პირამუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირამუსი – მდინარის მცირეაზიული ღვთაება. პირამუსისა და მდინარეული ნიმფა თისბეს სიყვარულის ისტორიის უძველესი ვერსია ასეთი იყო: ერთმანეთის ახლოს მდებარე ორ მდინარეს ძლიერ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ისინი მიედინებოდნენ და მათი შერთვა შეუძლებელი იყო.

ეს მითოსი, სხვა პოეტური შინაარსით, წარმოდგენილია ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“. პოეტმა რომანტიული ეფექტის გასაძლიერებლად მოქმედება გადაიტანა უძველეს ბაბილონში: აღმოსავლეთის ქალწულთა შორის უმშვენიერეს თისბესა და უწარმტაცეს ჭაბუკ პირამუსს მეზობლად ედგათ სახლები. მეზობლობისას შეამჩნიეს ერთმანეთი და შეიყვარეს. როდესაც ქორწინების სურვილი გამოთქვეს, მამებმა არ ისურვეს მათი შეუღლება. მეზობლებს საერთო კედელი ჰყოფდათ. შეყვარებულებმა აღმოაჩინეს ბზარი, რომელიც აგებისთანავე გასჩენოდა ამ კედელს, მაგრამ წლების მანძილზე არავის შეუმჩნევია. ჰოდა, ამ ბზართან საუბრობდა ქალ-ვაჟი ხშირად. მიმწუხრებისას, როცა ერთმანეთს ეთხოვებოდნენ, კედელს ჰკოცნიდნენ, შინ წასულნი კი მოუთმენლად ელოდნენ გათენებას, რათა იმ ბზართან კვლავ ესაუბრათ. ერთხელაც ქალაქგარეთ გაპარვა განიზრახეს. ხოლო გზა რომ არ აბნეოდათ ფართო მინდვრებში, ნაცნობ სამაროვანთან, თუთის ხის ჩრდილში დათქვეს შეხვედრა. თეთრად ქათქათებდა თუთა. პირველად თისბე მივიდა დათქმულ ადგილას და პირამუსის მოლოდინში ჩამოჯდა იქვე, ხის ძირას, სადაც ანკარა წყარო მიედინებოდა. მოულოდნელად საიდანღაც გამოჩნდა დაბდღვნილი ძროხის სისხლით პირზე დუჟმორეული ძუ ლომი და წყაროს წყალს დაეწაფა. შეშინდა თისბე და გაიქცა. მანდილი მოსძვრა, იქვე დატოვა და მღვიმეს შეაფარა თავი. როდესაც ლომმა წყურვილი დაიცხრო, უკან გამობრუნდა, შემთხვევით მანდილს წააწყდა და დასისხლიანებული ხახით გაგლიჯა.

მალე პირამუსიც გამოჩნდა. მხეცის ნაკვალევს რომ ჰკიდა თვალი, ფერი ეცვალა. ხოლო როდესაც სისხლში მოთხვრილ მანდილს წააწყდა, იცნო, აიღო და თუთის ხის ძირას ჩამოჯდა გაოგნებული, დაიტირა თისბე და თავისივე მახვილს წამოეგო. იარიდან იფეთქა სისხლმა, თუთა გაშავდა.

შეშინებულმა თისბემ მღვიმე დატოვა და დათქმული ადგილისაკენ ისწრაფა. ეუცნაურა ხე, ნაყოფის ფერმა გააოცა, ხოლო როდესაც თვალი მოჰკრა საყვარელ ჭაბუკს, სისხლში რომ იწვა, ზედ დაეკონა. სიკვდილისაგან დამძიმებული ქუთუთო გახსნა პირამუსმა, მზერა მოავლო მოტირალ ქალწულს და მერე ისევ სამუდამოდ დახუჭა თვალი. თისბემ მანდილი დაინახა, ყველაფერს მიხვდა. არ უფიქრია ბევრი, მახვილს დასწვდა და სატრფოს გვერდით დალია სული. პოეტი ოვიდიუსი ასე ამთავრებს თავის თხრობას:

„შავად მწიფდება ხის ნაყოფი იმიერიდან
და ერთ ურნაში განისვენებს სხეულთა ფერფლი“.

პირამუსისა და თისბეს მითოსის ამ ვერსიამ დიდი დაინტერესება გამოიწვია გვიანი ხანის ლიტერატურულ წრეებშიც. დიდებულად აამეტყველა იგი შექსპირმა ჯერ „ზაფხულის ღამის სიზმარში“, ხოლო შემდეგ „რომეო და ჯულიეტაში“.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები