რიკოთის უღელტეხილი
რიკოთის უღელტეხილი – უღელტეხილი საქართველოში, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეებში, ხარაგაულისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე, მდინარე ძირულის მარცხენა შენაკადის — რიკოთულის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 996 მ. უღელტეხილზე გადადის თბილისი – ქუთაისის ავტომაგისტრალი.
სახელწოდება
სახელწოდება რიკოთი, ჩვენი ვარაუდით, დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიისათვის დამახასიათებელი -თ სუფიქსით არის წარმოქმნილი: რიკო-თ-ი. -თ სუფიქსი, როგორც ცნობილია, ძირითადად ადამიანთა და მცენარეთა სახელებისაგან მომდინარე ტოპონიმებში იჩენს თავს.მაშასადამე ტოპონიმ რიკოთში ამოსავალ სიტყვად (ძირად) უნდა მივიჩნიოთ რიკო-ელემენტი, რომელიც ჩვენ რკო სიტყვის სახეცვლილ ფორმად მიგვაჩნია. (რ და კ თანხმოვნებს შორის გამყარად ი ხმოვანი გაჩენილა). თვით სიტყვა რკო იმერულ (აგრეთვე რაჭულ და ლეჩხუმურ) კილოებში აღნიშნავს როგორც მუხის ნაყოფს (რკო), ისე ყურძნის (ვაზის) ერთგვარ ჯიშს (ისხამს შავ და თეთრ ნაყოფს. დგება მომჟავო გემოს-ღვინო).
ამრიგად რიკოთი (რკო-თ-ი) უნდა გავიაზროთ: „ადგილი, სადაც კარგად ხარობს რკოს ჯიშის ვენახი, რკო-ეთ-ი“. რიკოთი თავდაპირველად ერთ კონკრეტულ ადგილს უნდა რქმეოდა, მოგვიანებით კი მთელი მთიანი მასივის აღმნიშვნელ სახელად ქცეულა.