პიროვნული ცვლილებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროვნული ცვლილებები - ზოგჯერ, ზრდასრული ცხოვრების მანძილზე, თავს იჩენს ღრმა და ხანგრძლივი პიროვნული ცვლილებები, რომლებიც განსხვავდება სტრესის ან ავადმყოფობის თანმდევი დროებითი ქცევითი ცვლილებებისგან. ასეთი ხანგრძლივი ცვლილებები შეიძლება მომდინარეობდეს:

  • თავის ტვინის დაზიანებისგან ან ორგანული დაავადებისგან;
  • განსაკუთრებით მძიმე სტრესული გამოცდილებიდან (გვხვდება წამების მსხვერპლ პატიმრებში ან ტყვეობაში

მყოფ პირებში).

ICD-10-ში შეტანილია კატეგორიები თითოეული ამ ტიპის ცვლილებისთვის. თავის ტვინის ორგანული დაავადებით გამოწვეული პიროვნული ცვლილებები ორგანული ფსიქიკური აშლილობების ჯგუფშია შეტანილი (F00), რომელიც შეიცავს თავის ტვინის დაავადებით, დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობების კატეგორიას. კერძოდ, ეს არის ენცეფალიტის და ქალა-ტვინის ტრავმით გამოწვეული პიროვნული ცვლილებები. DSM-IV-ში ისინი დიაგნოსტირებულია, როგორც ზოგადი სამედიცინო მდგომარეობით გამოწვეული პიროვნული ცვლილებები.

პიროვნული ცვლილებების ორი დანარჩენი ფორმა ICD-10-ის F60 რუბრიკაშია გაერთიანებული (ზრდასრული ადამიანის პიროვნული და ქცევითი აშლილობები). ფსიქიკური დაავადების შემდგომი ხანგრძლივი პიროვნული აშლილობის დიაგნოსტირებისთვის პიროვნული აშლილობა უნდა აღინიშნებოდეს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, აშკარად უნდა იყოს დაკავშირებული ფსიქიკურ დაავადებასთან და არ უნდა აღინიშნებოდეს ამ დაავადების გაჩენამდე. ასე- თი აშლილობის მქონე პაციენტი შეიძლება იყოს სხვაზე დამოკიდებული, პასიური და მომთხოვნი, ან არაკომუნიკაბელური და იზოლირებული იმ (არა ბოდვითი) რწმენის გამო, რომ ის შეიცვალა ან სტიგმატიზებულია. ICD-ის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი ცვლილება გასაგები ხდება პიროვნების ავადმყოფობისდროინდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც მისი ადრინდელი დამოკიდებულებების, შეგუების პატერნისა და ცხოვრებისეული სიტუაციის გათვალისწინების შემდეგ. თუმცა, ითვლება, რომ შიზოფრენიას შეუძლია შეცვალოს პიროვნული თვისებები უშუალოდ ან არაპირდაპირი გზით.

ICD-10-ის მიხედვით, კატასტროფული გამოცდილების შემდგომი ხანგრძლივი პიროვნული აშლილობა, ასევე უნდა აღინიშნებოდეს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. სტრესული გამოცდილება უკიდურესად ინტენსიური უნდა იყოს. ამ ტიპის გამოცდილებაა ბუნებრივი კატასტროფა; ხანგრძლივი ტყვეობა ან საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრა, როდესაც პიროვნების სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება, ან პიროვნება ტერორიზმის ან წამების მსხვერპლია. ასეთი გამოცდილების ადამიანი ამჟღავნებს უნდობლობას, მტრულ დამოკიდებულებას, ადვილად ღიზიანდება, სოციალურად იზოლირებულია, აქვს სიცარიელის, უიმედობისა და გაუცხოების განცდა. იგი უკიდურეს ზღვრამდეა მისული. ეს ნიშნები არ გვხვდება სტრესულ გამოცდილებამდე. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნების ამგვარი მდგომარეობა შეიძლება მოსდევდეს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას, ის, მაინც, მისგან განსხვავებულ მდგომარეობას წარმოადგენს.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები