სარაპისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერაპისი.
>ბაზალტი, ალბანის ვილა

სერაპისი – (სარაპისი). ელინისტური ეგვიპტის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება. მისი კულტი ძვ.წ. IV საუკუნეში შეიქმნა ეგვიპტურ და ბერძნულ რელიგიურ წარმოდგენათა შერთვის შედეგად. ეგვიპტის ბერძენი მეფეები, პტოლემაიოსები, ლამობდნენ ბერძნულ და ეგვიპტურ კულტურათა ელემენტების შერწყმას და სერაპისის კულტის დამკვიდრებას.

სერაპისის სახეში გაერთიანდა ეგვიპტის მომაკვდავი და აღორძინებადი მცენარეული ღვთაების, ოსირისისა და ნაყოფიერებისა და მიწისქვეშა სამყაროს ბერძენ ღმერთთა (ჰადესისა და სხვათა) თვისებები. ამასთანავე, ვითარცა წყალდიდობების განმგებელი, სერაპისი ემსგავსებოდა პოსეიდონს, ხოლო ვითარცა მზის ღვთაება – აპოლონს. სერაპისს მიიჩნევდნენ წინასწარმეტყველადაც, უბედობათა განმარიდებლადაც და მკურნალადაც.

სერაპისის კულტი გავრცელდა საბერძნეთშიც, მთელ რომაულ იმპერიაშიც, სადაც ის ოფიციალურად დაამკვიდრა იმპერატორმა კალიგულამ და ბაქტრიაშიც. სერაპისის ტაძრებს სერაპეუმებს უწოდებდნენ. ძვ.წ. III საუკუნეში ტაძარი ამ სახელწოდებით აიგო ალექსანდრიაში. ეს ტაძარი ცნობილი იყო თავისი უზარმაზარი ბიბლიოთეკით, სადაც 40 ათასზე მეტი გრაგნილი ინახებოდა. იგი ჩვ.წ. 391 წელს დაანგრიეს ფანატიკოსმა ქრისტიანებმა.

სერაპისს წარმოსახავდნენ მოწიფულ კაცად, ზევსის ან ჰადესის სახით, წვერებით, ბერძნული სამოსითა და თავზე ნაყოფებით სავსე კალათით.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები