სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობასაერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, ყველა სახელმწიფოს აქვს ერთნაირი უფლებები და ვალდებულებები და წარმოადგენენ საერთაშორისო საზოგადოების თანასწორუფლებიან წევრებს მათი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სისტემის სხვადასხვაობის მიუხედავად.

სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპი ასახულია გაეროს წესდებაში 1945, დეკლარაციაში საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ 1970, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 1975 დასკვნით აქტში, სხვა საერთაშორისო დოკუმენტებში.

სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპი მოიცავს შემდეგ ელემენტებს: სახელმწიფოები იურიდიულად თანასწორნი არიან; ყველა სახელმწიფო სარგებლობს სუვერენიტეტიდან გამომდინარე უფლებებით; ყველა სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს სხვა სახელმწიფოთა სამართალსუბიექტურობას; სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია; ყველა სახელმწიფოს უფლება აქვს, თავისუფლად აირჩიოს და განავითაროს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სისტემები, დაადგინოს კანონები და ადმინისტრაციული წესები; ყველა სახელმწიფო ვალდებულია სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მშვიდობიანად თანაარსებობდეს სხვა სახელმწიფოებთან;

საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ყველა სახელმწიფოს თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვს. ისინი პატივს სცემენ ერთმანეთის უფლებას, თავიანთი შეხედულებით განსაზღვრონ და განავითარონ საერთაშორისო ურთიერთობები. მათი საზღვრები შეიძლება შეიცვალოს ურთიერთშეთანხმებით, მშვიდობიანი გზით. მათ უფლება აქვთ ეკუთვნოდნენ ან არ ეკუთვნოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, იყვნენ ან არ იყვნენ ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულების მონაწილენი, მათ შორის სამოკავშირეო ხელშეკრულებათა მონაწილენი. მათ აგრეთვე აქვთ ნეიტრალიტეტის უფლება.

სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს, რაც განზოგადებული სახით აისახა გაეროს წესდების მე-2 მუხლში, სადაც ნათქვამია: „ორგანიზაცია ეფუძნება მისი ყველა წვერის სუვერენული თანასწორობის პრინციპს“.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები