საქართველო-გერმანიის შეთანხმებები, განცხადება, ხელშეკრულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველო-გერმანიის შეთანხმებები, განცხადება, ხელშეკრულება

სარჩევი

საქართველო-გერმანიის შეთანხმებები

1918, ხელი მოეწერა 1918 წლის 28 მაისს, ფოთში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ა. ჩხენკელისა და გერმანიის წარმომადგენლის გენერალ-მაიორ ფონ ლოსოვის მიერ.

საქართველოს მთავრობამ ცნო 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკში დადებული ხელშეკრულება. მიღწეულ იქნა შეთანხმება ორივე მხარის სამხედრო ტყვეთა გაცვლის დასაჩქარებლად, ამასთან, საქართველოს განკარგულებაში მყოფი გემები გერმანელ მხარეს გადაეცა და გერმანული მარკა დაშვებულ იქნა საქართველოში როგორც ლეგალური საგადამხდელო საშუალება. ამ შეთანხმებათა ძირითად მიზანს წარმოადგენდა გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი აღიარება და „პირველი მსოფლიო ომის პერიოდში საქართველოს სარკინიგზო ხაზზე გერმანიის კონტროლის დაწესება.

საქართველოს რესპუბლიკისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთობლივი განცხადება

მათი ურთიერთობების საფუძვლების შესახებ, ხელმოწერილ იქნა 1993 წლის 24 ივნისს ბონში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ე. შევარდნაძისა და გფრ-ის კანცლერის ჰ. კოლის მიერ. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო-გერმანიას შორის წარსული საუკუნენახევრის მანძილზე დამკვიდრებული კულტურული, სამეურნეო, სამეცნიერო და პიროვნული კონტაქტების, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მრავალმხრივი ურთიერთგაცვლის ტრადიციებიდან გამომდინარე, ქართველი და გერმანელი ხალხების ინტერესებისა და მისწრაფებების შესაბამისად აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა ორივე ქვეყანას შორის, მათი ხალხების საკეთილდღეოდ, და ამით წვლილის შეტანა ევროპასა და მთელს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებაში. მხარეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. მათ შეგნებული აქვთ საქართველოში მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სფეროს საბაზრო ეკონომიკის გზით განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მნიშვნელობა. ამას გარდა კულტურის ყველა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მისწრაფებაა გამოთქმული. განცხადებაში აღინიშნა უახლოეს პერიოდში თბილისსა და ბონში საელჩოების გახსნის აუცილებლობა.

შეთანხმება კულტურული თანამშრომლობის შესახებ

დაიდო 1993 წლის 25 ივნისს ბონში 5 წლით. შემდეგ იგი ავტომატურად გაგრძელდება 5 წლით, თუ შეთანხმების მონაწილე ერთ-ერთი მხარე შესაბამისი ვადის გასვლამდე 6 თვის ადრე წერილობით არ მოახდენს მის დენონსირებას. შეთანხმებას ხელი ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა – ა. ჩიკვაიძემ და კ. კინკელმა მოაწერეს. შეთანხმების მთავარი მიზანია, რომ მასში მონაწილე მხარეებმა უკეთ გააცნონ ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების კულტურა ყველა სფეროსა და დონეზე. ასევე განავითარონ კულტურული თანამშრომლობა და ამით შეიტანონ წვლილი ევროპული კულტურის თვითმყოფადობაში.

ხელშეკრულება კაპიტალდაბანდებათა ხელშეწყობის და ურთიერთდაცვის შესახებ

აიდო 1993 წლის 25 ივნისს ბონში 10 წლის ვადით. შემდეგ იგი განუსაზღვრელი დროით შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ ერთ-ერთი ხელისმომწერი მხარე თორმეტი თვით, ადრე არ მოახდენს წერილობით დენონსაციას. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ა. ჩიკვაიძემ და კ. კინკელმა. ხელშეკრულების ძირითადი მიზანია, საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. კერძოდ, ერთი ქვეყნის მოქალაქეთა ან საზოგადოებათა კაპიტალდაბანდებებისათვის მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე ხელსაყრელი პირობების შექმნა. 1993 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ამ ხელშეკრულებას რატიფიკაცია გაუკეთა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები