პუნქტუაცია ძველ ქართულში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პუნქტუაცია ძველ ქართულში – გაბმული ტექსტის დასანაწევრებლად შემუშავებული ნიშნები. ძველ ქართულ დამწერლობაში ეს ნიშნები ძალიან ადრე ჩნდება (V ს-იდან) და ბიზანტიური პუნქტუაციური სისტემის გავლენით ჩანს შემოღებული. ძირითადად გამოყენებული იყო „წერტილი“ (ეტიმოლოგიურად ნიშნავს, ჩხვლეტილს და მისი სხვადასხვა კომბინაციის საშუალებით ხდებოდა ტექსტის დანაწევრება.

V-X სს. ხელნაწერებში გამოყენებულია მოგრძო წერტილზე დაფუძნებული სამი ნიშანი: ერთი მოგრძო წერტილი (-) სტრიქონს ზევით ან სტრიქონებს შუა, ორი მოგრძო წერტილი (=) შუაში და მათი შეერთებით მიღებული ბუნის მსგავსი ნიშანი (>) სტრიქონს შუა. მათგან ორი წერტილი (=) დაისმის წინადადებისა და მუხლის ბოლოს. ერთი წერტილისა და ბუნის მსგავსი ნიშნის ხმარებაში სისტემურობა არ ჩანს და სხვადასხვა ხელნაწერში სხვადასხვაგვარი სურათია დაფიქსირებული. სასვენი ნიშნების სისტემატიზაციას შეეცადა ეფრემ მცირე (XIს. II ნახ) მისი სისტემა ოთხ ნიშანს ემყარება: (.) „მცირედ სასუენად“, (1) „განსაკუჱთელად სიტყუისა“, (:) „დიდად სასუჱნად“ და (....) „სრულად დასაბოლოებლად და ახლად დასაწყებელად სიტყვისა“.

XI ს-იდან ხელნაწერებში იწყება კითხვითი წინადადების გამოყოფა მახვილისა და მძიმის (',) საშუალებით. მახვილი დაისმის კითხვით სიტყვასთან ან კითხვით ნაწილაკთან, მძიმე – კითხვით სიტყვასთან ან კითხვითი წინადადების ბოლოს. XII ს-ში ეს უკანასკნელი წერტილ-მძიმით (;) გამოიყოფა.

XVIII ს-ში სასვენი ნიშნების ახალი სისტემა შეიმუშავა ანტონ I-მა. იგი წინადადებებს ყოფს „უსრულად“, „სრულად“, „დასასრულად“ და შესაბამისად იყენებს ნიშნებს: მძიმეს (,), ერთწერტილს (.) და ორწერტილს (:). XIX ს-იდან ქართული პუნქტუაცია თანდათანობით იღებს დღევანდელი პუნქტუაციის სახეს.

ლ. ქაჯაია


ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ი, ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბ., 1949;
  • ქაჯაია ლ. პუნქტუაცია ძველ ქართულ ხელნაწერებში (V-X სს.) – „კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე“, 1963. ტ.5.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები