რინი ბარდუაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რინი ბარდუაგ-ი (ოს. Рыны бардуаг – „ეპიდემიის მბრძანებელი“) – ეპიდემიისა და ეპიზოტიის ღვთაება ოსურ მითოლოგიაში. ოსების წარმოდგენით, იგი არის საშინელი ურჩხული, რომელსაც რაიმე კონკრეტული სახე არა აქვს.

ოსებს წარსულში მისი სახელობის დღე არ ჰქონიათ (გამონაკლისს წარმოადგენდა ალაგირის ხეობის სოფ. ცამათი, რომლის მოსახლეობა ყოველწლიურად აწყობდა რინი ბარდუაგის სახელობის დღეობას და სწირავდა ცხვარს) და მხოლოდ ეპიდემიის პერიოდში ლოცულობდნენ. რამდენადაც ეპიდემიის ან ეპიზოტიის წინააღმდეგ ბრძოლა არამარტო ერთი სოფლის, არამედ მთელი ხეობის საზრუნავი იყო, რინი ბარდუაგის კულტმსახურებაც საერთოსახევო ღონისძიებას წარმოადგენდა. როგორც კი შეიტყობდნენ რომელიმე აულში ეპიდემიის გავრცელებისა თუ პირუტყვის დახოცვის თაობაზე, ერთ-ერთი მეზობელი სოფლის მცხოვრებლები ნიხასზე შეიკრიბებოდნენ და ახალგაზრდებიდან მომღერალთა გუნდს შეარჩევდნენ. გუნდი სიმღერით შემოივლიდა ახლომდებარე სოფლებს; რომელიმე აულთან მიახლოებულები წრეს შეკრავდნენ და რინი ბარდუაგისამი მიძღვნილ სიმღერას დაიწყებდნენ („ოოოოოი, ოოი რინი ბარდუაგ! შენგანაა ავადმყოფობა, განკურნებაც შენგანაა. დაიფარე ეს სოფელი შენი რისხვისგან, მოხუცებიც და ახალგაზრდებიც შენი სტუმრები არიან...“). შემდეგ, აულისკენ დაძრულნი, უმღეროდნენ ყველა ღვთაებას, რომელთა სახელებს მრავლობით რიცხვში რამდენჯერმე იმეორებდნენ (მაგ., ვასთირჯათა, ვასთირჯათა, ვასთირჯათა! ელიათა, ელიათა, ელიათა და ა. შ.) და შესთხოვდნენ დაეცვათ სოფელი ეპიდემიისაგან. მოახლოებულ გუნდს ადგილობრივებიც უერთდებოდნენ. მომღერალთა ჯგუფი ყოველ სოფელში რჩებოდა და მთელი ღამე სიმღერას არ წყვეტდა. მოსახლეობა მათ ისე უყურებდა, როგორც ღვთის სტუმრებს და მომღერლებს საქონელს (ხარს, ძროხას, ცხვარს, თხას და სხვ.) ჩუქნიდა. შინ მობრუნებულები მოგროვილი ნახირიდან საუკეთესოებს შეარჩევდნენ და რინი ბარდუაგს შესწირავდნენ, დანარჩენ საქონელს ინაწილებდნენ.


ლიტერატურა

  • Тменов В. Х., Уарзиаты В. С. К вопросу о происхождении и датировке осетинских святилищ Рыныбардуаг и Аларды // Вопросы осетинской археологии и этнографии. I. Орджоникидзе, 1980;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები