პერცეფციული ბაზისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პერცეფციული ბაზისი – ენობრივ (კერძოდ, ფონეტიკურ) საშუალებათა სისტემა, რომელიც სამეტყველო გამონათქვამის აღსაქმელად, გასაგონად გამოიყენება. ენის პერცეფციული ბაზისი, როგორც სმენით საშუალებათა სისტემა, ენის ბგერითი წყობის ერთ-ერთი ფორმაა. პერცეფციული ბაზისი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ამა თუ იმ ენობრივი კოლექტივის წევრთა მეხსიერებაში მოცემულ ფონეტიკური (სამეტყველო ნაკადის სეგმენტურ და ზესეგმენტურ) ერთეულთა ეტალონები და მათთან შედარების წესები. ფონეტიკურად განსხვავებული ენები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან პერცეფციული ბაზისის როგორც ეტალონებით, ისე ამ ეტალონებთან შედარების წესებით. გამონათქვამის გაგონება შეიძლება განვიხილოთ როგორც პერცეფციული ბაზისის ეტალონებთან გატოლების, იდენ- ტიფიკაციის თანმხლები პროცესი.

ენის პერცეფციული ბაზისი რეალურად ცალკეული ინდივიდის პერცეფციული ბაზისის სახითაა მოცემული. ენობრივი კოლექტივის (ენის, კილოს, კილოკავის) პერცეფციული ბაზისი შეიძლება გავიგოთ როგორც ის სერთო, რაც ახასიათებს მოცემული ენობრივი კოლექტივის წარმომადგენელთა პერცეფციული ბაზისებს.

ენის პერცეფციული ბაზისი ხასიათდება ზონისებრი ბუნებით, რაც გულისხმობს ეტალონთა იმ თვისებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, აღვწეროთ ისინი გარკვეული ზონის სახით და მივუთითოთ ამ ზონის საზღვრებზე. სახელდობრ, თუ აღსაქმელი ბგერითი რეალიზაციის კორელატს სმენით ანალიზატორში წერტილის სახით წარმოვიდგენთ, მაშინ შესაბამისი ფონეტიკური ერთეულის ეტალონი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ამგვარი წერტილებისაგან შემდგარი ზონა. ამ ზონას ქმნის ის წერტილები, რომელთა შესატყვისი ბგერითი რეალიზაციები მსმენელისათვის იდენტურია, ე. ი. სხვაობის მიუხედავად, გრძლივობაში, ტონის სიმაღლეში და ა. შ. მათი აღქმა ხდება როგორც ერთი და იმავე ბგერისა (მაგ., თავკიდურ ხმოვანთა იდენტურობა სიტყვებში „ასი“ და „ასული”). ამგვარად, ეტალონის ზონაში ექცევა ის წერტილები, რომელთა ფიზიკური კორელატებიც მსმენელისათვის ერთ კლასს, ერთ კატეგორიას ქმნის (რაც შეპირობებულია აღქმის ერთ-ერთი ნიშნით – მისი კატეგორიულობით). ასეთ ზონას ეტალონის იდენტურობის ზონას ვუწოდებთ. მასთან ერთად, საჭიროა გამოიყოს მსგავსების ზონაც, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება მას. ამ ზონაში მოხვდება ის წერტილები, რომელთა ფიზიკურ კორელატებს მსმენელი აღიქვამს როგორც იდენტურობის ზონის წერტილთა ფიზიკური კორელატების მსგავსებს. მაგ., ინგლისურის არმცოდნე ქართველი ხმოვანს სიტყვაში back აღიქვამს როგორც ბგერას, რომელიც ერთდროულად და ა ბგერებს ჰგავს.

ზ. ჯაფარიძე


ლიტერატურა

  • ჯაფარიძე ზ. პერცეფციული ფონეტიკის ძირითადი საკითხები, თბ., 1975.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები