სიქთარვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიქთარვა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: ჩხარ-ეწერი). მდებარეობს მდინარე ძევრულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 220 მეტრი. თერჯოლიდან 4 კილომეტრი.

სახელწოდება

ადგილობრივ მოსახლეობაში ფართოდ არის გავრცელებული ვერსია იმის თაობაზე, რომ. თითქოს სიქთარვა წარმოშობით თათრული იყოს და უხამს, ვულგარულ შინაარსს შეიცავდეს. ეს თვალსაზრისი იმდენად პოპულარულია, რომ ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი სიქთარვას მართლაც თურქული სალანძღავი სიტყვისაგან მომდინარე ტოპონიმად მიიჩნევს. სპეციალისტთა უმრავლესობა კი ერთხმად უჭერს მხარს მის ქართულ წარმომავლობას და თვლის, რომ ტოპონიმი წარმომდგარია ორი სიტყვისაგან სირთა რუა („ჩიტების რუ“, „ჩიტების ღელე“ ). ეს ვარაუდი პირველად ივ. ქავთარაძის მიერ გამოითქვა მეოთხედი საუკუნის წინათ. ამჟამად იგი გაზიარებულია წამყვანი სპეციალისტების მიერ. კერძოდ, აღნიშნულია, რომ კომპოზიტის პირველი სიტყვა სირი („ჩიტი“) ტოპონიმში წარმოდგენილია ძველებური მრავლობითი რიცხვის ნათესაობითი ბრუნვის ფორმით (სირ-თა), მეორე ნაწილი კი ყოფილა სიტყვა რუ, რომელსაც სუფიქსი ჰქონია დართული. ამრიგად სიქთარვა (ძველი ფორმით სირთა-რუა) ნიშნავს ,ჩიტთა რუ“, „ჩიტების ღელე“. თვალსაზრისი უთუოდ საინტერესოა, მაგრამ მას, ჩვენი აზრით, სერიოზული დაბრკოლებებიც ახლავს. პირველ რიგში, დასავლურ-ქართულ, კერძოდ, ზემოიმერულ ტოპონიმიაში თითქოს არ ჩანს ძველი ნათესაობითი ბრუნვის -თა ელემენტი ორშემადგენლიან (ორფუძიან) ტოპონიმებში. სპეციალურ ახსნას მოითხოვს ბოლოკიდური - ხმოვნისაგან –ვა კომპლექსის მიღების შესაძლებლობაც: სირთა რუ – სიქთარვა? გასარკვევია, აგრეთვე სირთა ფორმის სიქთა ფორმად ცვლის ფონეტიკური საფუძველი და სხვ. ალბათ უფრო სარწმუნოდ მოჩანს ამ ტოპონიმის სირ- და თარო||თარა სიტყვებისაგან წარმომავლობის დაშვება. მაშასადამე –თა- ელემენტი ტოპონიმში უნდა გაგიგოთ არა როგორც ძველი ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი, არამედ როგორც თარა||თარო სიტყვის თავკიდური მარცვალი. თუ ეს ასეა, მაშინ სიქთარვა შეიძლება გავიაზროთ როგორც „სირ-თარო“. „გამოქვაბული, სადაც ჩიტები სხდებიან“, „ჩიტების სახდომი ადგილი“.

ნიშანდობლივია, რომ თარა||თარო (თარან-ი, დარან-ი) ლეჩხუმურ და იმერულ დიალექტებში ცოცხალი სიტყვაა. იგი ნიშნავს: ეხი, გამოქვაბული, სადგომი მყუდრო, უქარო ადგილი.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები