პიროვნების ტიპები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროვნების ტიპები - ჩვეულებრივ, კლინიცისტები განსზაღვრავენ პიროვნების ტიპს კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ისეთი ზოგადად აღიარებული რამდენიმე კატეგორიის გამოყენებას, როგორიც არის კომუნიკაბელური და მეგობრული ტიპი და განმარტოების მოყვარული ადამიანი, რომელიც აცნობიერებს და აკონტროლებს თავის ქცევას.

ფსიქოლოგებმა სცადეს უფრო მეცნიერული კატეგორიების შემუშავება პიროვნების გამზომი ტესტების გამოყენებით, რომლებიც ზომავს პიროვნების სხვადასხვა ასპექტებს (თვისებებს). ამ ტესტებით დადგენილი თვისებები დამუშავდა სტატისტიკური მეთოდებით და გამოიყო ურთიერთდაკავშირებული თვისებების ჯგუფები ანუ ფაქტორები. პიროვნული თვისებებია შფოთვიანობა, ენერგიულობა, მოქნილობა, მტრული დამოკიდებულება, იმპულსურობა, გუნებ-განწყობის ცვალებადობა, დისციპლინირებულობა, თვითდაჯერებულობა. სხვადსახვა მკვლევარებმა ამ თვისებებიდან გამომდინარე მოგვცეს პიროვნების სხვადასხვა ტიპის განსაზღვრება. კეტელმა გამოყო ხუთი ფაქტორი (Cattel, 1963), ხოლო აიზენკმა შექმნა სქემა (Eysenck, 1970a), რომელშიც თავიდან შედიოდა ორი განზომილება (ანუ მაღალი რიგის ფაქტორი), რომლებსაც მან ექსტრავერსია-ინტროვერსია და ნევროტიზმი უწოდა. შემდგომში აიზენკმა დაამატა მესამე განზომილება - ფსიქოტიზმი (Eysenck and Eysenck, 1976). ამ ტერმინით ის აღნიშნავდა გარკვეული თვისებების კლასტერს, რომელშიც შედიოდა სიცივე, აგრესიულობა, სისასტიკე და ანტისოციალური ქცევისკენ მიდრეკილება.

ამჟამად ითვლება, რომ პიროვნების აღწერა ხუთი ფაქტორით არის შესაძლებელი. ამ ფაქტორებს სხვადასხვა სახელით აღნიშნავდნენ, მაგრამ მათ, ზოგადად, შეიძლება ეწოდოს ღიაობა გამოცდილების მიმართ (ანუ სიახლის ძიება), კეთილსინდისიერება, ექსტრავერსია-ინტროვერსია, უკონფლიქტო ხასიათი (აფილაცია) და ნევროტიზმი. ამ ფაქტორების ინგლისური სახელწოდებების პირველი ასოებისაგან იქმნება აკრონიმი OCEAN.

უიდიგერმა და კოსტამ (Widiger and Costa, 1994) შემოგვთავაზეს სქემა, რომელშიც ყოველი ფაქტორი შედგენილია ექვს თვისებაზე მინიჭებული ქულებისგან. ამ ფაქტორების გამოსაკვლევი ინსტრუმენტები შემუშავდა პაციენტებისგან და სხვა რესპონდენტებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (Costa and McCrae, 1992), ისევე, როგორც ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს მეშვეობით (Trull and Widiger, 1997). კლონინგერმა (Cloninger, 1986) კოლეგებთან ერთად (Cloninger et al., 1993) შეიმუშავა ალტერნატიული სქემა. ამ სქემაში სამი „ძირითადი ქცევითი დისპოზიცია“ გამოხატულია ოთხი ტემპერამენტით (შვიდფაქტორიანი მოდელი). ეს ქცევითი დისპოზიციებია ქცევის აქტივაცია,

ქცევის ინჰიბიცია და ქცევის შენარჩუნება. კლონინგერის მიხედვით ქცევის აქტივაცია ასოცირებულია სიახლის ძიების ბაზისურ ტემპერამენტთან, ქცევის ინჰიბიცია - ზიანის არიდებასთან, ხოლო ქცევის შენარჩუნება - ჯილდოზე დამოკიდებულებასთან. მეოთხე ბაზისური ტემპერამენტია შეუპოვრობა. ითვლება, რომ სიახლის ძიება დაკავშირებულია დოფამინერგულ ფუნქციასთან, ხოლო ზიანის არიდება - სეროტონინერგულ ფუნქციასთან. კლონინგერის სქემა ხასიათის სამ თვისებას შეიცავს. ესენია მიზანმიმართულება, თანამშრომლობა და ტრანსცენდენტურობა. ითვლება, რომ ხასიათის ეს თვისებები უფრო მეტად მომდინარეობს ბავშვობისა და მოზარდობის დროინდელი გამოცდილებიდან და არა ბიოლოგიურად განპირობებული ქცევითი ისპოზიციებიდან.

პიროვნებისა და პიროვნული აშლილობის სხვადახვა ტიპები აგებულია ამ ოთხი ძირითადი ტემპერამენტიდან და ხასიათის სამი თვისებიდან. მაგ., სიახლის ძიება შეიძლება გამოვლინდეს ცნობისმოყვარეობით, ენთუზიაზმით, არასტანდარტული ქცევით, ადვილად მობეზრებით. კლონინგერის სქემა იმითაა საინტერსო, რომ პიროვნებისთვის დამახასიათებელი ძირითადი ქცევითი დისპოციზიების იდენტიფიკაციის მცდელობას წარმოადგენს. ეს დისპოზიციები განაპირობებს პიროვნებისთვის სპეციფიკურ დაკვირვებად ქცევას. გარდა ამისა, კლონინგერის სქემა ითვალისწინებს, როგორც მემკვიდრეობითი ფაქტორით განპირობებულ ვარიაციებს თავის ტვინის ფუნქციონირებაში, ისე გამოცდილების ზეგავლენას. ამ შვიდი ფაქტორის შესასწავლად შეიქმნა ტემპერამენტისა და ხასიათის კითხვარი (Temperament and Character Inventory. Brandstrom et al., 2003). რამდეჯერმე სცადეს კითხვარზე მიღებული შედეგების დაკავშირება თავის ტვინის ფუნქციონირების მაჩვენებლებთან, მაგრამ მიღებული შედეგები საბოლოო დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა (Turner et al., 2003).

ამ მეცნიერული შედეგების მიუხედავად, კლინიცისტები განაგრძობენ ყოველდღიური მეტყველებიდან აღებული სიტყვების გამოყენებას ნორმალური პიროვნების დადებითი და უარყოფითი თვისებების აღსაწერად. პოზიტიური თვისებებია: მეგობრულობა, თავდაჯერებულობა, სტაბილურობა, ადაპტირებულობა. უარყოფითი მახასიათებლებია: მორცხვობა, გულჩათხრობილობა, დაურწმუნებლობა, მგრძნობიარობა, ეჭვიანობა, გაღიზიანებულობა, იმპულსურობა, ეგო-ცენტრულობა, სიხისტე და აგრესიულობა. გარდა ამისა, არსეობობს კიდევ ორი ტერმინი: ობსესიური ნიშნები და ისტერიული ნიშნები. ისინი მოიცავენ გარკვეული ნიშნების ერთობლიობას, რომლებიც, ხშირად, ერთდროულად გვხვდება.

სარჩევი

ობსესიური ნიშნები

ობსესიური ნიშნები მოიცავს ისეთ დადებით თვისებებს, როგორიცაა სანდო, შეუპოვარი და სიზუსტის მოყვარული. ასეთი თვისებების მქონე ადამიანები ისახავენ მაღალ სტანდარტებს, იცავენ სოციალურ ნორმებს და კანონმორჩილნი არიან. როდესაც ეს თვისებები უფრო მკაფიოდაა გამოხატული, ისინი ვლინდება ისეთ ნეგატიურ მახასიათებლებში, როგორიცაა სიჯიუტე, უმნიშვნელო დეტალებზე ყურადღების გამახვილება, ფანატიზმი და იუმორის გრძნობის არქონა.

ისტერიული ნიშნები

როდესაც ისტერიული ნიშნები მსუბუქადაა გამოხატული, ისინი სოციალურად მომგებიანია. ასეთი თვისებების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა ცოცხალი და მომხიბლველია; ისინი კარგი მასპინძლები და სტუმრები არიან, წარმატებით თამაშობენ მოყვარულთა თეატრალურ დადგმებში და საჯარო გამოსვლისას შეუძლიათ აუდიტორიის დაინტერესება. მაგრამ, როდესაც ისტერიული ნიშნები უფრო ძლიერად არის გამოხატული, ისინი აშკარად წამგებიანი ხდება. ასეთი თვისებების მქონე ადამიანებს ადვილად ერევათ ცრემლი და ახდენენ სიტუაციების დრამატიზაციას. ისინი, ასევე, დემონსტრატიულად რეაგირებენ ავადმყოფობაზე (წარსულში ამას „ისტერიულ საფარს” უწოდებდნენ), რაც ართულებს მათი განცდების ინტენსივობის შეფასებას. პაციენტის როლში ყოფნისას ისინი შეიძლება მომთხოვნები და კეკლუცები იყვნენ.

პიროვნების ტიპების ბიოლოგიური საფუძვლები

გენეტიკური ზეგავლენა

ყოველდღიური დაკვირვება გვიჩვენებს, რომ შვილები ხშირად პიროვნულად ჰგვანან თავიანთ მშობლებს. ასეთი მსგავესება ან თანდაყოლილია ან დასწავლილი სოციალური ურთიერთობის პროცესში. პიროვნული მახასიათებლების მემკვიდრეობითობის საკითხი სამი ტიპის გამოკვლევების მეშვეობით შეისწავლება.

აღნაგობა და პიროვნება

ზოგი ავტორი მიიჩნევს, რომ პიროვნული მახასიათებლები სხეულის აღნაგობასთან არის დაკავშირებული. თუ ეს ასეა, ამგვარი კავშირის მიზეზი შეიძლება გენეტიკური იყოს. კრეჩმერმა (Kretschmer, 1936) აღწერა კონსტიტუციის სამი ტიპი: პიკნიკური (დაბალი და მომრგვალებული ფორმების მქონე), ათლეტური და ასთენიური (წვრილი და გამხდარი სხეულის მქონე).

კრეჩმერი თვლიდა, რომ სხეულის პიკნიკური აღნაგობა დაკავშირებულია პიროვნების ციკლოთიმურ ტიპთან (კონტაქტური, ცვალებადი გუნებ-განწყობის მქონე), ხოლო ასთენიური აღნაგობა - „შიზოტიპურ“ ნიშნებთან (ცივი, დისტანციური და თვითკმაყოფილი). კრეჩმერის შეფასებები სუბიექტურ მსჯელობას ემყარებოდა. შელდონმა (Sheldon et al., 1940) გაიმეორა კრეჩმერის გამოკვლევები, მაგრამ გამოიყენა რაოდენობივი მეთოდები ფიზიკური მახასითებლების შესაფასებლად და უფრო ობიექტურად განსაზღვრა პიროვნული მახასიათებლები. მისმა შედეგებმა არ დაადასტურა არც ერთი მარტივი კორელაცია სხეულის აღნაგობასა და პიროვნების ტიპს შორის (Sheldon et al., 1940).

ბავშვობისდროინდელი გამოცდილება და პიროვნების განვითარება

ყოველდღიური გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვობისდროინდელი გამოცდილება აყალიბებს პიროვნებას. თუმცა, ადვილი არ არის ამ მოსაზრების დამადასტურებული ობიექტური მტკიცებულების შემოწმება. შესაბამისი გამოცდილების რაოდენობრივი გამოხატვა და სანდოდ აღრიცხვა საკმაოდ ძნელია. გარდა ამისა, ძნელია ისეთი პროსპექტული გამოკვლევის დაგეგმვა, რომელიც დაფარავს ხანგრძლივ ინტერვალს ბავშვობისდროინდელ მოვლენებსა და ზრდასრულობის პერიოდს შორის. რეტროსპექტული კვლევა უფრო ადვილი ჩასატარებელია, მაგრამ მოზრდილი ადამიანების მიერ ბავშვობისდროინდელი გამოცდილების გახსენებით მიღებული ინფორმაცია არასანდოა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს მონაცემები ამსაკითხის თაობაზე (იხ. პიროვნული აშლილობის ეტიოლოგია). ქვევით განხილულია ფროიდის ფსიქოდინამიკური თეორია და სხვა ავტორების მოსაზრებები.

ფროიდის თეორია

პიროვნების განვითარების ფროიდისეული სქემის მიხედვით სიცოცხლის პირველი ხუთი წელი ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონეა. იმისთვის, რომ პიროვნული განვითარება ნორმალურად მიმდინარეობდეს, ადამიანმა წარმატებით უნდა გაიაროს ლიბიდოს განვითარების ძირითადი სტადიები (ორალური, ანალური და გენიტალიური). თუ მან მარცხი განიცადა რომლიმე ამ საფეხურზე, ის, ზრდასრულ ასაკში, გარკვეული თვისებების მატარებელი იქნება. მაგ., ანალურ სტადიაზე სირთულეების აღმოცენება განაპირობებს ობსესიური პიროვნული ნიშნების ჩამოყალიბებას. ამ სქემის მიხედვით, მოგვიანებით ასაკში, შესაძლებელია, მშობლების გარდა სხვა ადამიანებთან იდენტიფიკაციის გზით პიროვნებამ გარკვეული მოდიფიცირება განიცადოს. თუმცა ითვლება, რომ შემდგომი გავლენა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ადრეული გამოცდილება. ფროიდის სქემა მრავალმხრივი და მოქნილია. მისი საშუალებით, ადრეული გამოცდილების საფუძველზე, პიროვნების ბევრი თვისების ახსნაა შესაძლებელი. თუმცა, სწორედ ამის გამო, თეორიის კომპლექსურობიდან გამომდინარე, რთულია მისი მეცნიერული დასაბუთება.

იუნგის თეორია

პიროვნების განვითარების თეორია ფროიდის თეორიის მსგავსია იმ აზრით, რომ ისიც აღიარებს ცხოვრების ადრეულ პერიოდში მომხდარი ფსიქიკური მოვლენების მნიშვნელობას. თუმცა, ფროიდისგან განსხვავებით, იუნგი თვლიდა, რომ პიროვნების განვითარების პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ცხოვრების ციკლის პირველ ეტაპს იუნგი „საკუთარი მოვალეობების შესრულებად” განიხილავდა და ამ ტერმინს იყენებდა ისეთი მოვლენების მიმართ, როგორიცაა მშობლების ოჯახიდან წამოსვლა, მეუღლის პოვნა და საკუთარი ოჯახის შექმნა. იუნგის მოდელი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ყურადღებას ამახვილებს პიროვნული თვისებების ცვლილებებზე მთელი ცხოვრების მანძილზე. თუმცა, იუნგის მოდელი არასოდეს ყოფილა ისეთივე გავლენიანი, როგორც ფროიდის თეორია. გარდა ამისა, მისი მეცნიერული შემოწმება, ასევე, ძალიან რთულია.

ადლერი და ნეოფროიდიანელები

ადლერი და ნეოფროიდიანელები. ადლერმა უარყო ფროიდის იდეები ლიბიდოს განვითარების შესახებ. მისი კონცეფციის მიხედვით პიროვნება ვითარდება მუდმივი ძალისხმევის პროცესში, რომელიც არასრულფასოვნების განცდის კომპენსაციაზეა მიმართული. ნეოფროიდიანელების თანახმად (ფრომი, ჰორნი და სალივანი) განვითარების პროცესზე უფრო მეტად სოციალური ფაქტორები ზემოქმედებს, ვიდრე ფროიდის მოდელის ბიოლოგიურად დეტერმინირებული სტადიები. ამ საერთო პოზიციის მიუხედავად, მოცემული ავტორები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან სოციალური ფაქტორების დეტალების განსაზღვრის თვალსაზრისით. მათი კონკრეტული თეორიული დებულებები არ იქნა ფართოდ მიღებული, მაგრამ იდეა სოციალური ფაქტორების მნიშვნელობის შესახებ, გავლენიანი გამოდგა.

ერიკსონის თეორია

ერიკსონის თეორია თავისი არსით ფროიდის თეორიის მსგავსია, თუმცა ის განსხვავებულ ტერმინებს იყენებს. ერიკსონი ორალურ ფაზას უწოდებდა ნდობა-უნდობლობის ფაზას (იმის აღსანიშნად, რომ ამ პერიოდში უსაფრთხოების გრძნობა ყალიბდება), ანალურ ფაზას ავტონომიურობა-ეჭვის ფაზას (ამ დროს ბავშვი დაისწავლის საზოგადოების წესებს, საკუთარი თავის მართვას და იძენს საკუთარ თავში დარწმუნებულობას), ხოლო გენიტალიურ სტადიას უწოდებდა ინიციატივა-დანაშაულის განცდის ფაზას, როდესაც ბავშვს უყალიბდება წარმოდგენა საკუთარი თავის, როგორც პიროვნების შესახებ. თუ ბავშვი წარმატებით გაივლის ამ საფეხურებს, ის საკუთარ თავში დარწმუნებული და ინიციატივიანი ხდება. საწინააღმდეგო შემთხვევაში ის შებოჭილ და დაუცველ პიროვნებად ყალიბდება. ერიკსონმა ფროიდისგან ისესხა ლატენტური პერიოდის ცნება, მაგრამ, მისი აზრით, ეს პერიოდი მოზარდობის ხანაზეც ვრცელდება. ამ უკანასკნელ სტადიას მან გულმოდგინება-არასრულფასოვნება უწოდა. ამ ეტაპზე ბავშვი სწავლობს სკოლასა და ოჯახს გარეთ მიმდინარე სოციალურ ურთიერთობებში საკუთარი მიღწევების მნიშვნელობას. ერიკსონის სქემამ ზეგავლენა მოახდინა მოზარდობის ხანის შესწავლაზე, ალბათ, ძირითადად იმის გამო, რომ ერიკსონი ცხოვრების ამ პერიოდს მნიშვნელობას ანიჭებდა იმ დროს, როდესაც ფროიდი ამ პერიოდს ნაკლებ მნიშვნელოვნად თვლიდა.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები