაგნოსტიკის შედეგად და ადრეულად დაწყებული რეაბილიტაციური ღონისძიებების გატარების შემთხვევაში.

იმისათვის, რომ უფრო კარგად გავერკვეთ პატარა პაციენტის სმენის დაქვეითების პრობლემებში, საჭიროა ვიცოდეთ სმენისა და მეტყველების ჩამოყალიბების დეტალები.

სარჩევი

სმენის განვითარება

ყურის მთლიანი ანატომიური ჩამოყალიბება მუცლადყოფნის მე-6 თვეზე მთავრდება. თუმცა, ახალშობილის სმენის სკრინინგი მხოლოდ ღრმა და სრული სიყრუის გამოვლინების საშუალებას იძლევა, რადგანაც პატარას ყური, ძირითადად, 60-70 დეციბელის გაღიზიანებაზე პასუხობს. აქედან გამომდინარე, ახალშობილის სმენის რეაქცია შესაძლოა არ ვლინდებოდეს სიცოცხლის პირველი რამდენიმე თვის მანძილზე.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი ახალშობილების სმენის სკრინინგის ჩატარება, რაც გვეხმარება სიყრუის გამოვლენაში ადრეულ ასაკში.

ამისათვის, იმ პაციენტებში სადაც სკრინინგი უარყოფითია და ღრმა სიყრუეს აჩვენებს, საჭიროა ტესტის გამეორება 6 თვეში. თუმცა, გასათვალისწინებელია პაციენტის ოჯახის ფსიქოლოგიური მომენტი. მათთვის განმეორებითი სკრინინგ ტესტის საჭიროება შეიძლება ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზი გახდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სწორად მიწოდება და ახსნა.

ნორმაში, ახალშობილის სმენის ჩამოყალიბება 4-5 თვის ასაკში იწყება. პატარა იწყებს ხმაურის გარჩევას და მასზე რეაგირებას, ნელ-ნელა ამ ხმაურის ინტონაციების გარჩევას, ხვდება სხვაობას დედისა და მამის ხმებს შორის და ა.შ.

აქედან გამომდინარე, ამ ასაკში სმენის გამოკვლევის ძირითად მეთოდად ობიექტური აუდიომეტრია ითვლება.

მეტყველების ჩამოყალიბება

როგორც ყრუ, ასევე ნორმალური სმენის მქონე ბავშვები, 3-4 თვიდან იწყებენ ხმების გამოცემას. ეს ხმები, როგორც წესი, უაზრო და გაურკვეველია. ნორმალური სმენის მქონე ბავშვში, ხმა ნელ-ნელა იძენს სხვადასხვა ინტონაციას იმის მიხედვით, თუ რა ესმის ოჯახში. დროთა განმავლობაში, ეს სიტყვები ემსგავსება გარემოცვაში წარმოთქმულ სიტყვებს.

შეჯამება:

— მეტყველება ყალიბდება სმენის და ხმების გამოცემის ერთობლივი ვარჯიშით.
— სმენის ღრმა დაქვეითების მქონე ბავშვში, პირველად წარმოთქმული ხმები (ბუტბუტი) იმის გამო, რომ ვერ იღებს გარემოცვიდან ხმოვან მხარდაჭერას, ნელდება და ქრება.
— სმენის დაქვეითების მქონე ბავშვების ადრეული რეაბილიტაცია გულიხმობს ვარჯიშს ხმოვანი გაღიზიანების სხვადასხვა მეთოდით, რაც, შეძლებისდაგვარად, ხელს უწყობს არ მოხდეს პაციენტის მეტყველების განვითარების სტაგნაცია.
— სრული სიყრუით დაავადებული ბავშვები 5-6 წლის ასაკის შემდეგ ვეღარასდროს იმეტყველებენ ნორმალურად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სმენის პათოლოგიის დიაგნოსტიკა ადრეულ ასაკში (4-5 წლამდე) და მისი რეაბილიტაცია ამა თუ იმ სმენის აპარატით, რადგანაც უფრო გვიან, მეტყველების ცენტრის ჩამოყალიბება შეუძლებელია.
— ღრმა სიყრუე იწვევს არა მარტო მეტყველების პრობლემების ჩამოყალიბებას, არამედ ფსიქო-ნევროლოგიურ პრობლემებსაც.

პატარა ბავშვის ხმოვან იზოლაციაში ყოფნა იწვევს:

— ფსიქოლოგიურ პრობლემებს;
— სოციუმში ურთიერთობის პრობლემებს;
— გარე სამყაროს შეცნობის პრობლემებს;

წარმოვიდგინოთ ბავშვის მდგომარეობა, როდესაც ის ვერ ახერხებს საკუთარი ემოციების და სურვილების გადმოცემას, ვერ უხსნის ამ ემოციებს სხვებს. ეს იწვევს აგრესიულობას ან აპათიას. ოჯახის დამოკიდებულება – ზედმეტი პროტექცია ან პირიქით, იგნორირება, ართულებს ბავშვის მდგომარეობას.

სმენის დაქვეითების შედეგად შექმნილი პრობლემების კლასიფიკაცია

მეტყველების განვითარებაში მნიშვნელოვანია ბინაურალური სმენა.

სმენის დაქვეითებით შექმნილი დისფუნქციების კლასიფიკაცია მარტივად არის შესაძლებელი:

სმენის სუსტი დაქვეითება(20-40 დბ.) – ბავშვს აქვს პრობლემა თანხმოვნების წარმოთქმისას;
სმენის საშუალო დონის დაქვეითება– (40-70 დბ.-მდე) – ბავშვის მეტყველების ჩამოყალიბება დაგვიანებით და ცუდად ხდება. ის ურევს ბევრ თანხმოვანს და ხმოვნებსაც, მას აუცილებლად სჭირდება სმენის აპარატის გამოყენება და სურდოლოგის გაკვეთილები.
სმენის მძიმე დაქვეითება (70-90 დბ.-მდე) – ასეთმა ბავშვებმა აუცილებლად უნდა იხმარონ სასმენი აპარატი და აუცილებლად უნდა გადიოდნენ სურდოლოგის გაკვეთილებს.
სმენის ღრმა დაქვეითება (90 დბ.-ზე მეტი) – ამ შემთხვევაშიც აუცილებელია სმენის აპარატის ტარება და რეაბილიტაცია სურდოლოგთან.

სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაცია მკურნალობა

სმენის დაქვეითების ხარისხის მიხედვით, რეაბილიტაციის და მკურნალობის მეთოდები სხვადასხვაგვარია.

სმენის მსუბუქი დაქვეითება

სმენის ამგვარი დაქვეითებით ბავშვების დაახლოებით 3% არის დასნეულებული. ეს დაქვეითება, ძირითადად, ნეიროსენსორულია. თუმცა, შეიძლება იყოს ტრანსმისიულიც. არის თანდაყოლილი და შესაძლოა შთამომავლობითიც იყოს.

სმენის დაქვეითების პირველი ნიშნები ვლინდება ბავშვის უყურადღებობით, ხმაურის და დაძახილის ურეაქციოდ დატოვებით და ა.შ.

ასევე ყურადსაღებია:

— მეტყველების დაგვიანება ან პრობლემები;
— ხასიათის გაფუჭება;
— სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები;

ოტოლოგის კონსულტაცია, როგორც წესი, სმენის დაქვეითების ხარისხს და მის ეტიოლოგიას გამოააშკარავებს. ხშირ შემთხვევაში, საჭიროა სმენის აპარატის შეძენა და, შესაძლებელია, სურდოლოგის რამდენიმე კონსულტაციაც გახდეს საჭირო.

სმენის ღრმა დაქვეითება

სმენის ამ ტიპის დაქვეითება 1000-დან 1 ბავშვს აღენიშნება. ასეთი სიყრუე ყოველთვის ნეიროსენსორულია და შესაძლოა ახლდეს გამტარებლობის (ტრანსმისიული) პრობლემებიც.

ამ ტიპის სმენის დაქვეითების დროს, რომელიც ადრეულ ასაკში არის გამოვლენილი, საჭიროა:

— სმენის აპარატი;
— რეაბილიტაცია სურდოლოგთან;
— მშობლების დატრენინგება;

სმენის აპარატი

მისი შეძენა სასურველია მოხდეს 2 წლამდე. უმჯობესია 6-7 თვის ასაკში. ამ დროს პატარა პაციენტი უფრო სწრაფად შეეგუება მას და თანაც, არ ექნება ხმოვანი ვაკუუმის შედეგები.

არ არსებობს სმენის დაზიანების არავითარი საშიშროება, თუ ეს აპარატი გამოცდილი აუდიოპროტეზისტის მიერ არის შერჩეული და დარეგულირებული. საქართველოში ჩვენი რეკომენდაცია ეძლევა აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ბაზაზე შექმნილ, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გერმანულ კომპანიას, KIND-SMENA.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ტიპის აპარატი ბავშვს ისეთივე ხმოვან გარემოს შეუნარჩუნებს, როგორიც ნორმალური სმენის მქონე ბავშვებს აქვთ. მიუხედავად ამისა, აპარატი მაინც მისცემს ბავშვს განვითარების საშუალებას.

თუკი სმენის აპარატის მოხმარება 3-4 წლის ასაკიდან იწყება, ამ დროისთვის ბავშვი უკვე ისე არის განვითარებული, რომ ხმოვანი გაღიზიანების ადგილი სხვა გაღიზიანებით არის ჩანაცვლებული, რაც ძალიან უშლის ხელს მეტყველების განვითარებას.

აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ასაკში აპარატის შეჩვევას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ სმენის აპარატი ვერ დაეხმარება პაციენტს ამ ნაკლოვანების დაძლევაში. საჭიროა ნაადრევი რეაბილიტაცია.

ადრეული რეაბილიტაცია

ამაში იგულისხმება რეაბილიტაცია ფონიატრთან, სურდოლოთან და ფსიქოლოგთან ერთობლივად, რომელიც უნდა ჩაუტარდეს როგორც პაციენტს, ასევე მის გარემოცვასაც.

აუცილებელია ბავშვი შევაჩვიოთ ხმოვან სამყაროსთან ურთიერთობას. ამავე დროს, მის გარშემო მყოფ ხალხს ვასწავლოთ ის მეთოდები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს ამ ურთიერთობის განვითარებაში.

რეაბილიტაცია ვერ იქნება დოგმატური. ის ინდივიდუალურია და უნდა იყოს მორგებული თითოეულ პაციენტზე და მის გარემოზე.

უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ოჯახის ექიმი, რომელმაც პირველმა უნდა შეიტანოს ეჭვი და გამოავლინოს სმენის დაქვეითების არსებობა.

უნდა გვახსოვდეს, რომ სმენის დაქვეითებას ხშირად თან ახლავს სხვა ნაკლოვანებები. ამიტომ აუცილებელია ოჯახის ექიმი არ კონცენტრირდეს მხოლოდ სმენის დაქვეითების პრობლემაზე და შეამოწმოს სხვა სისტემების მუშაობაც.

სმენადაქვეითებული ბავშვის რეაბილიტაციის შედეგები დამოკიდებულია ადამიანთა დიდ ჯგუფზე, რომელთა პროფესიონალიზმი და სიყვარული საოცრებებს ახდენს.

სმენის ღრმა დაქვეითების ძირითადი გამომწვევი მიზეზები

მხედველობაში გვაქვს გენეტიკური ფაქტორები. უფრო იშვიათი, თუმცა არანაკლებ ყურადსაღები ფაქტორებია:

წითელა (5-10 %) – ვაქციანაციის მიუხედავად, წითელას ემბრიოპათიული შემთხვევები კიდევ არსებობს.
ციტომეგალოვირუსი – ზოგიერთ შემთხვევაში, იგი შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს. ეს ვირუსი არ იწვევს სმენის დაქვეითებას პოსტნატალურად. თუმცა, რისკფაქტორს წარმოადგენს მუცლადყოფნისას.
ნეონატალური მიზეზები – მშობიარობის შემდგომი ჰიპოქსია (5-10%)
პოსტნატალური მენინგიტი (3-5%)
რეზუს კონფლიქტი – თუმცა, პრევენციული ზომების მიღების შემდეგ, რომელიც გამაგლობულინით ხდება, ეს ფაქტორი თითქმის გაქრა.

რჩება დაახლოებით 30%-მდე გაურკვეველი ეტიოლოგიის სმენის დაქვეითება, რაც გენეტიკურ ფაქტორებს მიეკუთვნება.

გენეტიკური კვლევები ამ სფეროში ძალიან ძნელია, რადგან გენეტიკურ– შთამომავლობით დაავადებებთან ერთად, არსებობს ქრომოსომული ცვლილების მიზეზით არსებული დარღვევებიც.

ამიტომ გამოვყოფთ სამ ძირითად მომენტს:

— როდესაც სმენის დაქვეითება ასოცირებულია რაიმე სხვა გენეტიკურ პათოლოგიასთან;
— როდესაც სმენის დაქვეითება იზოლირებულია, თუმცა, ოჯახის გამოკითხვით, ჩნდება ოჯახში სმენის დაქვეითების ხაზი;
— როდესაც სმენის დაქვეითება იზოლირებულია და არავითარი ოჯახური მიდრეკილება არ იკვეთება;

ოჯახის ექიმს და ოტოლოგს აინტერესებთ ოჯახური მიდრეკილების გარკვევა, რადგანაც ცნობილია, რომ სმენის დაქვეითება გენეტიკურად გადადის.

მას რეცესიული გენი გადასცემს დომინანტური კი – არა. თუმცა, სასურველია გაკეთდეს გენეტიკური კვლევაც, რომელიც, საქართველოში უკვე დაწყებულია.

ყველა ტიპის სმენის დაქვეითება, რომელსაც არ მოეძებნა კონკრეტული მიზეზი, ითვლება გენეტიკურად.

NOTA BENE
  • არ უნდა აგვერიოს სმენის გენეტიკური და თანდაყოლილი დაქვეითება;
  • არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი მხოლოდ ერთ ნაკლოვანებაზე. სასურველია გამოვიკვლიოთ სხვებიც;


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები