სიტყვანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიტყვანი

1. ენციკლოპედიურ გამოცემებში სტატიათა სახელწოდებების (ტერმინების) სრული ნუსხა, რომელშიც, როგორც წესი, მოცემულია მოკლე ანოტაციები და აღნიშნულია სტატიათა მოცულობები (სასტამბო ნიშანთა რაოდენობა); ზოგ შემთხვევაში მონიშნულია აგრეთვე სტატიის ბიბლიოგრაფია, საილუსტრაციო და კარტოგრაფიული მასალით აღჭურვის საჭიროება და, თუ ეს პერსონალიასა და ისტორიული მოვლენებს ეხება, თარიღებიც.

ენციკლოპედიის სიტყვანი (უნივერსალურისაა იგი თუ დარგობრივის) მთელი გამოცემის თავისებური პროსპექტია. იგი განსაზღვრავს მის სტრუქტურასა და პროფილს, გამოხატავს მის იდეურ-პოლიტიკურ შინაარსს, ასახავს მეცნიერების დონეს.

ენციკლოპედიის მზადების პირველ საფეხურზე მეცნიერების უახლესი კლასიფიკაციის გათვალისწინებით დგება თემატური სიტყვანი ცოდნის ცალკეული დარგებისა და სამეცნიერო დისციპლინებისათვის. ამ დროს ხდება ტერმინთა შერჩევა სათანადო კრიტერიუმებით, მათი განლაგება ტერმინოლოგიური ურთიერთდაქვემდებარების პრინციპით (ზოგადი ცნებიდან კერძოსაკენ), მასალის მიწოდების ერთიანი სისტემის გამომუშავება. ცოდნის დარგების. სამეცნიერო დისციპლინათა და ცალკეულ სტატიათა შორის მოცულობითი თანაფარდობის დადგენა და სხვადასხვა დარგის ტოლფასოვან ტერმინთა ნორმატიული უნიფიცირება, სტატიათა ციკლების (თემატურად მონათესავე სტატიათა ჯგუფების) გამოყოფა. ამ ეტაპზე ტარდება სიტყვანიის ე. წ. მომიჯნავე კითხვა დაინტერესებულ დარგებს შორის, შინაარსობრივად ურთიერთშემავსებელ ტერმინთა დაკავშირება ე. წ. მითითებათა სისტემის მეშვეობით. თემატური სიტყვანის მომზადებაში, როგორც მისი შედგენის, ისე საზოგადოებრივი განხილვის პროცესში მონაწილეობენ მოცემული დარგის წამყვანი სპეციალისტები.

თემატური სიტყვანების ბაზაზე, მათი შერწყმის შედეგად იქმნება საერთო ანბანური სიტყვანი რომელშიც ყოველი ტერმინი ლაგდება ანბანური რიგის მიხედვით. ამ სპეციფიკის გამო ანბანურ სიტყვანში ხშირად თავს იყრის სხვადასხვა დარგის ერთი სახელწოდების ტერმინები, რის შედეგადაც. იმისდა მიხედვით, თუ რამდენი დარგი მონაწილეობს სტატიის მომზადებაში (თუ ტერმინები მონათესავეა) და როგორია მათი ხვედრითი წილი. ჩნდება ე. წ. კომპლექსური, ზიარი და მომიჯნავე კითხვის ტერმინები, სადაც, ჩვეულებრივ, მითითებულია წამყვანი დარგი, ან იქმნება ტერმინთა ბუდეები, სადაც სხვადასხვა დარგის ერთი და იგივე ტერმინი წარმოდგენილია სალექსიკონო განმარტების დონეზე. საერთო ანბანური სიტყვანი გამოსაცემი ტომების საზღვრების დადგენისა და სტატიათა დაკომპლექტების საფუძველია. მას სარეგლამენტაციო მნიშვნელობა აქვს.

2. ლინგვისტურ ლექსიკონებში – ანბანური ნუსხა (რეესტრი) სალექსიკონო ერთეულებისა (სიტყვის, ფრაზეოლოგიისა და ა. შ., რომლებიც მოითხოვენ განმარტებას ან თარგმნას.

ი. ყიფიანი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები