პურიზმი (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პურიზმი – (ფრანგ. purisme <ლათ. purus – წმინდა), ზოგადად: ენაში ტრადიციული სისწორის მკაცრი დაცვა, ბრძოლა უცხოენოვან ნასესხობათაგან, აგრეთვე არასალიტერატურო მეტყველების ელემენტებისაგან (დიალექტიზმები, ვულგარიზმები) ენის გასაწმენდად. ვიწრო მნიშვნელობით პურიზმი აღნიშნავს ამა თუ იმ უცხო ენიდან ნასესხები, უკვე დამკვიდრებული (ძირითადად – საერთაშორისო) სიტყვის ნაცვლად მშობლიური (ან მონათესავე) ენის წიაღიდან ხელოვნურად გაცოცხლებული ან შეთხზული სიტყვის ხმარებას.

XX ს.სალიტერატურო ქართულში პურიზმებად ითვლება: რონოდა (ვაგონი), სატუცავი (კალოში), გვადრუცი (ჩემოდანი), ჩალათა (კონვერტი), გლარჯმილა (პაპიროსი), გვაბანაკი (პალტო), იყლიმი (ტემპერატურა), ჯუმლი (კატალოგი), ძიქვა (შარვალი) და მისტ. XIX ს. რუსულში პურიზმებად ფასდებოდა გრაფ შიშკოვის მიერ დანერგილი სიტყვები: топталище (ტროტუარი), мокроступы (კალოში) …

პურისტული ტენდენციები განსაკუთრებით იჩენს თავს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენების (ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, რევოლუციებისა თუ ომების) დროს. პურიზმების გაჩენა დაკავშირებულია ენაში ამა თუ იმ უცხოური ენის ლექსიკის მოძალებასთან და შეიძლება შეფასდეს როგორც ენის „თავდაცვითი რეაქცია“ უცხო ენის „ლექსიკურ აგრესიაზე“. მაგრამ „გაეროვნულების“ ამგვარი ცდები არცთუ იშვიათად მარცხით მთავრდება პურისტების სუბიექტური და ანტიისტორიული პოზიციის გამო, რასაც შედეგად მოჰყვება ხელოვნური, მოუქნელი და ხშირად გაუგებარი ლექსიკური ერთეულების წარმოქმნა.

პურიზმი ერთი შეხედვით, დადებით მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს, რამდენადაც დაკავშირებულია ენის, როგორც თვითმყოფი ეროვნული კულტურის ორგანული ნაწილის, განვითარებაზე ზრუნვასთან, მაგრამ პურიზმის რეტროსპექტიული ხასიათის, ენის წინსვლა-გამდიდრების შეფასებისას პურისტების უკიდურესი კონსერვატიული პოზიციის გამო პურიზმები არსებითად უარსაყოფია. ყოველგვარ ნასესხობათა წინააღმდეგ ბრძოლა გაუმართლებელია, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ეხება საყოველთაოდ გავრცელებული საერთაშორისო სიტყვების, განსაკუთრებით, ახალი ტერმინების სესხებას, რაც სრულიადაც არ ეწინააღმდეგება ენის ბუნებრივ განვითარებას.

მ. აფრიდონიძე


ლიტერატურა

აფრიდონიძე შ. სიტყვათსესხება. – „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, 1982, №92,

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები