სექსუალური ორიენტაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სექსუალური ორიენტაცია - არის ინდივიდის მდგრადი ემოციური, რომანტიული და/ან სექსუალური ლტოლვა ქალის, მამაკაცის ან ორივე სქესის მიმართ;

ქინსი და მისი კოლეგები (Kinsey et al., 1948) თვლიდნენ, რომ ადამიანების მკაცრად დაყოფა ორიენტაციის მიხედვით ჰომოსექსუალებად და ჰეტეროსექსუალებად შეუძლებელია. გამოკვეთილ ჰეტეროსექსუალებსა და ჰომოსექსუალებს შორის თავსდება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჰომოსექსუალურ და ჰეტეროსექსუალურ მიზიდულობასა და ფანტაზიებს სხვადასხვა ხარისხით განიცდის. ისინი ჩართულნი არიან ისეთ ქცევებსა და ურთიერთობებში, რომლებიც ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური კომპონენტების ნაზავს წარმოადგენს და ითავისებენ ცხოვრების ისეთ სტილს, რომელშიც ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური ელემენტები სხვადასხვა ხარისხითაა წარმოდგენილი. ამ და სხვა მიზეზების გამო, კლაინის (Klein et al., 1985) მიხედვით სექსუალური ორიენტაცია უნდა შეფასდეს ექვსი კრიტერიუმის მიხედვით. ესაა

  • სექსუალური ლტოლვა,
  • სექსუალური ფანტაზიები,
  • სექსუალური ქცევა,
  • ემოციური უპირატესობა,
  • ცხოვრების სტილი და
  • თვითიდენტიფიკაცია.

ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური ქცევის გამოხატვა იცვლება პიროვნების ასაკსა და სიტუაციასთან ერთად. ბისექსუალური მიზიდულობისა და ქცევის პოტენცია უფრო დიდია მოზარდებში, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებში. ჰომოსექსუალური ქცევა უფრო მაშინაა გამოხატული, როდესაც ჰეტეროსექსუალური ქცევის განხორციელება შეუძლებელია (მაგალითად, ციხეში); გარდა ამისა, ასეთი ქცევა უფრო მაშინ არის დათრგუნული, როდესაც ის მიუღებელია რელიგიური მიზეზების ან საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების გამო.

ზემოთ აღნიშნულ კვლევაში, ქინსიმ დაადგინა (Kinsey et al., 1948), რომ მამაკაცთა 10%-ს აქვს ჰომოსექსუალური ქცევის მეტ-ნაკლები გამოცდილება მინიმუმ 3 წლის მანძილზე, ხოლო მამაკაცთა 4%-ს - მთელი ცხოვრების განმავლობაში. ქინსი (Kinsey et al., 1953) აღნიშნავდა, რომ 20-დან 35 წლამდე მარტოხელა ქალების 4%-ია მხოლოდ ჰომოსექსუალური ორიენტაციის. არც ერთ გამოკვლევაში არ გამოიყენებოდა პოპულაციის წარმომადგენლობითი (ტიპიური) ნიმუში. უფრო გვიანდელი შეფასებით, ზუსტი ციფრები შეადგენს დაახლოებით 3%-ს მამაკაცებში და 1%-ს ქალებში (Gagnon and Simon, 1973; Laumann et al., 1994).

სარჩევი

ცხოვრების სტილი

ცხოვრების სტილი არის სექსუალური ორიენტაციის ასპექტი, რომელიც იცვლება კულტურალური ფაქტორების შესაბამისად. მიუხედავად ამისა, საზოგადოებათა უმეტესობაში ჰომოსექსუალთა უმრავლესობის ცხოვრების სტილი არაფრით განსხვავდება ჰეტეროსექსუალების ცხოვრების სტილისაგან. დანარჩენი ჰომოსექსუალები ირჩევენ სამუშაოს და გართობას, რომელიც მეტწილად არჩეულია საპირისპირო სქესის მიერ. ჰომოსექსუალების მცირე ნაწილი მანერებით და ჩაცმულობით საპირისპირო სქესს ბაძავს; ზოგჯერ, საკმაოდ უტრირებულად (ტრანსსექსუალებისგან განსხვავებით, ისინი ამას მაშინაც აკეთებენ, როდესაც ხვდებიან, რომ მათი გენდერული იდენტობა მათ ანატომიურ სქესს შეესაბამება). ორივე სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უმეტესობა, ძირითადად, გრძელვადიან ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ორივე ჯგუფში არსებობს უმცირესობა, რომელიც ხანმოკლე სექსუალურ კავშირებს ამჯობინებს.

თვითიდენტიფიკაცია

თვითიდენტიფიკაცია მნიშვნელოვნად განსხვავებულია ერთი და იმავე სექსუალური ორიენტაციის ადამიანებში. ზოგიერთ გამოკვეთილ ჰომოსექსუალს აქვს ძლიერი იდენტიფიკაცია სხვა ჰომოსექსუალებთან და მათთან ურთიერთობა ბევრად ურჩევნია ჰეტეროსექსუალებთან კონტაქტს.

სექსუალური ორიენტაციის განმსაზღვრელი ფაქტორები

უცნობია, თუ რა ფაქტორები განაპირობებენ სექსუალურ ორიენტაციას. არსებობს რამდენიმე თეორია, რომლებიც ყურადღებას სხვადასხვა ფაქტორებზე ამახვილებს. ესენია გენეტიკური ფაქტორები, დაბადების რიგითობა, ჰორმონული ზემოქმედება, ნეიროანატომიური განსხვავებები და ფსიქოლოგიური ფაქტორები (Mutanski et al., 2002).

გენეტიკური დეტერმინანტები

ტყუპებისა და ნაშვილები პირების შესწავლა
რამდენიმე მკვლევარის თანახმად, მონოზიგოტური ტყუპები ჰომოსექსუალობის თვალსაზრისით უფრო ხშირად გვანან ერთმანეთს, ვიდრე დიზიგოტური ტყუპები (Kallmann, 1952; Eckhert et al., 1986; Bailey and Pillard, 1991; King and McDonald, 1992). ეს მონაცემები ეთანხმება გენეტიკური ეტიოლოგიის მონაცემებს, მაგრამ, აგრეთვე, ასახავს იმ ფაქტს, რომ ადრეული ბავშვობისდროინდელი გარემო ბევრად უფრო მსგავსია მონოზიგოტური ტყუპების, ვიდრე დიზიგოტური ტყუპების შემთხვევაში. შვილად აყვანის გამოკვლევები შეიძლება ადასტურებდეს ამ შესაძლებლობას, მაგრამ, ჯერჯერობით, არ არის ხელმისაწვდომი ისეთი გამოკვლევა, რომელიც საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას მოგვცემდა.

მოლეკულური გენეტიკა და ქრომოსომული კვლევა

არგვაწვდის დამაჯერებელ მტკიცებულებებს ჰომოსექსუალ და ჰეტეროსექსუალ ადამიანებს შორის არსებულ განსხვავებაზე (ეს ეხება როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს).

დაბადების რიგითობა

უფროსი ძმის არსებობა ზრდის ჰომოსექსუალობის ალბათობას. მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ დედის იმუნური სისტემა მგრძნობიარე ხდება მამრობითი სქესის ნაყოფის (ემბრიონის) ზოგიერთი ასპექტის მიმართ(Quinsey, 2003).

ჰორმონული თეორიები

ცხოველებზე ჩატარებული კვლევა გვაჩვენებს, რომ ძუძუმწოვრების თავის ტვინის თანდაყოლილი პატერნი მდედრისთვისაა სპეციფიკური, ხოლო მამრის თავის ტვინის მახასიათებლების განვითარება დამოკიდებულია ნაყოფში ანდროგენების გამომუშავებაზე. ცხოველებში, მამრისა და მდედრის თავის ტვინის მახასიათებლები განაპირობებენ განსხვავებულ რეპროდუქციულ ქცევას, როგორიცაა, მაგალითად, სქესობრივი აქტის დროს მამრის მიერ მდედრის ზემოდან მოქცევა და ლორდოზი სექსუალურად აქტიურ მდედრებში. ნათელი არაა, ინფორმაცია ცხოველებში ასეთი შეჯვარების ნერვული კონტროლის შესახებ შეესაბამება თუ არა ადამიანთა სექსუალურ ქცევას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა მამრი ცხოველები, დროდადრო, სექსუალურ ურთიერთობას სხვა მამრებთან ამყარებენ, ექსკლუზიურად ჰომოსექსუალური ქცევა, ალბათ, მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ.

თუ პრენატალური ანდროგენული აქტივობა სექსუალური ორიენტაციის განმსაზღვრელია, უნდა არსებობდეს დიდი რაოდენობის ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანი იმ მამაკაცებს შორის, რომლებსაც პრენატალური ანდროგენული უკმარისობა ან დაქვეითებული მგრძნობელობა ახასიათებს და იმ ქალებს შორის, რომელთაც ანდროგენების სიჭარბით გამოწვეული სინდრომები აღენიშნება (Byrne and Parsons, 1993). ჰომოსექსუალური ორიენტაციის მაღალი პროცენტი გვხვდება იმ ქალებში, რომლებსაც ვირილიზებული თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია ახასიათებთ (Money et al., 1984; Byrne and Parsons, 1993). ამ მონაცემების ინტერპრეტაცია სადავოა, რადგან ეს ქალები მამაკაცის გარე გენიტალიებით დაიბადნენ, და, შესაძლოა, მათი სექსუალური ორიენტაცია ზრდასრულ ცხოვრებაში ამით იყოს გაპირობებული და არა ჰორმონების უშუალო ზეგავლენით თავის ტვინზე.

ნეიროანატომიური განსხვავება

ნაშრომები, რომლებშიც ნაცადია ჰომოსექსუალ და ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს შორის არსებული განსხვავებების ახსნა ჰიპოთალამუსის ზოგიერთი ბირთვის სტრუქტურის საფუძველზე (LeVay, 1991; Swaab and Hoffman, 1990), გაკრიტიკებულია ტექნიკური მიზეზების გამო (Byrne and Parsons, 1993).

ფსიქოლოგიური მიზეზები

თეორიები სექსუალური ორიენტაციის ფსიქოლოგიური მიზეზების შესახებ ეყრდნობა ცალკეული შემთხვევების ფსიქოანალიტიკურ გამოკვლევებს ან ჰომოსექსუალთა „განსაკუთრებულად შერჩეულ” ჯგუფებს. ისინი ეფუძნება მოზარდების ბავშვობისდროინდელ მოგონებებს, რომლებიც არ არის დასაბუთებული. ეს თეორიები, ჩვეულებრივ, ვარაუდობს, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია მამაკაცებში დეტერმინირებულია ადრეულ ბავშვობაში მშობლებთან ცუდი ურთიერთობით (დისტანციური ურთიერთობა მამასთან ან მასთან ხანგრძლივი დაშორება; ზედმეტად მზრუნველი დედა). ითვლება, რომ თითოეულმა ამ ფაქტორთაგან შეიძლება შეუშალოს ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის განვითარებას. ასევე ითვლება, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია ქალებში მომდინარეობს ადრეულ ასაკში პრობლემური ურთიერთობიდან დედასთან, რომელიც ან ინდიფერენტულია ქალიშვილის მიმართ ან უარყოფს მას (Wolff, 1971). ეს თეორიები მეცნიერული ფაქტებით არ არის გამყარებული.

სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები

ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანი, მეტწილად, დაკმაყოფილებულია და სტაბილური ურთიერთობა აქვს თავის პარტნიორთან. თუმცა, ადამიანები ექიმს სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით რჩევისთვის მაინც მიმართავენ. მათი პრობლემები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს. ამ პრობლემათა დიდი ნაწილი ეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, რელიგიურ შეხედულებებს, ადამიანის პირად შეხედულებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის მის სექსუალურ ორიენტაციასთან.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები