თვალჭრელიძე პარმენ
თვალჭრელიძე პარმენ ივანეს ძე (? - 31.VIII.1919, ქუთაისი) - ქართული ენის მასწავლებელი ქუთაისის I კლასიკურ გიმნაზიაში.
არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, მაგრამ, თანამედროვეთა გადმოცემით, იყო კარგი პედაგოგი, სპეციალისტი და უფლებრივად გაუთანაბრეს უმაღლეს დამთავრებულ მასწავლებლებს. მუშაობდა მასწავლებლად ბეშნაგირის ერთკლასიან სასწავლებელში 1888-1889 წლებში; 1908 წლიდან დროებით დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ დაამტკიცეს შტატის მასწავლებლად ამავე საგანში (1918). მინიჭებული ჰქონდა სამოქალაქო და სამრევლო მასწავლებლობის წოდება; 1911 წლიდან ქართული ენის მასწავლებლის წოდება.
1918 წლის დეკემბერში განათლების სამინისტროში გაგზავნილ დეპეშაში პ. თვალჭრელიძე სომხეთთან დაწყებულ ომში წასვლის უფლებას ითხოვდა: „გულს ვეღარ ვიკავებ, ჯარში ვეწერები, საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვთ, გთხოვთ შეეკითხოთ მინისტრის ამხანაგს“.
დეპეშაზე ასეთი პასუხი მიიღო:
„ახალგაზრდობას, რომელიც სასწავლებელში სწავლობს, ისევე ჭირდება ხელმძღვანელნი, როგორც სამშობლოს დღეს მეომარნი. ვფიქრობ, ბ-ნი თვალჭრელიძე უნდა დარჩეს სასწავლებელში“. (დოდო ჭუმბურიძე)
პარმენ ცახელმა პირველი ლექსი დაწერა 19 წლის ასაკში. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც და თარგმნა კრილოვის იგავ-არაკები. გამოცემულია მისი წიგნები: „ზარნაშო” (1892), „გურგენ რაინდი” (1893), „უკვდავი სარდალი” (1896), რჩეული ლექსები (1896), „ლექსები და პოემები” (1948), საბავშვო ლექსები, იგავ-არაკები და პოემები (1950), „ყვავილთა სიმღერა” (1977).
სამწუხაროდ, პ. თვალჭრელიძე ბოროტმოქმედების ხელით იქნა მოკლული.
ლიტერატურა
სცსა, ფ. 1935, აღწ. 2, საქ. 468.
წყარო
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
- ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)