რეაქცია სტრესულ მოვლენებზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეაქცია სტრესულ მოვლენებზე - სტრესული მოვლენები ხშირად იწვევს ფსიქიკურ აშლილობას. მათ, აგრეთვე, შეიძლება გამოიწვიონ უარყოფითი ემოციური რეაქციები, რომელიც, თავიანთი ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, არ იძლევა იმის საკმარის საფუძველს, რომ დაისვას შფოთვითი აშლილობის ან გუნებ-განწყობის აშლილობის დიაგნოზი. მსგავსი, ნაკლებად მწვავე რეაქციები, პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან ერთად (რომელიც ინტენსიური და ხანგრძლივი რეაქციაა მწვავე სტრესორზე)

რეაქცია სტრესულ მოვლენებზე სამი კომპონენტისგან შედგება:

  1. ემოციური ხასიათის რეაქცია, რომელსაც თან ახლავს სომატური ცვლილებები;
  2. დაძლევის სტრატეგია;
  3. დაცვითი მექანიზმი.

სარჩევი

ემოციური და სომატური რეაქციები

არსებობს ორი ტიპის საპასუხო რეაქცია: შფოთვითი, რომელსაც თან ახლავს ვეგეტატიური ნერვული სისტემის აგზნება, რაც იწვევს მოსალოდნელი საშიშროების განცდას, გაღიზიანებადობას, ტაქიკარდიას, კუნთების ტონუსის მატებას და პირის სიმშრალეს; და დეპრესიული რეაქცია, რომელსაც თან ახლავს პესიმისტური აზრები და ფიზიკური აქტივობის დაქვეითება. შფოთვითი რეაქცია, ჩვეულებრივ, ხიფათის შემცველ მოვლენებთან არის დაკავშირებული, მაშინ, როდესაც დეპრესიული რეაქცია დაკავშირებულია ისეთ მოვლენებთან, როგორიცაა განშორება ან დანაკარგი. ამ რეაქციების მახასიათებლები იგივეა, რაც შფოთვითი და დეპრესიული აშლილობის სიმპტომები, მაგრამ, ისინი ნაკლებ ინტენსიურია.

დაძლევის სტრატეგიები

დაძლევის სტრატეგიები სტრესული მოვლენების ზემოქმედების შესუსტებას ემსახურება; არბილებს ემოციურ და სომატურ რეაქციებს და მეტ-ნაკლებად აადვილებს ნორმალურ ფუნქციონირებას (თუმცა, არა გრძელვადიან პერსპექტივაში). ტერმინი „დაძლევის სტრატეგიები“ სოციალურ ფსიქოლოგიაში ჩატარებული კვლევის შედეგად წარმოიქმნა და პიროვნების გაცნობიერებულ აქტივობას გულისხმობს (მაგ., სტრესორისთვის შეგნებულად თავის არიდება). პიროვნების არაცნობიერ რეაქციებს, დაცვითი მექანიზმები ეწოდება.

დაძლევის სტრატეგიები ორი ტიპისაა: პრობლემის გადაჭრაზე მიმართული სტრატეგიები, რომელთა მოქმედების შედეგად არახელსაყრელი ვითარება ნაკლებად სტრესული ხდება და ემოციის შესუსტების სტრატეგიები, რომლებიც აქვეითებს სტრესორის საპასუხო ემოციურ რეაქციებს.

პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები

პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებია:

  • დახმარების ძიება;
  • ისეთი ინფორმაციისა და რჩევების მოძიება, რომლებიც პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარება;
  • პრობლემების გადაჭრა - პრობლემის გადასაჭრელი გეგმების შემუშავება და განხორციელება;
  • კონფრონტაცია - საკუთარი უფლებების დაცვა და სხვა ადამიანების დარწმუნება, შეცვალონ საკუთარი ქცევა.
ემოციის შესუსტების სტრატეგიები

მოციის შესუსტების სტრატეგიებია:

  • ემოციებისგან განტვირთვა, „ემოციური ვენტილაცია“ - სხვა ადამიანთან საუბარი და ემოციის გამოხატვა.
  • პრობლემის შეფასება - იმის დადგენა, თუ რა შეიძლება შეიცვალოს და რა - არა. შესაძლებელი ცვლილებების განხორციელების მცდელობა პრობლემის გადაჭრის გზით და შეგუება იმასთან, რისი შეცვლაც შეუძლებელია.
  • პრობლემის პოზიტიური გადაფასება - იმის გაცნობიერება, რომ პრობლემა შეიძლება რაიმე სასიკეთოს მომტანი იყოს. მაგ., სამსახურის დაკარგვამ შეიძლება შესაძლებლობა მოგვცეს, უკეთეს საქმიანობას მოვკიდოთ ხელი.
  • პრობლემის თავიდან აცილება - პრობლემის შესახებ ფიქრზე უარის თქმა; პრობლემის გამომწვევი ადამიანებისთვის თავის არიდება; ან იმ სიტუაციებისთვის, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ პრობლემის გახსენება.

დაძლევის სტრატეგიები, ჩვეულებრივ, სასარგებლოა პრობლემის გადასაჭრელად ან ემოციური რეაქციის შესასუსტებლად. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის არ ასრულებს ადაპტაციურ ფუნქციას. მაგ., ადრეულ სტადიაზე სომატური დაავადების უგულვებელყოფა ვერ იქნება ადაპტაციური, ვინაიდან ამან შეიძლება შეაფერხოს შესაბამისი მკურნალობის დროულად დაწყება. აქედან გამომდინარე, პიროვნებამ უნდა შეძლოს არა მხოლოდ დაძლევის სტრატეგიების გამოყენება, არამედ იმის დაადგენაც, თუ რომელი სტრატეგია შეესაბამება მოცემულ ვითარებას.

გამკლავების არაადაპტაციური სტრატეგიები

ასეთი სტრატეგიები დროებით ასუსტებს სტრესულ მოვლენებზე ემოციურ რეაქციას, მაგრამ შემდგომში უფრო დიდ სირთულეებამდე მივყავართ. გამკლავების არაადაპტაციური სტრატეგიებია:

  • ალკოჰოლის ან მედიკამენტების გამოყენება (რომლებიც ექიმის მიერ არ არის დანიშნული) ემოციური რეაქციის შესასუსტებლად ან სტრესული ვითარების გაცნობიერების შესამცირებლად.
  • განზრახ თვითდაზიანება წამლის დოზის გადაჭარბების ან სხეულის დაზიანების გზით. ზოგი ადამიანი, იმისათვის, რომ დაძაბულობა შეიმსუბუქოს, ბასრი ინსტრუმენტით ისერავს კანს და ამით იწვევს ტკივილსა და სისხლდენას. ზოგი წამლის გადაჭარბებულ დოზას იღებს, რათა სიტუაციას თავი დააღწიოს ან გააგებინოს სხვებს, რომ დახმარება სჭირდება.
  • ემოციების თავშეუკავებლად გამოხატვას შეუძლია დაძაბულობის შესუსტება. ზოგ საზოგადოებაში ასეთი ქცევა სრულიად მისაღებია გარკვეული გარემოებების დროს (მაგ., გლოვის დროს). იმავე ქცევამ განსხვავებულ ვითარებაში შეიძლება გააფუჭოს ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელიც სხვა შემთხვევაში დახმარების აღმოჩენას მოისურვებდა.
  • აგრესიული ქცევა სიბრაზის განცდის მყისიერ შესუსტებას იწვევს, მაგრამ მის გამო პიროვნება შეიძლება მომავალში უფრო მეტი სირთულეებს წააწყდეს და ურთიერთობები გაუფუჭდეს.
დაძლევის სტილი

როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა სიტუაციაში ერთსა და იმავე დაძლევის მექანიზმს იყენებს, ითვლება, რომ მას დაძლევის (კოპინგის) გარკვეული სტილი აქვს ჩამოყალიბებული. ზოგიერთი ადამიანი გამკლავების სტრატეგიებს ვითარების მიხედვით ცვლის. მაგ., სამსახურში იყენებს პრობლემის გადაჭრის სტრატეგიას, მაგრამ, როდესაც ცუდად გრძნობს თავს, განრიდების სტრატეგიას მიმართავს. ზოგი ადამიანი, ჩვეულებრივ, გამკლავების არაადაპტაციურ სტრატეგიებს იყენებს (მაგ., სტრესის დროს ჭარბად მიიღებს წამალს ან ალკოჰოლს). დაძლევის სტრატეგიები განხილული აქვს ლაზარუსს (Lazarus, 1993). მოგვიანებით მეცნიერებმა განასხვავეს ერთმანეთისგან „დაძლევის სტილი“, რომელიც განიხილება, როგორც ქცევის შედარებით მდგრადი მახასიათებელი და „დაძლევის რეაქცია“, რომელიც სპეციფიკური ხასიათის რეაქციაა კონკრეტულ სტრესულ ვითარებაზე (Beutler et al., 2003).

დაცვითი მექანიზმები

დაცვითი მექანიზმები ესაა არაცნობიერი რეაქცია გარე სტრესორზე ან შფოთვაზე, რომელიც შინაგანი კონფლიქტით არის გამოწვეული. პირველად ეს მექანიზმები ზიგმუნდ ფროიდმა აღწერა, ხოლო მოგვიანებით, უფრო დეტალურად, მისმა ქალიშვილმა - ანა ფროიდმა (A. Freud, 1936). სტრესზე რეაქციის დროს ყველაზე ხშირად რეპრესიის უარყოფის, გადატანის, პროექციისა და რეგრესიის მექანიზმებს იყენებენ. დაცვითი მექანიზმები არაცნობიერი პროცესებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გამოყენება განზრახ არ ხდება და გამოყენების რეალური მოტივები არ არის გაცნობიერებული. მიუხედავად ამისა, ისინი შეიძლება მოგვიანებით გაცნობიერდეს ინტროსპექციის გზით ან სხვათა ახსნა-განმარტების შედეგად. ნაშრომში „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“, ფროიდმა მოგვცა დაცვითი მექანიზმების განსაზღვრება. ეს ტერმინი მან გამოიყენა მეხსიერებაში უეცარი ჩავარდნებისა და წამოცდენების მიმართ. დაცვითი მექანიზმების ცნების გამოყენება სასარგებლო აღმოჩნდა სტრესში მყოფი ადამიანების ყოველდღიური ქცევის სხვადასხვა ასპექტის გასაგებად, განსაკუთრებით კი ისეთი ადამიანების, რომლებსაც ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადება აქვთ. ამ ცნებას ფროიდი იყენებდა აგრეთვე ფსიქიკური აშლილობის ეტიოლოგიის ასახსნელად.

დაცვის მექანიზმები
რეპრესია
უარყოფა
გადატანა
პროექცია
რეგრესია
რეაქციის ფორმირება
რაციონალიზაცია
სუბლიმაცია
იდენტიფიკაცია

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები