რამიშვილი გურამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურამ რამიშვილი

გურამ რამიშვილი – (დ. 22 აგვისტო 1932, თბილისი, – გ. 4 ოქტომბერი 1995, იქვე), ენათმეცნიერი.

1955 დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება, 1958 – თსუ ზოგადი ენათმეცნიერების ასპირანტურა აკად. გ. ახვლედიანის ხელმძღვანელობით. 1958-იდან მუშაობდა თსუ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრაზე უფროსი მასწავლებლის, დოცენტის (1961), პროფესორის (1971) თანამდებობებზე. I973-98 იყო ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის გამგე. 1990–95 თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა ინსტიტუტის რექტორი, 1960 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ჰუმბოლდტის ენის თეორიის ზოგი საკითხი“). 1968-70 სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა იენის (გერმანია) უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია („ენის შინაფორმის პრობლემა თანამედროვე ლინგვისტიკაში“). 1973–74 ასევე სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ბონის (გერმანია) უნივერსიტეტში. 1974 მიენიჭა ლ. ვაისგერბერის საპატიო მედალი, 1983– ალბერტ შვაიცერის მედალი (გერმანია), 1989 – იაკობ და ვილჰელმ გრიმების სახელმწიფო პრემია (ბერლინი). 1973-იდან იყო ევროპის ლინგვისტთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი, საერთაშორისო საენათმეცნიერო ჟურნალ „Zeitschrift fur Phonetik Sprachwissenschaft and Kommunikationsforschung“ რედაქციის წევრი. იყო მრავალი საერთაშორისო საენათმეცნიერო ფორუმის მონაწილე, საქართველოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ფილოსოფიის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი.

გ. რამიშვილის შრომები ეკუთვნის თანამედროვე ენათმეცნიერების იმ მიმართულებას, რომლის ყურადღების ცენტრშია ენათა შინაარსობრივი მხარის კვლევა. მისი შრომები მოიცავს საკითხთა ფართო წრეს, რომელშიც მოქცეულია ენათმეცნიერების კლასიკური თეორიების (ე. ჰუმბოლდტი, ფ. დე სოსიური) ამოსავალ ცნებათა ინტერპრეტაცია თანამედროვე ენის თეორიის ამოცანების შესაბამისად. რამიშვილმა წამოაყენა და დაასაბუთა „ენის შინაგანი ფორმის“ ორიგინ. კონცეფცია. მის სახელთან არის დაკავშირებული ენის თეორიაში ბგერა–აზრის ასახსნელად ენობრივი სინთეზის პოსტულატის შემოტანა, რომელიც ამყარებს კორელაციას ენის თეორიის ძირითად ცნებებს შორის (არტიკულაცია, სინთეზი, ენერგია, ღირებულება, შინაფორმა, წარმოქმნა.). რამიშვილის სემანტიკური ხასიათის ნაშრომებში გამოკვლეულია საგნის ენაში ტრანსპონირების სემანტიკური პირობები; პოსტულირებულია დედა-ენაში მნიშვნელობათა აღურევლობის წესი, ენობრივი შუაწევრის ცნება, სუბსტანციური ზონების იდეა, სემანტიკური ოპოზიტივები (ლატენტური სტრუქტურები), ენათა სემანტიკური ბალანსის პრინციპი, რეფერენციისა და ინტერპრეტაციის დონეები სემანტიკაში, რაც ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ენათა შინაარსეული ასპექტის გამოსავლენად. რამიშვილი მიუთითებს სემანტიკის ლატენტური მექანიზმების ცხადყოფისა და აღწერის ორგვარ ემპირიულ შესაძლებლობაზე („ენობრივი ალღოს ფენომენი“, „სემანტიკური ინტერფერენცია“). ამ თეორიული პოზიციებიდან არის შესწავლილი ქართული ენის ლექსიკის სხვადასხვა სფერო: ხმაბაძვითი ლექსიკა, ნათესაობის ტერმინოლოგია, ფერის, განზომილებათა ზედსართავები და სხვ. გ. რამიშვილი ფსიქოლოგებთან ერთად იკვლევდა დედაენობრივი ფაქტორის გაუცნობიერებელი მოქმედების სახეებს მეორე ენის ათვისების დროს. თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში შექმნა ე. წ. „გერმანული სკოლების ქსელი“, სადაც გერმანული და სხვა უცხოური ენების სწავლება ემყარება ენათა კოორდინირებული სწავლების პრინცის.

ა. კარტოზია


თხზულებები

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები