სამომხმარებლო კალათა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამომხმარებლო კალათა - (basket of goods, consumer’s basket), ადამიანის ძირითადი ფიზიოლოგიური და სოციალურ-კულტურული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ნაკრები. წარმოადგენს ბაზას მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის, მინიმალური ხელფასის, პენსიის, დახმარების, სტიპენდიისა და ა.შ. განსაზღვრისათვის.

საქონლისა და მომსახურების ნაკრები სხვადასხვა სოციალურ დემოგრაფიული ჯგუფისათვის დიფერენცირებულია და დამოკიდებულია ეკონომიკის რეალურ შესაძლებლობებზე. სამომხმარებლო კალათაში შედის საქონლისა და მომსახურების სხვადასხვა ნაკრები: პური და პურპროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, თევზი და თევზის პროდუქტები, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი, ზეთი, მარგარინი, კარაქი, შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი, სხვა პროდუქტები; ტანსაცმელი, თეთრეული, ფეხსაცმელი; წამალი, სანიტარიისა და ჰიგიენის საგნები; ავეჯი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების საგნები; საცხოვრებელი ბინა, კომუნალური მომსახურება; კულტურულ-საგანმანათლებლო მომსახურება; საყოფაცხოვრებო მომსახურება; ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა; სკოლამდელი დაწესებულებების მომსახურება.

სამომხმარებლო კალათის შეფასება ხდება საპრეისკურანტო ფასებით განსაზღვრული პერიოდით. სამომხმარებლო კალათაში შესული საქონლისა და მომსახურების ასორტიმენტი ასახავს ხალხის ცხოვრების დონეს. რაც უფრო მრავალფეროვანია კალათაში შემავალი კვების პროდუქტებისა და არასასურსათო საქონლის ჩამონათვალი, მით უფრო მაღალია ცხოვრების დონე.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები